ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში 9 აპრილს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ კანდიდატების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს კანდიდატები რეგიონის მოქმედი სეპარატისტული ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, ადგილობრივი პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომელი ალან გაგლოევი არიან.

ამავდროულად, ცნობილი გახდა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც რეგიონის ყოფილ სეპარატისტულ ლიდერს ედუარდ კოკოითის საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა. საარჩევნო კომისიამ კოკოითი პრეზიდენტობის კანდიდატად არ დაარეგისტრირა და ამის მიზეზად არასრულად წარმოდგენილი რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია დაასახელა. გარდა ამისა, კომისიის განცხადებით, კოკოითი არ აკმაყოფილებდა ცხოვრების ცენზს, რადგან არჩევნებამდე ბოლო 5 წლის განმავლობაში სეპარატისტულ რეგიონში მუდმივად არ ცხოვრობდა.

კომისიის გადაწყვეტილება კოკოითიმ სასამართლოში გაასაჩივრა და რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა, რომლებზეც სეპარატისტული რეგიონის მოქმედ ხელისუფლებას „გარე ძალების“ კარნახით მოქმედებაში ადანაშაულებდა. კერძოდ, კოკოითიმ პრეტენზიები გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის ვლადისლავ სურკოვის მიმართ, რომელიც ცხინვალის რეგიონში თებერვლის დასაწყისში იმყოფებოდა და ადგილობრივ ხელმძღვანელობის, პარლამენტის და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

„ჩვენ რუსეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენ პუტინს ვუჭერთ მხარს. და ისეთ არამზადებს, როგორიც სურკოვია, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ შეარცხვინოს პუტინი დონეცკშიც, ლუგანსკშიც და განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთში“, – განუცხადა კოკოითიმ თავის მომხრეებს ერთერთ მიტინგზე.

„ჩვენს სახლში ჩვენ ვართ პატრონები, მაგრამ გამოდის, რომ სურკოვი, ფილატოვი და მათი მსგავსი გოვორუნები (ოლეგ გოვორუნი, რუსეთის პრეზიდენტის ადიმინისტრაციის დსთ-ს ქვეყნებთან, ასევე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელი. გარდა ამისა говорун ითარგმნება, როგორც მოლაყბე) სხვაგვარად ფიქრობენ, რომ ჩვენ აქ მდგმურები ვართ, ხოლო ამ სახლის მეპატრონეები თვითონ არიან, როდესაც ჩამოდიან, გვითითებენ – ეს ადამიანი დაუშვით არჩევნებზე, ეს ადამიანი არ დაუშვათ არჩევნებზე, ეს ადამიანი გაათავისუფლეთ“ – განაცხადა კოკოითიმ ჯერ კიდევ სასამართლოს მიერ მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმამდე.

საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად სეპარატისტულ რეგიონში 9 აპრილს დაგეგმილია ასევე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რომ მას ეწოდოს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“.

თბილისი არ აღიარებს ცხინვალის რეგიონში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს, რომელსაც ფართო გამოხმაურება მოყვა საქართველოში. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანიშნულ რეფერენდუმთან დაკავშირებით განცხადებები გამოაქვეყნეს, რომლებშიც მას „უკანონო“ და „მიუღებელი“ უწოდეს და რუსეთის ფედერაცია რეგიონის სრული ანექსიისთვის ნიადაგის მომზადებაში დაადანაშაულეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button