ახალი ამბები

საქართველო დემოკრატიის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა 20 აპრილს გამოაქვეყნა მეოთხე ყოველწლიური ანგარიში სახელწოდებით „პოპულიზმი – რამდენად ძლიერია ევროპაში ძალაუფლების გადანაწილების სისტემა?“, რომელიც ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, ანგარიში საქართველოში სასამართლო სისტემის, მედია პლურალიზმის, შეკრების თავისუფლების, არჩევნების, სოციალური უფლებების და კარგი მმართველობის კუთხით არსებულ ვითარებასაც განიხილავს.

რაც შეეხება ევროპის მასშტაბით სასამართლო სისტემისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფას, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო იმ ექვს ქვეყანას შორისაა, რომელთაც ყველაზე ცოტა – 20 ევროზე ნაკლები დახარჯეს ერთ სულ მოსახლეზე.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიღების მიუხედავად, რომელიც „მოუწოდებს ყველა პასუხისმგებლიან ხელისუფლებას“ განაგრძოს „სახელმწიფო და კერძო მედიის დამოუკიდებლობის და მრავალფეროვნების გაძლიერება“, გენერალური მდივნის თქმით, „გამოითქვა წუხილები მედია საკუთრების წარსულ და მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს მედია პლურალიზმსა და მრავალფეროვნებაზე“ საქართველოში.

„ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანიის მფლობელობის შეცვლის მცდელობამ ბევრი საერთაშორისო წარმომადგენლის და ასევე სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია“, – ნათქვამია ანგარიშში, სავარაუდოდ, „რუსთავი 2“ საქმესთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დროებით შეჩერებისკენ უბიძგა.

შეკრების თავისუფლების თაობაზე გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „შეშფოთებას ასევე იწვევს“ ქართული კანონმდებლობა, რომელიც „სპონტანურ“ შეკრებებს კრძალავს. ამ კუთხით, ანგარიში იხსენებს 2012 წლის მაისის დემონსტრაციას ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, რომელთან დაკავშირებითაც „სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჰომოფობიური და ძალადობრივი კონტრდემონსტრანტების სათანადოდ შეკავება“.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ კვლავაც არსებობს უთანასწორობა იმ გარკვეული ჯგუფების პოლიტიკურ წარმომადგენლობაში, როგორებიც არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, უმცირესობები, იძულებით გადაადგილებული პირები და ახალგაზრდები, ასევე უთანასწორობა კაცებსა და ქალებს შორის.

„პროგრესი თანდათან შესამჩნევი ხდება, მათ შორის, ქონების დეკლარაციების თანდათან გაუმჯობესების, ელექტრონული დეკლარირების სისტემის დანერგვის, მათი მასშტაბის და უფრო სიღრმისეული მონიტორინგის გათვალისწინებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ასევე მიესალმება „დასაქმების სფეროში ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობის მიღებას“.

მსგავსი/Related

Back to top button