ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსნებით მიმართა


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მეოთხე ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა. ქუთაისი, 7 აპრილი, 2017. Photo: Presidential Administration

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 7 აპრილს ქუთაისში საქართველოს პარლამენტში მეოთხე ყოველწლიური მოხსენებით გამოვიდა. 

პრეზიდენტის მოხსენებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის ზოგიერთი წევრი, ასევე უზენაესი სასამართლოს და საკონსტიტუტიო სასამართლოს თავმჯდომარეები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლები და თბილისში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ. 

მარგველაშვილმა თავისი 29-წუთიანი გამოსვლა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს არჩევნების შემდგომ საქმიანობაზე საუბრით დაიწყო, რომელმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნამ „ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხე“ გააჩინა, მაგრამ ამავდროულად გაჩნდა „თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებიც“. 

არჩევნებიდან ხუთ თვეში, განაგრძო პრეზიდენტმა, „სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი“. „სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე“, – განაცხადა მან.
 
თუმცა, პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატების გამართვა „მისასალმებელია“. 

მან აღნიშნა, რომ „ყველა ამომრჩევლის“ პრეზიდენტია და ამავეს ელის მინისტრებისა და დეპუტატებისგან, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა. „მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა“, – განაცხადა მან.

საკონსტიტუციო რეფორმა

მარგველაშვილმა მმართველ პარტიას, რომელთანაც საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარე პროცესზე უთანხმოება აქვს, რადგანა მას პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტების ინსტრუმენტად მიიჩნევს, „დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა.

მისი თქმით, კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მარტის შუა რიცხვებში დაიწყო, მიზანია „ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში“. ის კიდევ უფრო „გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ საზოგადოებას აქვს „ბევრი საინტერესო მოსაზრება“ ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. „ხალხს უნდა მეტი დემოკრატია, თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში იმ სოციალური დაცვის შესაძლებლობების, რომელიც ეხება მათთვის მტკივნეულ საკითხებს“. 

„არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება“, – განაცხადა მარგველაშვილმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის გეგმები პრეზიდენტის არაპირიპირი გზით არჩევის შესახებ.

„პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე“, – დასძინა მან.

ეკონომიკა

ეკონომიკაზე საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება“.

„ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი იცხოვრებს ქუჩაში; ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები; სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება; სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა; სადაც არავის შია და არავის სცივა“, – განაცხადა მან.

მთავარ ეკონომიკურ პრობლემებს შორის მარგველაშვილმა უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა დაასახელა და დასძინა, რომ „ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი დოვლათის ეფექტიანი გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა“.

მან ასევე ისუბრა მეწარმეობის ხელშეწყობაზე, რაც მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლების „ვალდებულება“ უნდა იყოს. „ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა მან.

იმავდროულად, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კონკურენციის როლს ეკონომიკაში, რომელიც „ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა“.

„თვალი გავუსწოროთ ბოლოდროინდელ ტენდენციას,როდესაც მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება, შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ბაზრის კონტროლისკენ მიილტვიან. ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც დასაქმების პრობლემა გადაიჭრება“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა კონკურენციის კანონის „ქმედითი აღსრულებისკენ“ და შრომის უსაფრთხოების „მინიმალური სტანდარტების“ დაწესებისკენ მოუწოდა.

მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა მთავრობის „პოზიტიურ პროექტებზე“, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და ასევე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მომავალში „ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის“.

აქვე პრეზიდენტმა ისაუბრა კაპიტალის ბაზრის განვითარების საჭიროებაზე, რაც „გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად“. „ამასთანავე, საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, ამ სტრატეგიას უფრო ეფექტიანს გახდიდა“, – განაცხადა მან.

საგარეო პოლიტიკა

ევროპული ინტეგრაციის შესახებ საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ნამდვილად წინ გადავდგით ნაბიჯები“, მაგრამ ქვეყანა მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

„საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა“.

„ამიტომ, უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად“, – განაგრძო მარგველაშვილმა. „ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება და რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა“.

მისი თქმით, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება „ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა“.

მარგველაშვილმა ასევე ისაუბრა მეგობარი ქვეყნების მეტ ჩართულობაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში, სადაც საჭიროა „მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატები“.

„დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიურად დაფიქსირება“, – განაცხადა მან.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკაზე საუბრისას, რომელსაც პრეზიდენტმა პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითი უწოდა, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ უნდა შეიქმნას რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „ანტიანექსიური პოლიტიკა და გადაიდგას შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად“.

იმავდროულად, მან განაცხადა, რომ „არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე“.

პრეზიდენტი ასევე მოკლედ შეეხო ნატოს მომავალ სამიტს ბრიუსელში, რომელსაც მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები დაესწრებიან.

„ნატოს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტედ შენარჩუნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება“, – განაგრძო მან. „სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში“.

მარგველაშვილმა მოუწოდა საქართველოს პარტნიორ სახელმწიფოებს, რომ ქვეყნის „ხმა“ იყონ ნატოს მომავალ სამიტზე, ვინაიდან „ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება“.

უსაფრთხოების და თავდაცვის რეფორმები

პრეზიდენტმა „თანამედროვე გამოწვევებთან და საფრთხეებთან“ დასაპირისპირებლად საზოგადოების ერთიანობის და „ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის“ შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარღებულ ძალებს და საზოგადოებას ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ „უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა“.

პრეზიდენტი მიესალმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში შემოთავაზებულ რეფორმებს, რომლის თანახმადაც წვევამდელები სამთვიან საბრძოლო მომზადებას გაივლიან, დანარჩენ ცხრა თვეს კი სამხედრო განწესში იქნებიან. 

თუმცა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და ამიტომ „სხვა სახელმწიფო უწყებებმა, იმ ფუნქციების განსახორციელბლად, რომლებსაც დღეს წვევამდელები ახორციელებენ, უნდა გამონახონ ალტერნატიული რესურსები“. 

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებსაც მიმართა. „ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი, აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა და ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება. დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ქართველები, აფხაზები, ოსები შევძლებთ ვიპოვოთ ეს გამაერთიანებელი, როდესაც დევნილები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

სასამართლო სისტემა

პრეზიდენტის თქმით, საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა „კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია“.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი შემოთავაზება ევროკავშირის ექსპერტების მისიის მოწვევის თაობაზე, რომელიც „სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და დაგვეხმარება გამოსავლის ძიებაში“.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „მთავარი აქტორები“ თავად მოსამართლეები უნდა იყვნენ.

„ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში; ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს თავის თავზე. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობას სრული დუმილით ხვდება“, – დასძინა მან.

მოსმენების შესახებ კანონი

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზადაა საკონსტიტუციო სასამართლოში მხარი დაუჭიროს მოსმენების კანონის წინააღმდეგ ინდივიდუალურ სარჩელებს და „მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით – სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button