ახალი ამბები

საპარლამენტო თანამდებობების უმრავლესობას ქართული ოცნების ახალი წევრები დაიკავებენ

მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ, როგორც მოსალოდნელი იყო, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ქართულმა ოცნებამ ირაკლი კობახიძე, მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი დაასახელა.

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ 6 ნოემბერს გამართული შეკრების შემდეგ საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, პოსტების უმრავლესობას პარტიის ახალი წევრები დაიკავებენ.

სპიკერატი

  • პარლამენტის თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე;
  • პირველი მოადგილე – თამარ ჩუგოშვილი;
  • მოადგილე – გია ვოლსკი;
  • მოადგილე – ზვიად ძიძიგური;
  • მოადგილე აჭარის კვოტით – ილია ნაკაშიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე, 38 წლის ირაკლი კობახიძე გახდება მას შემდეგ, რაც ახალი საკანონმდებლო ორგანო პირველი შეკრებისთანავე აირჩევს მოქმედი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შემცვლელად. 

ქართულ ოცნებას კობახიძე 2015 წლის იანვრიდან აღმასრულებელი მდივნის რანგში შეუერთდა; დიუსელდორფის უნივერსიტეტში 2002-2006 წლებში სამართლის  მაგისტრისა და დოქტორის ხარისხების მიღების შემდეგ, ის პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა ქართულ უნივერსიტეტებში და პარალელურად, გაეროს განვითარების პროგრამის სხვადასხვა პროექტების მენეჯერი იყო, ასევე ექსპერტის სტატუსით იყო ჩართული საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობაში სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრიც იყო.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტს ქართული ოცნების პარტიული სიის მე-4 ნომერი თამარ ჩუგოშვილი დაიკავებს, რომელიც პარტიას მაისიდან შეუერთდა; 2010-2012 წლებში ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის თანაშემწე გახდა ადამიანის უფლებათა საკითხებში.

სპიკერატში გადაინაცვლებს ასევე გია ვოლსკი, რომელიც მოქმედ პარლამენტში ქართული ოცნების საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.
 
ვიცე-სპიკერის პოსტს მომავალ პარლამენტშიც შეინარჩუნებს დეპუტატი ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მე-15 ნომრად იყო შეყვანილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კვოტას სპიკერატში ილია ნაკაშიძე შეავსებს, რომელიც ხელვაჩაურში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულია ქართული ოცნებიდან.

კომიტეტები

ქართულმა ოცნებამ პარლამენტში არსებული 15 კომიტეტიდან 13 კომიტეტის მომავალი თავმჯდომარე დაასახელა, რომელთა უმრავლესობა, კერძოდ, კი ცხრა კანდიდატურა მმართველი პარტიის ახალი წევრია.  

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი ის ორი გამონაკლისია, რომელთა ხელმძღვანელებად წარსადგენ კანდიდატურებზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება.

ამ ეტაპზე მხოლოდ ორი კომიტეტია, რომელიც ხელმძღვანელს მომავალ პარლამენტშიც შეინარჩუნებს: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი.

კომიტეტის თავმჯდომარეთა დამტკიცებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

მომავალ პარლამენტში შემდეგი კომიტეტების ხელმძღვანელები გახდებიან:

იურიდიული კომიტეტი – ეკა ბესელია, რომელიც მოქმედ პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა;

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი სესიაშვილი, რომელიც ინარჩუნებს ამ პოსტს;

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი –  სოფო ქაცარავა, საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დეპუტატად არჩევის შემდეგ ბრიტანეთის იმპერიის საპატიო ორდენით დაჯილდოვდა;

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში წლების განმავლობაში მუშაობდა;

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – აკაკი ზოიძე, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, რომელიც 2003 წლის ნოემბრამდე სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო ჯანდაცვის მიმართულებით;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე, საპარტნიორო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც 2004–2008 წლების მოწვევის პარლამენტში ამავე კომიტეტს ხელმძღვანელობდა;

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – რომან კაკულია, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი, ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში;

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – მარიამ ჯაში, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც შემდეგ სოლიდარობის ფონდს ხელმძღვანელობდა;

აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი 2014 წლის ივლისიდან 2016 წლის სექტემბრამდე; 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – კახა კუჭავა, რომელიც პოლიტიკაში მოსვლამდე სამთო-მოპოვებით სექტორში საქმიანობდა; 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – გიორგი ლილუაშვილი, 2016 წელს ის თბილისის ვიცე–მერი, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო;

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – გიორგი კახიანი, რომელიც ინარჩუნებს ამ პოსტს; 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ზვიად კვაჭანტირაძე, რომელიც მოქმედ პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობას ხელმძღვანელობდა და ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

ახალ თანამდებობაზე კვაჭანტირაძის პირველ მოადგილედ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია წარდგენილი, რომელმაც დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით და ქართული ოცნების ღია მხარდაჭერით გაიმარჯვა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მთაწმინდაზე. 

მომავალ პარლამენტში კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეებად ჩამოქვეითდებიან დეპუტატები გელა სამხარაული და დიმიტრი ხუნდაძე, რომლებიც, შესაბამისად, აგრარული და ჯანდაცვის კომიტეტების ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარეები არიან.

უმრავლესობა, ფრაქცია

მომავალ პარლამენტში ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობას არჩილ თალაკვაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ჩაუდგება სათავეში, რომელმაც ოზურგეთის მაჟორიტარობა პირველივე ტურში მოიპოვა.  

ქართული ოცნების ფრაქციას, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე მსხვილი ფრაქცია იქნება პარლამენტში, პირველივე ტურში საბურთალოდან არჩეული მაჟორიტარი მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 2016 წლის მაისიდან ქართული ოცნების განახლებული პოლიტსაბჭოს წევრია, მანამდე კი საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა. 

სავარაუდოდ, ეს ერთადერთი ფრაქცია არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში, რომელიც სულ ცოტა 115 დეპუტატს გააერთიანებს. სწორედ ამ რაოდენობის დეპუტაცია გაიყვანა ოქტომბრის არჩევნებით მმართველმა პარტიამ, რაც ორით აღემატება საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო 113 დეპუტატს.

მოსალოდნელია, რომ დამატებით ფრაქციებს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატები შექმნიან, რისთვისაც სულ ცოტა 6 დეპუტატის ერთობაა საჭირო.

ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 27-წევრიანი დეპუტაციით, უმცირესობის ფორმირებისთვის საკმარისი რაოდენობით შედის პარლამენტში, და ასევე პატრიოტთა ალიანსს, რომელსაც 6-წევრიანი ფრაქცია ეყოლება, საპარლამენტო პოლიტიკურ თანამდებობებზე კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button