skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 6 თებერვალს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დეპუტატის, მანანა კობახიძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

კობახიძემ 10 ხმა მიიღო მმართველი პარტიისგან და 1 ხმა პატრიოტთა ალიანსიდან. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ახლა კობახიძის კანდიდატურას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს კენჭი.

„ძალიან საპასუხისმგებლოა ის პოზიცია, რომელზეც წარმადგინა ფრაქციამ. ეს ძალიან სერიოზული გამოწვევაა ჩემთვის პირველ რიგში, და მე მინდა, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ასეთი ნდობისთვის, მაგრამ აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ალბათ, ეს ნდობა ემყარება ჩემი, როგორც იურისტის გამოცდილებას და კვალიფიკაციას სწორედ იმ სფეროში, რასაც კონსტიტუციური მართლმსაჯულება ჰქვია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ კენჭისყრის შემდეგ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა ჟურნალისტებს 6 თებერვალს: „მანანა კობახიძე იმ კანდიდატებს შორის არის ერთ– ერთი ყველაზე ღირსეული, რომელსაც მართველი გუნდი განიხილავდა გუდნის შიგნით და დარწმუნებული ვარ, მომავალ დროში ჩვენ  ვისაუბრებთ მის წარმატებულ საქმიანობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. მას აქვს ამის ძალიან მდიდარი გამოცდილება, ის არის პროფესიონალი მას მოუწევს და დარწმუნებული ვარ შეძლებს ძალიან წარმატებით, რომ თავი გაართვას მიუხედავად მისი წარსული საქმიანობისა ძალიან წარმატებით და იქნება ერთ–ერთი წარმატებული მოსამართლე“.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს კომიტეტის გადაწყვეტილება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირების მცდელობა.

დეპუტატმა ოთარ კახიძემ ევროპული საქართველოდან განაცხადა, რომ მანანა კობახიძე „არ შეესაბამება საკონსტიტუციო მოსამართლეობის არც ერთ კრიტერიუმს“. ევროპული საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ კობახიძის „აშკარა პოლიტიკური მიკერძოებულობა და ლოიალობა არსებული მმართველი გუნდის მიმართ“ კითხვებს აღძრავს.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა სამირა ისმაილოვამ განაცხადა, რომ კობახიძის კანდიდატურა „არ უნდა განიხილებოდეს, რადგან ეს არის მართული ბიძინა ივანიშვილის მიერ და ატარებს კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს“.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი ბერაიამ განაცხადა, რომ „ხელისუფლების ერთ–ერთი ძირითადი სპიკერის პირდაპირ სასამართლო ხელისუფლებაში გადასვლა წარმოშობდა სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზირების რისკს“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას თქმით, „პოლიტიკური წარსული არ არის ნაკლი, პოლიტიკური წარსული არის მეტი გამოცდილება განსაკუთრებით იურისტისთვის“.

კობახიძე, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერი იყო, ახალ პარლამენტში ქართული ოცნების სიით შევიდა.

ერთი ადგილი ცხრა-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის სექტემბრიდან თავისუფალია, ვინაითან ქეთევან ერემაძის ვადა, რომელიც ათწლიანი ვადით დაინიშნა პარლამენტის კვოტით, ამოიწურა.

მსგავსი/Related

Back to top button