ახალი ამბები

საქართველოს ელჩი აშშ-ის სენატორების წინაშე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიტვის ელჩებთან ერთად 7 მარტს სენატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოვიდა.

მოსმენას თემაზე „რუსეთის პოლიტიკა და მიზნები ცალკეული ევროპული ქვეყნების მიმართ“, რომელსაც სენატორი ლინდსი გრემი უძღვებოდა, ასიგნებების კომიტეტის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების ქვეკომიტეტში გაიმართა.

თავის გამოსვლაში ელჩმა დავით ბაქრაძემ 2008 წელს საქართველოში რუსული ინტერვენციისა და მისი შედეგების შესახებ ისაუბრა.

„მე დღეს თქვენთან ვარ, რათა შეგახსენოთ, რომ უკრაინაში კონფლიქტამდე, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და დღემდე ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. მიუხედავად მიმდინარე რუსული აგრესიისა, შეერთებული შტატების დახმარებით, საქართველომ შესძლო დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერების მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა, და ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზის უფრო მეტად გაკვალვა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„აქ ვარ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ამერიკა საქართველოსა და რეგიონში“, – განაცხადა მან.

საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა რუსეთის უწყვეტ ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რომელიც აქტიური სამხედრო მოქმედებების გარდა, არაკონვენციური ჰიბრიდული სტრატეგიაშიც გამოიხატება, რაც რუსულ საინფორმაციო პროპაგანდასთან ერთად საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების შესუსტების მცდელობას გულისხმობს.

„რუსული პროპაგანდა საქართველოში, 2006 წლის ეკონომიკურ ემბარგოსა და ელექტროენერგიის შეწყვეტასთან ერთად, 2008 წელს განხორციელებული კიბერთავდასხმები, მიზნად ისახავს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მისწრაფებებისთვის გეზის შეცვლას“, აღნიშნა მან და დასძინა, რომ რუსული პროპაგანდა „იმ შიშებს ეყრდნობა, რომლებიც სხვადასხვა საზოგადოებებში არსებობს, ჰქმნის მითებს და მედიის სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებს მათ“.

„საქართველოს მთავრობა კოორდინირებული მიდგომის გზით ეფექტურად ახორციელებს სტრატეგიულ კომუნიკაციას, აქარწყლებს მითებს და უპირისპირდება ანტი-დასავლურ ნარატივს; ამასთან ერთად მას რეალური შედეგები მოაქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების შეთანხმება ევროპასთან, ვიზალიბერალიზაცია“, – განაცხადა მან.

ბაქრაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ რჩება და „ამ რთულ რეგიონში აშშ-სთვის ყველაზე საიმედო დემოკრატიული მოკავშირეა“.

მისი თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საერთაშორისო უსაფრთხოებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. „ჩვენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთგული პარტნიორი ვართ და ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ვართ“, – განაცხადა მან.

„გვჯერა ახალი ადმინისტრაცია განავითარებს მრავლისმომცველ და გრძელვადიან სტრატეგიას რეგიონთან და საქართველოსთან მიმართებაში, რაც კიდევ ერთხელ განამტკიცებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, ვაჭრობის, ინვესტივიების მიმართულებით, ხელს შეუწყობს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანის განხორციელებას – ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაც საქართველოს უფრო გააძლიერებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ძლიერი საქართველო ისევე სჭირდება ამერიკას, როგორც ძლიერი ამერიკა – საქართველოს“, – დასძინა მან.

კითხვა-პასუხის ნაწილში, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ბუზმანი აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვის საკითხით დაინტერესდა.

ბაქრაძემ უპასუხა, რომ „ის უარყოფით გავლენას ახდენს საოკუპაციო ზოლზე მცხოვრები ადამიანების და მათ შორის სკოლის მოსწავლეების თავისუფალ გადაადგილებაზე.“

„მივესალმებით იმ ძალიან ძლიერ განცხადებას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა ამ კუთხით. ამ ტიპის მოვლენები გრძელდება, მაგრამ გვჯერა, რომ ეს პრობლემები მშვიდობიანად მოგვარდება; გვჯერა ჟენევის დისკუსიების, რომელშიც აშშ-ის ხელისუფლებას აქტიური წვლილი შეაქვს“, – განაცხადა მან.

საქართველოს ელჩმა ასევე ისაუბრა „ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ინიციატივაზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რათა რეგიონს სახელი გადაერქვას და რუსეთის ერთ-ერთ ავტონომიურ რესპუბლიკასთან ასოცირებული სახელი დაერქვას“.

სენატორმა ლინდსი გრემმა თავის დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში „რუსეთის შესაჩერებლად“ განხორციელებული ძალისხმევა „აშკარად არ მუშაობს“, და აღნიშნა რომ მისი მიზანია „ისეთი გამოსვლის გამოძებნა, რომელიც იმუშავებს“.

„მე მინდა უკეთესი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ ამას ვერასდროს მივაღწევთ, სანამ რუსეთი არ შეცვლის დემოკრატიის ძირის გამოთხრისკენ მიმართულ პრაქტიკას. მე მესმის, რატომ ეშინია პუტინს დემოკრატიის, მაგრამ არ მესმის, რატომ არ იცავს მას ამერიკა და სხვები“, – მიმართა გრემმა დიპლომატებს.

„რაც უფრო უსაფრთხოები იქნებით თქვენ, უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით ჩვენც“, – განაცხადა გრემმა.

სენატორმა დაარწმუნა დიპლომატები, რომ „მათ პრეზიდენტ ტრამპის სახით კარგი მოკავშირე ჰყავთ“ და „რომ უკრაინას უფრო მეტად დაეხმარებიან და რუსულ აგრესიას მოვიგერიებთ“. 

„მე მზად ვარ ვიმუშავო მასთან და ჩემ დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებთან ერთად, რათა გარკვეული იმედი მოგცეთ რეგიონში, რომ ამერიკა დაბრუნდა“, – დასძინა გრემმა.

 

მსგავსი/Related

Back to top button