ახალი ამბები

უსუფაშვილი მარგველაშვილის გადადგომის შესაძლო სცენარზე საუბრობს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი გადაიხედება

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავი შეიკავა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის იმ პროგნოზის კომენტირებისგან, რომ პრეზიდენტი შესაძლოა გადადგეს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი ქართული ოცნება სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირის წესით არჩევის შეცვლას გადაწყვეტს.
 
„ამ საკითხზე რა გიპასუხოთ აბა მითხარით“, – განაცხადა მარგველაშვილმა 3 იანვარს ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ. „რამდენად არის დღეს განსახილველი ეს საკითხი. ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი“.

დავით უსუფაშვილმა, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რესპუბლიკური პარტიის დატოვების შედეგად საკუთარი პარტიის შექმნას გეგმავს, პრეზიდენტის გადადგომის შესაძლებლობაზე 2 იანვარს გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა. 

მართალია, მისი თქმით, ის კლასიკური საპარლამენტო მოდელის მომხრედ რჩება, სადაც პრეზიდენტი  „პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა“, მაგრამ „მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს“, რადგან  „მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას“.

პრეზიდენტის არჩევის წესი იმ საკითხთა სავარაუდო ნუსხაშია, რომელზეც გადაწყვეტილება დეკემბერში შექმნილმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა მიიღოს და რომლის მუშაობასაც ბოიკოტი მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც კომისია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტს მოამზადებს, შემდგომი პროცედურები მოიცავს მის ოფიციალურ ინიცირებას, ერთთვიან საერთო-სახალხო განხილვას, რის შემდეგაც მსჯელობა უკვე პარლამენტში გაგრძელდება, რომელმაც ორი თანმიმდევრული სესიის ფარგლებში სულ ცოტა 113 ხმით სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილებები და განსაზღვროს მისი ამოქმედების ვადები. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გათვლებით, რომელიც იმავდროულად კომისიის თავმჯდომარეცაა, ამ პროცესს ერთი წელი მაინც დასჭირდება.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, შესაძლოა "პოლიტიკურ კრიზისამდე" მივიდეს საქმე  „პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური "ოცნებური კონტროლის" ტენდენციები გაძლიერდა“ იმ ვითარებაში, როცა, მისი შეფასებით, ქართულ ოცნებას „გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს“, არამედ „ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს“.

უსუფაშვილის თქმით, ქართული ოცნება, რომელსაც 116-წევრიანი საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს პარლამენტში, „ერთპიროვნულად“ თუ გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს,  პრეზიდენტს „არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, "ქართული ოცნების" გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით“.

„რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში – თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება -ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ "თქვენი" პრეზიდენტის ყოლის უფლებასო“, – ასეთ შესაძლებლობას პროგნოზირებს უსუფაშვილი საგაზეთო ინტერვიუში.

„მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია“, – დასძენს ის.

პრეზიდენტ მარგველაშვილს 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის შემოდგომაზე ეწურება. ვადამდე მისი გადადგომის შემთხვევაში, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

„ეს ივნისში შეიძლება მოხდეს, როცა უკვე საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს“, – აცხადებს უსუფაშვილი.

„თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, "ოცნებამ" შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება“, – ვარაუდობს პარლამენტის ექს-სპიკერი.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის „საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლებო კოალიციაში შესვლა იქნება“ მისი ახალი პოლიტიკური ძალის სამიზნე, რომლის ფორმირებაზეც ის ამჟამად "ბევრს" საუბრობს, მათ შორის „პოლიტიკურად არცთუ აქტიურ ადამიანებთან“. 

„ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ამ მთავარ ამოცანას – საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას – შეუწყობს ხელს [2017 წლის ოქტომბრის] ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში“, – აღნიშნა მან საგაზეთო ინტერვიუში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button