ახალი ამბები

ხელისუფლება და ოპოზიცია ბათუმის მოვლენებზე ერთმანეთს ადანაშაულებენ


არეულობის შედეგად ბათუმში 7 მანქანა დაიწვა, აქედან 5 პოლიციის კუთვნილი იყო. 12 მარტი, 2017. 

13 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ბათუმის არეულობების რამდენიმე მონაწილეს, რა დროსაც პოლიციის და კერძო პირების მანქანები დაიწვა, დაზიანდა მაღაზიები და ქალაქის ინფრასტრუქტურა, ჯარიმები შეუფარდა.

მოვლენებიდან ოთხი დღის შემდეგ ვრცელდება სპეკულაციები ინციდენტის უფრო ღრმა მიზეზებზე, რამაც ძალადობის ესკალაცია გამოიწვია. მცირე ფაქტობრივი ინფორმაციის არსებობის ფონზე, პოლიტიკურმა პარტიებმა კვლავ თითის გაშვერის პოლიტიკას მიმართეს.

მოულოდნელი ესკალაცია

აქციის მონაწილეები და საზოგადოების ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ 11 მარტს მოვლენების გამწვავება სასტუმრო „ბათუმი პლაზას“ მახლობლად, დაახლოებით, 16:00 საათზე მას შემდეგ დაიწყო რაც საპატრულო პოლიციამ მოქალაქე არასწორი პარკირებისთვის დააჯარიმა.

მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ მან მანქანა აკრძალულ ადგილას აუცილებლობის გამო გააჩერა. მძღოლს რამდენიმე გამვლელი გამოესარჩლა, რასაც პოლიციასთან შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ორი პირი, მამა-შვილი დააკავეს.

სპონტანური აქცია, დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ინციდენტის ადგილის მახლობლად, ჭავჭავაშის გამზირისა და გოგებაშვილის ქუჩის კვეთაზე გაიმართა. რამდენიმე ასეულმა მომიტინგემ ბათუმის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო კვანძია, მოძრაობა გადაკეტა.

მალე მათ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის აქტივისტი შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები იყვნენ, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ჯგუფებიდან, კერძოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.

პარალელური აქცია გაიმართა აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე.

როდესაც პოლიციამ, დაახლოებით 23:00 საათისთვის მოახერხა ჭავჭავაძის გამზირსა და გოგებაშვილის ქუჩაზე მოძრაობის გახსნა, მომიტინგეებმა აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობისკენ გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალური გახდა და ისინი რეგიონის საპატრულო პოლიციის უფროსის კახაბერ ბუხრაძის გადადგომას ითხოვდნენ.

პოლიციის უფროსი კრიტიკის სამიზნე

აქციის მონაწილეები, პოლიციის უფროსს კახაბერ ბუხრაძეს ორ რამეში სდებდნენ ბრალს – ერთი იყო პოლიციის მიერ გადაჭარბებული შეზღუდვები, კერძოდ, საგზაო წესების დარღვევებზე სერიოზული ჯარიმების დაკისრება. ბათუმელების თქმით, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში საპატრულო პოლიცია საკმაოდ მოდუნებული იყო. პოლიციის ახალმა უფროსმა ამ ვითარების გამოსწორება გადაწყვიტა, რამაც ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია. მეორე და უფრო სერიოზული ბრალდება, რამაც რადიკალური მომიტინგეები წააქეზა, იყო ის, რომ ბუხრაძემ, რომელიც აჭარის მკვიდრი არ არის, თითქოსდა ადგილობრივებს „თათრები“ უწოდა.

ამგვარი ვერსიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გამავრცელებელი მერაბ ღოღობერიძე იყო, რომელიც საკუთარ თავს სამოქალაქო აქტივისტს უწოდებს, თუმცა აქამდე რამდენჯერმე იყო შემჩნეული ძალადოვრივ თავდასხმებში, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის და საკონსტიტუტიო სასამართლოს თავმჯდომარის წინააღმდეგ; ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, კერძოდ კი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ღოღობერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის განყოფილებასთანაა ასოცირებული.

ბათუმის არეულობებამდე სამი დღით ადრე, ღოღობერიძემ აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ მცირემასშტაბიანი აქცია გამართა. Facebook-ზე გავრცელებულ სტატუსებში ღოღობერიძე ბათუმის პოლიციის უფროსს ანტი-აჭარულ განცხადებებში ადანაშაულებდა. 12 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას ღოღობერიძემ განაცხადა, რომ პირადად მას არასდროს გაუგია ბუხრაძისგან ასეთი სიტყვები და რომ ის ბათუმის მცხოვრებლების ინფორმაციას ეყრდნობა.

სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავეს აქტივისტებმა პოლიტიკური სპექტრის მეორე მხრიდან. ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულმა თავისუფალი ზონის წევრმა ირაკლი ჩხვირკიამ არეულობის ღამეს მედიასთან მომიტინგეების სახელით ისაუბრა და ბათუმის პოლიციის უფროსის გადადგომა და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვა. 13 მარტს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ჩხვირკია დამოუკიდებლად მოქმედებდა და ის პარტიის რიგებიდან გაათავისუფლა, ვინაიდან მისი ქმედებები პარტიის პოზიციას ეწინააღმდეგებოდა.

მასობრივი არეულობა

დაძაბულობამ ბათუმის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ პიკს მიაღწია. ძალადობრივი ქმედებები დაახლოებით შუაღამისას დაიწყო. შედეგად პროცესში სპეცრაზმი ჩაერთო, რომელმაც მომიტინგეები ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების მეშვეობით დაშალა. ამან ზოგიერთი მომიტინგის მხრიდან აგრესია გამოიწვია, რომელებმაც პოლიციას ქვები დაუშინეს და ახლომდებარე საპატრულო და კერძო პირების მანქანები დაწვეს.

პოლიციამ შენობისკენ დაიხია. უკონტროლო არეულობა ექვსი საათის განმავლობაში, ძირითადად, პოლიციის შენობის მიმდებარედ გრძელდებოდა და 12 მარტს გამთენიისას, მას შემდეგ დასრულდა, რაც დარჩენილი მომიტინგეენის დასაშლელად სპეცრაზმის დამატებითი დანაყოფები ჩაერთო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, 65 მომიტინგე დააკავეს.

დაბნეულობა დედაქალაქში და ერთმანეთზე გადაბრალება

ბათუმში მიმდინარე მოვლენები ნაციონალურმა ტელევიზიებმა პირდაპირ ეთერში გააშუქეს.

ნაციონალური მოძრაობის აქცივისტები მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საპროტესტო აქციაში; რამდენიმე ლიდერმა, კერძოდ, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 12 მარტს, არეულობის დაწყებამდე მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი ზურაბ პატარაძე, რომელიც იმ დროს სტამბოლს სტუმრობდა, პირველი ოფიციალური პირი იყო, რომელმაც 01:14 საათზე სატელევიზიო ეთერით მომიტინგეებს მიმართა. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს დაკავებულების გათავისუფლება სთხოვა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განცხადება დაახლოებით 02:25 საათზე გააკეთა და ბათუმის მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოს მთავრობის პირველი წარმომადგენელი იყო, რომელმაც განცხადება 03:35 საათზე გააკეთა.

12 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი განცხადება მიმდინარე მოვლენებზე, დაახლოებით, 05:00 საათზე სპეცრაზმის მიერ ბათუმის ქუჩების მომიტინგეებისგან გაწმენდამდე ერთი საათით ადრე გააკეთა.

მან „დესტრუქციული პოლიტიკური ძალები“ „ვანდალური“ აქტების პროვიცირებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ პოლიციელებმა „მინიმალური“ ძალის გამოყენებით მოახდინეს რეაგირება, რამაც შესაძლო „გართულებები“თავიდან ააცილა. ნაციონალურ მოძრაობაზე მინიშნებით, მან განაცხადა, რომ „აღნიშნული ძალები არ ერიდებიან ქვეყნის სტაბილურობის საძირკველის შერყევასაც კი“.

ნაციონალურმა მოძრაობამ საპასუხო განცხადება 05:30 საათზე გააკეთა და „უკიდურესი შეშფოთება“ გამოხატა ბათუმში მომხდარი ძალადობის გამო, რომელსაც „წინ უძღოდა საქართველოს მოქალაქეების კანონიერი და მშვიდობიანი პროტესტი პოლიციის კონკრეტული თანამშრომლების მიმართ“. პარტიამ დაგმო „უპრეცედენტო დანაშაული – საპატრული პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება“ და მოუწოდა მომიტინგეებს, რომ „არ აყვნენ პროვოკაციებს“. ამასთან ერთად, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ „საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე“ და დასძინა, რომ „ბათუმში შექმნილ დესტაბილიზაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.

პარტიების მიერ თითის გაშვერის პოლიტიკა არეულობის შემდეგაც გაგრძელდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს დევიზით, მე თუ არ ვარ ხელისუფლებაში, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა ქვეყანაში, აბსოლუტურად ბოლომდე უნდა იდენტიფიცირდეს, როგორც დესტრუქციული ძალა, რომელსაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა დამღუპველად მიაჩნია საკუთარი თავისთვის“.

12 მარტს 11:00 საათზე გავრცელებულ განცხადებაში ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ თითი პირდაპირ ნაციონალური მოძრაობისკენ გაიშვირა და განაცხადა, რომ „როგორც არ უნდა ეცადონ საქართველოს მტრები და ნაციონალური მოძრაობის რადიკალურად განწყობილი ლიდერები არეულობის დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში, ეს აღარასდროს მოხდება“.

მმართველმა პარტიამ ხაზი გაუსვა, რომ „კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ყველამ, ვინც ჩართული იყო ამ ძალადობაში. ასევე, უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხიც, ვინც პოლიტიკური მიზნებისთვის სცადა გამოეყენებინა, ორგანიზება გაუწია ან ხელი შეუწყო მიმდინარე მოვლენებს“.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა 12 მარტს ბრიფინგზე საპასუხო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პარტია გმობს ვანდალიზმის ნებისმიერ გამოხატულებას. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც შექმნა საპატრულო პოლიცია და ააშენა ბათუმი, ვერ მიიღებს ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ანადგურებს იმას, რაც თავად შექმნა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ 12 მარტს გავრცელებულ განცხადებაში მთავრობაც და ნაციონალური მოძრაობაც დაადანაშაულა.

„გუშინდელი ძალადობა, ასევე მასზე ხელისუფლების მხრიდან არაადეკვატური პასუხი, ზოგიერთ შემთხვევაში ძალის გაუაზრებელი გამოყენება, ძირითადად, კი სრული უმოქმედობა, არის ივანიშვილის მთავრობის ხუთწლიანი მმართველობის შედეგი“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიცია არ უნდა ეძებდეს არეულობის შექმნის შესაძლებლობებს და არ უნდა იყენებდეს ამ პროცესებს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად“.

მიზეზების ძიებაში

სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, ზოგიერთები შეეცადნენ, რომ ძალადობის მოულოდნელი ესკალაციის უფრო ღრმა მიზეზები მოეძებნათ.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ამგვარი პროტესტი თავისით არ ჩნდება. მისი თქმით, მოსახლეობაში უსამართლობის ძლიერი განცდა დაგროვდა, რამაც შემდეგ მცირე ინციდენტის ფართომასშტაბიან პროტესტში გადაზრდა გამოიწვია.

მკვლევარები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ბათუმი, რომელმაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ტურიზმის ინფრასტრუქტურის განსავითარებლად დიდი ინვესტიციები მოიზიდა, სოციალური უთანასწორობის კერას წარმოადგენს. ბათუმის განვითარებაზე გამოთქმული მადლიერების მიუხედავად, ნაციონალურმა მოძრაობამ 2012 წელს არჩევნები მნიშვნელოვანი სხვაობით წააგო. ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა ასევე აჩვენა, რომ პრორუსული და ანტი-თურქული განწყობები იქ საკმაოდ ძლიერია, სადაც პატრიოტთა ალიანსმა და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილმა დემოკრატიულმა მოძრაობამ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო, საქართველოს სხვა რეგიონში.

შეთქმულების თეორიები

საფუძვლიანი მიზეზების ძიების ნაცვლად წინა პლანზე შეთქმულების თეორიებმა წამოიწია.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი აქცია ძალადობრივში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც „საიდანღაც გაჩნდნენ ხულიგნები და ნიღბიანები“. მისი მინიშნებით, ეს ორგანიზებული ძალა იყო. ნაციონალური მოძრაობა ღოღობერიძის როლზე მიანიშნებს და აცხადებს, რომ მთავრობამ ძალადობის პროვოცირება მოახდინა, რაც მიზნად ოპოზიციის წინააღმდეგ გალაშქრებას ისახავდა „კუდიანების დევნის“ მოტივით.

რესპუბლიკელებმა, მათ შორის დავით ბერძენიშვილმა და ხათუნა სამნიძემ, რომელთაც პირადი კავშირები აქვთ აჭარასთან, განაცხადეს, რომ არეულობა რეგიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურს (სადაც ღოღობერიძე „აგენტ-პროვოკატურად“ მსახურობს) და საპატრულო პოლიციას შორის კონფლიქტმა გამოიწვია.

სამნიძემ საპროტესტო აქციის მობილიზებისას პროვოკაციული იარლიყების, მათ შორის „თათრების“ სახიფათო გამოყენებაზე მიანიშნა და ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოყენებული მეთოდები ასლან აბაშიძის მმართველობის დროს შეადარა. აბაშიძე რეგიონიდან 2004 წელს ნაციონალური მოძრაობის და ადგილობრივი ოპოზიციის, მათ შორის, რესპუბლიკელების ერთიანი ძალისხმევით გააძევეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე განაცხადა, რომ პროტესტს წინ უძღოდა კამათი ადგილობრივ უსაფრთხოების თანამშრომელსა და საპატრულო პოლიციის ოფიცერს შორის. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ 12 მარტს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს პირადი კონფლიქტი აქვს საპატრულო პოლიციის უფროსთან და გადაწყვიტა, რომ ის თავიდან მოიშოროს მისი ქვეშევრდომების, ამ შემთხვევაში, ღოღობერიძის მეშვეობით. მისი თქმით, პროვოკაცია კონტროლიდან გამოვიდა.

13 მარტს ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სამსახურს და საპატრულო პოლიციას შორის კონფლიქტი ერთი თვის წინ დაიწყო, როდესაც უსაფრთხოების თანამშრომელი ამირან ყიფიანი პარკირების წესების დარღვევის გამო დააჯარიმეს და შემდეგ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. ყიფიანის ოჯახმა დაადასტურა, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა უარყო, რომ ამას არეულობასთან რაიმე კავშირი ჰქონდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button