ახალი ამბები

პრეზიდენტი, არასამთავრობოები და ოპოზიცია მთავრობას „გაზპრომთან“ შეთანხმების გამო კვლავ აკრიტიკებენ

პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა ჯგუფებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს მთავრობა „გაზპრომთან“ დადებული 2-წლიანი სატრანზიტო ხელშეკრულების გამო, რომელიც ანაზღაურების ეტაპობრივ მონეტიზაციას გულისხმობს.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა 31 იანვარს, რომ „გაზპრომთან“ მიღწეული ახალი შეთანხმება „ძველზე უარესია“.   

„პრეზიდენტი 2015 წლიდან მოყოლებული, მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას, რომ ასეთ რთულ მოლაპარაკებებში უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსის სრული მობილიზაცია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა იმისთვის, რომ ქვეყანა არ დარჩეს ისეთი სერიოზული სტურქტურის პირისპირ, როგორიცაა „გაზპრომი“, – განაცხადა მიშველაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აზრით, „ზარალის მინიმალიზაცია შეიძლებოდა, თუმცა, ეს გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა“. „მიზეზები კი, აუცილებლად დასადგენია. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, მათ შორის კი, ყველაზე მთავარს –  რატომ მოხდა ამ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს სფეროში ქვეყნის პოზიციების შესუსტება“, – განაცხადა მან.

მიშველაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ კითხვებზე „პასუხების მიღება ყველაზე მეტად მაკონტროლებელი ფუნქციის მქონე სახელისუფლებო შტოს – საქართველოს პარლამენტის ინტერესებში უნდა იყოს“. „თუმცა, ჯერ კიდევ ვერ მოვისმინეთ საქართველოს პარლამენტისგან ხედვა – თუ როგორ მოხდება მომავალში მაინც, მსგავს შემთხვევებში, რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილება. შესაბამისად, დღესაც კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს აქტიურად ჩაერთოს პროცესში, განახორციელოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება და გააძლიეროს  საზედამხედველო ფუნქცია“, – დასძინა მან.

ახლად შექმნილმა მოძრაობამ თავისუფლებისთვის – ევროპულმა საქართველომ ასევე მოუწოდა პარლამენტს ფართო ჩართულობისკენ. დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პარტია ინტერ-ფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც დაევალება სტრატეგიული უბნებისა და მიმართულებასთან დაკავშირებული კომერციული გარიგებების ინფორმაციის მოძიება. „ხელისუფლება აცხადებს, რომ მას არ აქვს უფლება გაასაჯაროოს კომერციული საიდუმლოება, მაგრამ მას შეუძლებელია ჰქონდეს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის წევრებს არ ჰქონდეთ უფლება გაეცნონ სახელმწიფოს უსაფრთხოების და ეკონომიკური საკითხების შემცველ დოკუმენტაციას“, – განაცხადა რატიანმა 26 იანვარს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, რომელმაც ენერგეტიკის სამინისტროს 18 იანვარს ოფიციალური თხოვნით მიმართა წინა და ახალი ხელშეკრულებების გასაჯაროვების თაობაზე, 25 იანვარს პასუხი მიიღო, რომლის თანახმადაც მოთხოვნილი ინფორმაცია არ არის დაცული სამინისტროში. საიას წარმომადგენელმა სულხან სალაძემ განაცხადა 31 იანვარს, რომ ორგანიზაცია სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს იმ პასუხის ბათილად ცნობას, „რომლითაც ჩვენ პრაქტიკულად უარი გვითხრეს ინფორმაციის გაცემაზე“.

ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელიც ასევე ითხოვს ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროვებას, 1 თებერვალს აქცია გამართა. მანამდე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა მთავრობა რუსეთთან „გარიგებაში“ დაადანაშაულა. „ეს ხელისუფლება არ ზრუნავს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებისათვის, აშკარად გარიგებულია რუსეთის ხელისუფლებასთან. ამიტომაც მოვითხოვთ ჩვენ სასწრაფოდ ამ ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

ამ საკითხზე საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ „გაზპრომთან“ დაკავშირებულ ყველა კითხვას „ამომწურავი პასუხი“ გასცა და დასძინა, რომ მხოლოდ ქართული მხარე ვერ შეძლებს დეტალების გამხელას. „ეს კონკრეტულად ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, თუ რა კონკრეტული დეტალები უნდა იყოს გასაჯაროებული. ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე და მე როგორც გითხარით, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ 30 იანვარს.

დეპუტატმა რომან კაკულიამ, რომელიც დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა 30 იანვარს, რომ საქართველოს ცალმხრივ გადაწყვეტილებას შეთანხმების დეტალების გამჟღავნების თაობაზე შესაძლოა მისი შეჩერება მოყვეს.  „ჩვენი გუნდი თვლიდა, რომ ნეგატიური ეფექტები, რომელიც შეიძლებოდა  ამას მოყოლოდა, გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა, ვიდრე ის ფინანსური დანაკლისი დაუშვათ, რომელიც ჩვენ მივიღეთ“.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ახალმა ხელშეკრულებამ პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს კითხვები აღუძრა.

მსგავსი/Related

Back to top button