დაუჯგუფებელი

პრეზიდენტი დუდა: ‘მხარს ვუჭერ საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებას ნატოში’

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, რომელიც 29-31 მაისს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით სტუმრობდა საქართველოს, განაცხადა თავის ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, რომ იგი მხარს უჭერს „საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებას ნატოში“.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლიერება გამოხატა პრეზიდენტ დუდას მიმართ პოლონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო და ხაზი გაუსვა, რომ პოლონეთის სახით საქართველოს ჰყავს „ძლიერი მხარდამჭერი და ალიანსში აქვს ძლიერი ქვეყნის პრინციპული ხმა“.

„ჩვენ ყველგან ვგრძნობთ, რომ ბატონი პრეზიდენტი და პოლონეთი ტრადიციულად ძლიერი მხარდამჭერია იმ სულისკვეთების, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ სიტყვა თვისუფლებისმოყვარე ერების მხარდაჭერა“, – განაცხადა მან. „ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის, ასევე განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას“.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ნატოს მომავალ სამიტზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო, მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყნების წყალობით, ძლიერია ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მხარდაჭერა და მოვახდინოთ მისი კონსოლიდაცია“.

„საქართველომ ნატოს მომავალი სამიტისთვის მზადება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სანამ ეს სამიტი ჩატარდებოდა. ამ თვალსაზრისით, მე უშუალოდ მქონდა კონტაქტები ლიტვის, ლატვიის პრეზიდენტებთან, სლოვაკეთის პრეზიდენტთან, დღეს ბუნებრივია, ამის შესაძლებლობა მომეცა პოლონეთის პრეზიდენტთან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„შევეცდებით, გავაერთიანოთ ის სულისკვეთება, ის მესიჯები, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგ სამიტზე. ჩვენ გვყავს სერიოზული მხარდამჭერები ნატოსა და ევროკავშირში, რომლებსაც ესმით, რომ თუ ამ გამოწვევებს არ გაეცა ნათელი პასუხი სწორედ საქართველოს მაგალითზე, ეს გამოწვევები შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული იყოს მომავალში, თვითონ ევროკავშირისთვის და ნატოსთვის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა დუდამ კიდევ ერთხელ გაიმეორა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და დასძინა, რომ საქართველომ, როგორც ნატოს სანდო პარტნიორმა, აჩვენა, რომ ის იმსახურებს ალიანსის წევრობას, ვინაიდან ის როგორც ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო იქცევა.

„საქართველოს ნატოში მომავალი წევრობის პრობლემა რთულია პოლიტიკურად, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ის შევა ნატოში და ალიანსის სრულუფლებიანი წევრი გახდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა დუდამ.

თავის განცხადებაში პრეზიდენტმა დუდამ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამჟამად ისინი „საუკეთესო არ არის“. „ორივე ქვეყნის პოტენციალი ძალიან დიდია, თუმცა სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ ზომიერი“, – განაცხადა მან და საქართველოში პოლონეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოს ოფისის ჩამოყალიბების, ასევე ერთობლივი ბიზნეს ფორუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

დეკლარაცია თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ

შეხვედრის ფარგლებში ორმა პრეზიდენტმა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 25 წლისთავის აღსანიშნავად ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დეკლარაცია ხაზს უსვამს ვარშავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს დოკუმენტში, რომ ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის „არ წარმოადგენს ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის საბოლოო მიზანს“. აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში პოლონეთის რესპუბლიკის განსაკუთრებული წვლილისა და როლის გათვალისწინებით, ჩვენ კვლავ ერთგული ვრჩებით სრულყოფილად შევისწავლოთ ამ ინიციატივის პოტენციალი და უზრუნველვყოთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი პროგრესული განვითარება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის  სამიტის მნიშვნელობა. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამიტმა უნდა უზრუნველყოს „პრაქტიკული შედეგები, ევროპული შეთავაზება და სამომავლო ხედვა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს დაახლოების კუთხით, რომელიც დამყარებული იქნება ქვეყნების ინდივიდუალურ მიღწევებსა და ინტერესებზე“.

თბილისში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button