ახალი ამბები

საინიციატივო ჯგუფი ქორწინების განსაზღვრის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) კვირას ქორწინების, როგორც ქალის და კაცის ერთობის განსაზღვრის მიზნით სარეფერენდუმო პროცედურების დაწყებაზე თანხმობა განაცხადა.

ცესკოს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ საინიციატივო ჯგუფს, რომელიც რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, 3 თვე აქვს სულ ცოტა 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად, რაც რეფერენდუმის დასანიშნად არის საჭირო.

შემდეგ ცესკოს ერთი თვე ექნება ხელმოწერების შესამოწმებლად, ხოლო დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთი თვის ვადაში უნდა გადაწყვიტოს დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.  პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის განკარგულებას რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაცია დასჭირდება.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის არის ყოფილი დეპუტატი სანდრო ბრეგაძე, რომელიც დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, სანამ 2016 წლის თებერვალში თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ; უფლებადამცველი ჯგუფები თანამდებობიდან მის დათხოვნას მისი ჰომოფობიური განცხადებების გამო ითხოვდნენ. ბრეგაძე ამჟამად დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ შექმნილ ახალ პოლიტიკურ პარტიაში შედის. მეჭიაურიც ცნობილია თავისი ჰომოფობიური განცხადებებით. მან ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო მაისის ბოლოს დატოვა მას შემდეგ, რაც ანტი–დასავლური განცხადებები გააკეთა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოლიტიკა გააკრიტიკა.

ბრეგაძემ 12 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საინიციატივო ჯგუფის სურვილია, რომ რეფერენდუმი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს.

რეფერენდუმის შემოთავაზებული კითხვა – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ – არ აკონკრეტებს როგორ განისაზღვრება შემდგომში ეს საკითხი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ისედაც განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“, რითაც იკრძალება ერთნაირი სქესის პირთა შორის ქორწინება.

თავდაპირველად, იგივე საინიციატივო ჯგუფმა კითხვა სხვა ფორმულირებით წარადგინა: „თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის“ .

თუმცა, ეს ინიციატივა ცესკომ არ დააკმაყოფილა 2016 წლის მაისში, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას საკითხზე, რომელიც პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დაავალდებულებს. 

27 მაისს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს მიერ არის ინიცირებული და ქორწინებას ქალის და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს.

თუმცა, საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, ჯერჯერობით უცნობია, როდის ან საერთოდ თუ დადგება კანონპროექტი კენჭისყრაზე. ნებისმიერ საკონსტიტუციო ცვლილებას სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა ესაჭიროება და კენჭისყრა ვერ გაიმართება, თუ დეპუტატების ეს მინიმალური რაოდენობა არ იმყოფება სხდომათა დარბაზში. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ამჟამად კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით პარლამენტის სხდომებს  ბოიკოტს უცხადებენ.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა მაისში, რომ ქართული ოცნების მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტი, რომელიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს, „არ არის თემა“ საქართველოში და ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს მიზნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button