skip to content
ახალი ამბები

გირჩი, ახალი საქართველო და ახალი მემარჯვენეები საარჩევნო ბლოკს ქმნიან

„ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“, „ახალი საქართველო“ და „ახალი მემარჯვენეები“ საარჩევნო ბლოკს ქმნიან რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ერთობლივად მიიღონ მონაწილეობა.

„ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ბლოკს…  და გთავაზობთ არჩევანს არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ წარსულსა და მომავალს შორის, ჩვენ წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და დაპირისპირების ტალღაზე მოსული პოლიტიკური ძალები“, – განაცხადა ახალი საქართველოს ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ 5 აგვისტოს საარჩევნო ბლოკის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთებისას.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ერთიანდება სამი მნიშვნელოვანი პრინციპის გარშემო – ესაა პიროვნული თავისუფლება, ეკონომიკური თავისუფლება და დასავლური არჩევანი. ჩვენ ვერთიანდებით ღირებულებების გარშემო და არა პიროვნებების გარშემო“, – განაცხადა მან.

ვაშაძემ პარტია „ახალი საქართველო“ მას შემდეგ დააფუძნა, რაც 2016 წლის მაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის სიით პარლამენტში შესვლამდე ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს; მინისტრის მოადგილის რანგში ის იუსტიციის სახლების განვითარების საკითხს კურირებდა. პარტიული სიის გარდა, 2012 წელს ის თბილისში ისნის ერთმანდატიან ოლქშიც იყრიდა კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, თუმცა ქართული ოცნების კანდიდატთან დამარცხდა.

დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ მას შემდეგ ჩამოაყალიბა, რაც მან და კიდევ სამმა დეპუტატმა 2015 წლის მაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს.

ახალი საარჩევნო ბლოკის, "ახალი არჩევანი", პრეზენტაციაზე გამოსვლისას ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოში პრო-რუსული ჯგუფების „მომრავლების“ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრო-დასავლური ძალების გაერთიანება.

„დღეს როგორც არასდროს ამ ქვეყანაში არის აუცილებელი ახალი არჩევანის გაჩენის აუცილებლობა; აუცილებელია, რომ გაჩნდეს ალტერნატიული არჩევანი, რომელიც ქვეყნის შიგნით გაუჩენს იმედს პოლიტიკით იმედგაცრუებულ ადამიანებს და ამავე დროს იქნება სანდო პარტნიორი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, მათ შორის მეზობლებისთვის რეგიონში“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
 
მესამე პარტია ახლადშექმნილ ბლოკში არის „ახალი მემარჯვენეები“, რომელიც 15 წლის წინ შეიქმნა და რომლის თავმჯდომარე ამჟამად მამუკა კაციტაძეა. მანამდე პარტიას ფიქრია ჩიხრაძე თავმჯდომარეობდა, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში პრეზიდენტის პოლიტიკურ მრჩევლად დაინიშნებოდა.  

„განვლილი 15 წლის განმავლობაში ახალი მემარჯვენეები არაერთ პოლიტიკურ თუ საარჩევნო ბლოკში ვყოფილვართ, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მსგავსი თანხვედრა იდეოლოგიის, ღირებულებებისა და ფასეულობებისა, საგარეო პოლიტიკური კურსისა, ეკონომიკური და პოლიტიკური კურსისა თითქმის არ ყოფილა სხვა შეთხვევაში და არის დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა კაციტაძემ.

„ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები წარსულის შეფასებასთან დაკავშირებით, მაგრამ გვაქვს ერთიანი ხედვა მომავალთან მიმართებაში“, – განაცხადა კაციტაძემ, რომლის ახალი მემარჯვენეები ყოველთვის ოპოზიციაში იყო ნაციონალურ მოძრაობასთან, როდესაც ეს უკანასკნელი ხელისუფლებაში იყო. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველომ სწორედ მომავლის იმედით და რწმენით უნდა იცხოვროს და არა წარსულის ბოღმით და ერთმანეთთან დაპირისპირებით“.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ის გადამწყვეტი აქტორი, რომლის გარეშეც ქართულ პოლიტიკაში ვერ მიიღება სერიოზული ტიპის გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან.

NDI-ის დაკვეთით, CRRC-ის მიერ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ახლად შექმნილ ბლოკში გაერთიანებულ პარტიებს პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იანი მხარდაჭერა არ გააჩნდათ.

„რასაც ყველა კვლევა ცალსახად აჩვენებს… ყოფილი თუ ახლანდელი სახელისუფლებო პარტია [ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება] ახალ ხმებს ვეღარ იპოვებენ… რეალურად მოთხოვნა არის ახალ არჩევანზე და შემიძლია ვთქვა რომ ჩვენ ვართ დარწმუნებული რომ ჩვენ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვექნება. ამ გაერთიანების ერთ-ერთი აზრიც ესეც იყო რომ ერთად შეხამებული რესურსებით უკეთესი შედეგი დავდოთ,“ განაცხადა ჯაფარიძემ TVპირველთან ინტერვიუში 5 აგვისტოს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button