ახალი ამბები

ბურჭულაძის პარტიამ ეკონომიკური პროგრამა წარადგინა

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ პირობას დებს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საშემოსავლო გადასახადი შემცირდება, დაახლოებით 39%–ით გაიზრდება ყოველთვიური პენსია, ასევე გატარდება საყოველთაო დაზღვევის და სოციალური დახმარების სისტემის რეფორმა.  

თავისი სოციალ-ეკონომიკური პროგრამის წარდგენისას, რომლითაც პარტია საარჩევნო კამპანიას აწარმოებს,  მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ განაცხადა 8 ივლისს, რომ საშემოსავლო გადასახადი არსებული 20%–დან 15%–მდე შემცირდება.

პარტიის თქმით, მოგების 15%-იან გადასახადს მხოლოდ ის კომპანიები გადაიხდიან, რომლებიც მოგებას გაანაწილებენ ან დივიდენდის სახით გასცემენ. პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მაისში უკვე დაამტკიცა და ის ძალაში 2017 წლიდან შევა.

პარტიის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, გადასახადის გადამხდელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარეგისტრირდება დღგ–ს გადამხდელად, თუ მისი წლიური ბრუნვა 200 000 ლარს აღემატება, ამჟამინდელი 100 000 ლარის ნაცვლად.

პარტია ასევე პირობას დებს, რომ გაორმაგდება მიკრობიზნესისთვის დაწესებული წლიური ბრუნვის ზღვარი არსებული 30 000 ლარიდან  60 000 ლარამდე.

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ასევე გეგმავს ბრუნვის გადასახადის შემცირებას არსებული 3–5%–დან 2%–მდე იმ მცირე ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალიც 100 000 ლარზე ნაკლებია. 

პირი ქონების გადასახადს (გარდა სასოფლო–სამეურნეო მიწისა) წლიურად იმის მიხედვით იხდის, თუ რამდენია მისი ოჯახის წლიური შემოსავალი.

ამჟამად ქონების გადასახადისგან თავისუფლდება პირი, რომლის ოჯახის საერთო შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. პარტიის ინიციატივით, ეს ზღვარი 80 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

პარტია ასევე პირობას დებს, რომ პენსიები არსებული 180 ლარიდან 250 ლარამდე გაიზრდება, ასევე 50%–ით გაიზრდება შემწეობები სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რაც ამჟამად 30–დან 60 ლარამდე მერყეობს ოჯახის წევრზე.

მიანიშნა რა წინასაარჩევნოდ სოციალური შემწეობების მიმღებთა რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდეც შეინიშნებოდა და ამ არჩევნების მოახლოებასთან ერთადაც აქვს ადგილი, ბურჭულაძის პარტიამ განაცხადა, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამას საარჩევნო მიზნებისთვის იყენებს და არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტ ადამიანზე გასცემს ამ ფულად დახმარებას. ამ პრაქტიკის შესაჩერებლად, პარტია პირობას დებს, რომ მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ გადაიხედება შემწეობების მიღების სტატუსი.

პარტია ასევე გეგმავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმას, რათა ის მათკენ იყოს მიმართული, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. პარტია აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად, დასაქმებულებს მეტი შემოსავალი ექნებათ და შეძლებენ კერძო დაზღვევის გადახდას, რაც საშუალებას მისცემს ხელისუფლებას, რომ უკეთესი ჯანდაცვის მომსახურება შესთავაზოს მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს.

გადასახადების შემცირებას, როგორც პარტია აცხადებს, მოკლევადიან პერიოდში საგადასახადო შემოსავლების 1.1 მილიარდიანი კლება მოყვება, თუმცა ნახევარზე მეტი ანაზღაურება ბიუროკრატიული ხარჯების 600 მილიონი ლარით შემცირების ხარჯზე, ასევე მთავრობის რესტრუქტურიზაციის გზით მოხდება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პაატა ბურჭულაძის პარტიას რეიტინგში მესამე ადგილი ეკავა და დიდად არ ჩამორჩებოდა ამჟამინდელ და ყოფილ სახელისუფლებო პარტიებს: ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს და ნაციონალურ მოძრაობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button