ახალი ამბები

‘ეკონომიკური თავისუფლების შესახებ’ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონის პროექტი პირველი მოსმენით 17 ივნისს მიიღო, დეკემბერში დამტკიცებული იმ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, რომელიც გადასახადების რეფერენდუმის მეშვეობით გაზრდას უკავშირდება.

კანონპროექტის თანახმად, აქციზის გარდა, საერთო–სახელმწიფოებრივი გადასახადების ზედა ზღვრის გაზრდა ან ახალი სახეობის შემოღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

თუმცა, კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობას უფლება ექნება მოითხოვოს გადასახადების „დროებითი გაზრდა“ არაუმეტეს 3 წლის ვადით ამ გადაწყვეტილების რეფერენდუმზე გატანის გარეშე.

იმავდროულად,  კანონპროექტი ადგენს მაკროეკონომიკური პარამეტრების შემდეგ მაქსიმალურ ზღვრებს: სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) უნდა იყოს არაუმეტეს 60%; კონსოლიდირებული ბიუჯეტის შეფარდება მშპ-სთან – არაუმეტეს 30%; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-სთან კი არაუმეტეს 3%.

თუ ეს ორი უკანასკნელი პარამეტრი არ იქნება შესაბამისობაში პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტთან, ასეთ შემთხვევაში მთავრობამ მომდევნო ორი წლის ისეთი საბიუჯეტო პარამეტრები უნდა წარუდგინოს დეპუტატებს დასამტკიცებლად, რომლებიც დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას მოიცავს, ნათქვამია კანონპროექტში.

კანონპროექტი ასევე მოიცავს ბიუჯეტის პროგრამული დაგეგმარების, მისი უნივერსალურობის და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლების ზოგად პრინციპებს.

თუმცა მასში არ არის ასახული ზოგიერთი ის დებულება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ინიციატივით გამოსვლისას 2009 წლის ოქტომბერში გაახმოვანა. მათ შორის კანონპროექტი აღარ ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას ნებართვებისა და ლიცენზიების; ასევე მარეგულირებელი ორგანოების ოდენობის ზრდაზე.

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მსგავსად, 2013 წლის ბოლოდან ამოქმედდება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button