ახალი ამბები

ახალმა პარლამენტმა თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია

მეცხრე მოწვევის პარლამენტში არჩეული 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკანონმდებლო ორგანომ 18 ნოემბერს პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი აირჩია 118 ხმით 3-ის წინააღმდეგ.

„ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მან არჩევის წინ პარლამენტის სხდომაზე თავის საპროგრამო გამოსვლაში. 

„ჩემს უმთავრეს ამოცანად მესახება პარლამენტში ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციას და დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებას“, – აღნიშნა მან.  

მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის უმთავრეს გამოწვევად კობახიძემ, საკონსტიტუციო რეფორმა დაასახელა, რომლითაც „უფრო მეტად უნდა განვითარდეს ხელისუფლების დანაწილების იმგვარი სისტემა, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს – პარლამენტს, პრეზიდენტს, მთავრობას, სასამართლო ხელისუფლებას შორის ურთიერთპატივისცემაზეა აგებული“.

პრიორიტეტებს შორის მან ასევე დაასახელა სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის გაღრმავება და „პრაგმატული საგარეო პოლიტიკის“ განხორციელებით ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

„საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის „წითელი ხაზების“ უმკაცრესი დაცვა“, – განაცხადა მან, „ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის კომპრომისს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გიორგი ტუღუშის კითხვაზე, თუ როგორც წარმოუდგენია პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ოპოზიციასთან ურთიერთობა, როცა ის „განსაკუთრებული აგრესიით და ხშირად სიძულვილითაც“ გამოირჩეოდა  ნაციონალური მოძრაობის მიმართ, კობახიძემ უპასუხა, რომ წინასაარჩევნოდ „მძაფრი სიმართლის“ თქმა აუცილებელი იყოს, თუმცა ახლა ის შეეცდება პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის „მაქსიმალურად კონსტრუქციული თანამშრომლობა“ უზრუნველყოს.

„თუმცა ამ ყველაფრისთვის საჭიროა თითოეული ჩვენთაგანის ერთობლივი ძალისხმევა“, – მიმართა მან დეპუტატებს.

ქართულ ოცნებას კობახიძე 2015 წლის იანვრიდან აღმასრულებელი მდივნის რანგში შეუერთდა; დიუსელდორფის უნივერსიტეტში 2002-2006 წლებში სამართლის  მაგისტრისა და დოქტორის ხარისხების მიღების შემდეგ, ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ქართულ უნივერსიტეტებში და პარალელურად, გაეროს განვითარების პროგრამის სხვადასხვა პროექტების მენეჯერი იყო, ასევე ექსპერტის სტატუსით იყო ჩართული საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრიც იყო.

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ კობახიძეს „გამოუცდელი ადამიანი“ უწოდა, რომელიც „ნულოვანი ავტორიტეტით სარგებლობს“.

ახალი სპიკერის არჩევის წინ გამართული დებატების დროს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა მწვავედ გააკრიტიკეს ქართული ოცნების ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების, უმუშევრობის, ეროვნული ვალუტის გაუფასურების და ასევე განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, როგორც დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, „დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის“ გამო.

„ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ადამიანებზე ძალადობდნენ პოლიტიკური შეხედულებების, რასის, ეროვნების, რელიგიის თუ სექსუალური ორიენტაციის გამო, მაგრამ არასოდეს მომისმენია თქვენი წუხილი, უფრო მეტიც თქვენი პარტია ახალისებდა ჰომოფობიას, ქსენოფობიას და პოლიტიკურ ძალადობას. თქვენთვის არაფერია ადამიანის პირადი ცხოვრება, თავისუფლება, ადამიანის პატივი და ღირსება“, – მიმართა კოლეგებს ქართული ოცნებიდან დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა, რომელიც 2012 წლის სექტემბრამდე საქართველოს სახალხო დამცველი იყო და თავის გამოსვლაში „სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ისედაც სავალალო მდგომარეობის გაუარესებაზე“ მიუთითა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გასული ოთხი წელიწადი ეს იყო ფუჭად დაკარგული დრო ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა და დაპირდა, რომ „უმწვავეს ოპონირებას გაგიწევთ აქაც“ და „არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ დააკარგვინოთ ქართველ ხალხს მეტი დრო“.

„დღევანდელი პარლამენტი შედგება იმიტომ, რომ აქ არის და იქნება აქტიური, კრიტიკული ოპოზიცია, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ აზრს. ამას უნდა მიეჩვიოს თითოეული მათგანი, ვისაც დისკომფორტი აქვს ოპოზიციის გამოსვლებიდან“, – განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თავის გამოსვლაში.   

„ჩვენ რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ, რომ ამ რიტორიკას არ ავყვეთ“, – განაცხადა ქართული ოცნების ფრაქციის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ. 

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არსებული ვითარება შეახსენა და თხოვა, რომ „გადავიდეთ კონსტრუქციულ, საქმის კეთების რეჟიმში“.

"რაც თქვენი მმართველობის დროს ხდებოდა ის იმედის მომცემი იყო თქვენთვის?", – განაცხადა მან, "ძალიან მაინტერესებს საკუთრების ჩამორთმევა, ტელე-იმედზე რეიდების ჩატარება, ჟურნალისტების დაპატიმრება, სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი სასჯელაღსრულების სისტემაში, უმძიმესი დანაშაულები, პირად ცხოვრებაზე რომ გვესაუბრებით, ფილმები გაქვთ გადაღებული და დღემდე ვერ დასრულდა ამ ფირების განადგურება… ამ წლების განმავლობაში თქვენ ერთხელაც ვერ მოახერხეთ ბოდიშის მოხდა და პასუხისმგებლობის აღება და დღეს არ უნდა გვესაუბრებოდეთ იმ საქმეებზე, რომელიც თქვენ გიკავშირდებათ".

სპიკერად არჩევის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ დებატებში, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღიათ დეპუტატებს პატრიოტთა ალიანსიდან, „მაინც იგრძნობოდა პოსტსაარჩევნო გარემოს სპეციფიკა“.

„მე ვისურვებდი 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს პარლამენტში“, – განაცხადა მან. 

38 წლის ირაკლი კობახიძემ მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეცვალა. 

უსუფაშვილმა, რომელსაც ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა სურს, 17 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მედიასთან უკანასკნელ შეხვედრაზე სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ახალ „პარლამენტში ვერ მივიღეთ კონკურენტი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს მოუსმენენ და არგუმენტებით გააკრიტიკებენ“, რადგან „გადაულახავი უფსკრულია“ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, რომელიც, მისი შეფასებით, „ვერ ასრულებს პარლამენტში, საზოგადოებაში საჭირო ოპოზიციის როლს“.

„აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა“, – აღნიშნა ექსსპიკერმა, რომლის საქმიანობასაც პარლამენტის თავმჯდომარის რანგში, მათ შორის ოპონენტებიც, დადებითად აფასებენ.

პარლამენტმა პირველ სხდომაზე ასევე აირჩია ექვსი ვიცე-სპიკერი; ჩამოაყალიბა უმრავლესობა, უმცირესობა და ხუთი ფრაქცია; დააკომპლექტა 15 კომიტეტი და მათ თავმჯდომარეებად ქართული ოცნების დეპუტატები აირჩია

მანამდე დეპუტატებს გახსნითი სიტყვით პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ახალ ინიციატივებთან ერთად, კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმი შესთავაზა. მის გამოსვლას დეპუტატებთან ერთად ასევე უსმენდნენ მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხელმძღვანელობით საპატრიარქოსა და ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ქუთაისის პარლამენტის შენობაში პირველ სხდომას ესწრებოდნენ. 

ახალი პარლამენტის შეკრებამ მერვე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა და ასევე უფლებამოსილება მოეხსნა მოქმედ მთავრობასაც, რომელსაც პრეზიდენტმა მოვალეობის შესრულება დააკისრა ახალი მთავრობის ფორმირებამდე, რაც მომავალი კვირისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button