skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტის LIBE–ს კომიტეტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის საკითხს 5 სექტემბერს უყრის კენჭს

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტი (LIBE) საქართველოსა და კოსოვოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს 5 სექტემბერს უყრის კენჭს.

LIBE–ს წამყვან კომიტეტზე მიღების შემთხვევაში, ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლამდე, მას ასევე ესაჭიროება დამტკიცება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭოს მიერ, რომელმაც ივნისში ვერ შეძლო ამ საკითხზე შეთანხმება გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გამოთქმული წინააღმდეგობის გამო, რამაც შეამცირა საქართველოს იმედები ვიზალიბერალიზაციის ზაფხულში მიღების თაობაზე.

LIBE–ს კომიტეტის დღის წესრიგის პროექტის თანახმად, 5 სექტემბერს დაგეგმილ იმავე შეხვედრაზე კომიტეტი ასევე განიხილავს ინიციატივას უკრაინისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.

ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტმა მიიღო სარეკომენდაციო ხასიათის მქონე დასკვნა, რომელიც მოუწოდებს საქართველოს, უკრაინისა და კოსოვოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას შენგენის ზონაში.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩაკმა, რომლის ქვეყანაც 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის თავმჯდომარეა როტაციის პრინციპით, განაცხადა 12 ივლისს, რომ სლოვაკეთს აქვს „ამბიცია“, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დასრულდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button