skip to content
ახალი ამბები

საქართველომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატურა წარადგინა

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე თბილისმა ზურაბ პოლოლიკაშვილი, მადრიდში განთავსებულ ამ ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი და ესპანეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წარადგინა.

ზურაბ პოლოლიკაშვილი 2012 წლის მარტში დაინიშნა ხელმეორედ ესპანეთში საქართველოს ელჩად. მას ეს თანამდებობა პირველად 2006 წლიდან ეკავა, ვიდრე 2009 წლის აგვისტოში საქართველოს ეკონომიკის მინისტრად დაინიშნებოდა. მინისტრის თანამდებობიდან პოლოლიკაშვილი თითქმის ერთწლიანი მუშაობის შემდეგ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ხელმძღვანელობაში განაგრძო მუშაობა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 ნოემბერს ზურაბ პოლოლიკაშვილის წარდგენისას აღნიშნა მისი როლი საქართველოს „ტურისტული პოტენციალის სრულად ამოქმედებასა“ და ამ სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში და განაცხადა, რომ ის ზუსტად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომელთა დაკმაყოფილებაც აუცილებელია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის საქმიანობის შესასრულებლად.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას, რომელიც 157 წევრ ქვეყანას აერთიანებს, ამჟამად მეორე ვადით იორდანელი თალებ რიფაი ხელმძღვანელობს, რომლის შემცვლელსაც გენერალური მდივნის პოსტზე 2018-2021 წლების ვადით ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა აირჩევს. მანამდე კი, 2017 წლის მაისში  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, წარდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესი გაიმართება ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოში, რომელშიც 33 ქვეყანა შედის.

 

მსგავსი/Related

Back to top button