skip to content
ახალი ამბები

ბათუმში გიულენთან ასოცირებული სკოლა იხურება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ბათუმში რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შედის, დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

3 თებერვალს გამართულ სხდომაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სკოლას ავტორიზაცია გაუუქმა და ამის მოტივად სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვის კუთხით არსებული „მნიშვნელოვანი პრობლემები“ დაასახელა.  

ამ გადაწყვეტილებას სკოლის მასწავლებლების, მშობლების და მოსწავლეების უკმაყოფილება მოყვა, რომელთა თქმითაც, ამგვარი ქმედება „პოლიტიკურად მოტივირებულია“.

ბათუმის რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორმა, ელგუჯა დავითაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას „უკანონოს“ უწოდებს.

„ავტორიზაციის შეჩერება საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 6 არაქართველი მოსწავლე თურქულენოვანი კლასებიდან  გადაყვანილ იქნა ქართულ კლასებში, მაშინ როდესაც ამგვარი კანონი ან რეგულაცია სექტორის ცვლასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს, ხოლო თურქული სექტორის გაუქმება და მოსწავლეების ქართულ სექტორზე გადაყვანა სწორედ  ავტორიზაციის საბჭოს 2015 წლის 04 სექტემბრის  გადწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა“, – აცხადებს დირექტორი წერილში.

დავითაძე ასევე აღნიშნა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „წინასწარ დაუგეგმავი მონიტორიგის პროცესი“ ბოლო თვეების განმავლობაში მესამედ განახორციელა „ხელოვნურად შექმნილი და არარსებული საფუძვლებიდან გამომდინარე“. „ეჭვს გამოვთქვათ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია მხოლოდ  რათა შეიზღუდოს და აიკრძალოს  შაჰინის სკოლის მუშაობა საქართველოში“, – დასძინა მან.  

დავითაძემ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომ დაიცვას „სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები“ და არ დაუშვას, რომ „უკანონოდ დაიხუროს სკოლა, რომელიც უკვე მრავალი წელია ქვეყნის სამსახურშია“.

განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა 6 თებერვალს, რომ სკოლამ დაარღვია „კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები“.   

„სამწუხაროდ, ამ სკოლამ, ისევე როგორც სხვა სკოლებმა, ვისაც ჩამოერთვა ავტორიზაცია, ვერ დააკმაყოფილეს კონკრეტული, სავსებით კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები და თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ხარისხის ცენტრთან, რომ ქართულ  სკოლებსაც, ისევე როგორც თურქულს, ან ფრანგულს ერთნაირად ამოწმებენ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მან იქვე დასძინა, რომ „დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, ანუ სკოლაში მყოფი მოსწავლეების [დოკუმენტები]“.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელმაც კომენტარი 6 თებერვალს გააკეთა, ეს გადაწყვეტილება თურქეთში მიმდინარე „პოლიტიკურ პროცესებს“ დაუკავშირა.

„ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი, რომელიც მეზობელ სახელმწიფოებში ხდება, არ უნდა აისახოს ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომლებიც ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არიან რეგისტრირებული და აქვთ ლიცენზია და მოქმედებენ შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით“, – განაცხადა ნანუაშვილმა. 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI), რომლის წარმომადგენლებიც 4 თებერვალს სკოლის დირექტორს შეხვდნენ, მეორე დღეს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნები გააჩინა და შესაძლოა, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს.

„სკოლამ ავტორიზაცია 2015 წლის 4 სექტმბერს, 5 წლის ვადით მიიღო. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, 2015 წლის 05 ოქტომბრის #01-03/64 გ ბრძანების შესაბამისად, სკოლას დაევალა გაეუქმებინა თურქულენოვანი სექტორი და მოსწავლეები ეტაპობრივად გადაეყვანა ქართულ სექტორზე. ამის შემდეგ, სკოლის ადმინისტრაციასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ერთობლივად შემუშავდა გეგმა, თუ როგორ უნდა გადასულიყვნენ მოსწავლეები თურქულიდან ქართულენოვან სექტორში. 2016-2017 სასკოლო წლისთვის დარჩენილი 10 თურქულენოვანი მოსწავლე სკოლამ ქართულენოვან სექტორში ჩარიცხა, რაც დადებითად შეფასდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2016 წლის ნოემბერში სკოლაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად. მეორე, სკოლისთვის მოულოდნელი მონიტორინგი, 2017 წლის 20 იანვარს განხორციელდა და 24 იანვრის მონიტორინგის დასკვნით, სკოლას ჩარიცხვის წესთან დაკავშირებით, დარღვევები დაუდგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ეჭვს იწვევს, „ავტორიზაციის გაუქმებისა და თურქეთში მიმდინარე მოვლენების დროში თანხვედრაც“ და დასძინა, რომ ორგანიზაცია დეტალურ სამართლებრივ შეფასებას მოგვიანებით გააკეთებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე ანკარამ თბილისთან „შეშფოთება“ გამოხატა აშშ–ში მცხოვრებ თურქ სასულიერო პირთან  ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული სკოლების საქართველოში ფუნქციონირების გამო. სწორედ მის მიმდევრებს ადანაშაულებს თურქეთი სამხედრო გადატრიალების უშედეგო მცდელობაში. 

თურქეთში უშედეგო გადატრიალებაზე და ანკარას ოფიციალურ პოზიციაზე საუბრისას, რომელიც გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს, გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა განაცხადა 16 ივლისს ბათუმის ორ ტელეკომპანიასთან „ტვ 25“-თან და აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაკეთებულ კომენტარში, რომ გიულენის მოძრაობის მიმდევრები „აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს საკუთარი სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით, ზრდიან თაობებს, რომლებიც ემსახურებიან არა სახელმწიფოს, არამედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას და სამწუხაროდ, ამ დაჯგუფების სკოლები საქართველოშიც არის“.

მან კონკრეტულად დაასახელა რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი, რომელიც ბათუმში დაახლოებით 20 წლის წინ გაიხსნა და მოუწოდა ქართველ მშობლებს, რომ შვილები ამ სკოლაში არ მიიყვანონ. კონსულმა თემიზქანმა ასევე განაცხადა, რომ თურქული მხარე მალე მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას თხოვნით, რომ დახუროს გიულენთან ასოცირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოში.

18 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გიგი გიგიაძესთან შეხვედრის შემდეგ, თურქეთის ელჩმა საქართველოში  ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ განაცხადა, რომ მედიამ კონსულის განცხადების „არასწორი ინტერპრეტაცია“ მისცა. „ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო“, – განაცხადა ელჩმა.

მსგავსი/Related

Back to top button