skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს და მაიკ პენსს შეხვდა


მაიკ პენსი, გიორგი კვირიკაშვილი და დონალდ ტრამპი თეთრი სახლი, ოვალური ოფისი;8 მაისი, 2017. ფოტო: თეთრი სახლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს, 8 მაისს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.

ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი პირველი იყო, რომელიც პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერებმა „დაადასტურეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიძლიერე, რომელიც 25 წლის მანძილზე სულ უფრო ძლიერდება და ხაზი გაუსვეს გლობალური უსაფრთხოების საქმეში საქართველოს სერიოზული წვლილის მნიშვნელობას“. 

„კერძოდ, ვიცე-პრეზიდენტმა დიდი მადლიერება გამოხატა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ქართველმა ხალხმა გაიღო 31 სამხედროს სახით, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ავღანეთში ნატოს ძალებთან ერთად ბრძოლაში“, – განაცხადა თეთრმა სახლმა.

ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეაქო პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გამო და აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა „საქართველოს გადაწყვეტილების მიმართ, რომ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, მათ შორის ნატოში ინტეგრაცია განახორციელოს“. „ლიდერებმა პირობა დადეს, რომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაფართოების გზებს შეისწავლიან“, – იტყობინება თეთრი სახლი. 

მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრს ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრანპთან ოვალურ კაბინეტში. „პატივი მერგო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი კვირიკაშვილისთვის მემასპინძლა თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად“, – დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსხურის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველო ამერიკისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა აკავშირებს“.

„მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოხატა ამერიკის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია პრესრელიზში. შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილი დონალდ ტრამპი საქართველოში მოიწვია.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან. გარკვეულწილად, ჩვენ შევაჯამეთ გასული 25 წლის ურთიერთობები და ვისაუბრეთ მომავალ 25 წელზე. მივიღეთ ძალიან მყარი გარანტიები აშშ-სგან ყველა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების შესახებ. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ჩვენ გვქონდა საუბარი ურთიერთობებზე ყველა მიმართულებით: თავდაცვის, უსაფრთხოების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, – განუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ.

„აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ასევე მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის თაობაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში ეს შეხვედრები არის უმნიშვნელოვანესი საქართველოს მომავალი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. აშშ-ი, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და ეს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდება მომავალში“, – დასძინა მან.

8 მაისს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა აშშ-ს სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ ჯონ მაკკეინთან, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ რონ ჯონსონთან, სენატორებთან კრის მერფისთან და ჯინ შაჰინთან. ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი ასევე შეხვდება სახელმწიფო მდივანს, რექს ტილერსონს და წამყვანი საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 10 მაისს დასრულდება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თედო ჯაფარიძე.

 

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button