skip to content
ახალი ამბები

PACE-ს მომხსენებლები საკონსტიტუციო სასამართლოზე ცვლილებების ვენეციის კომისიის შეფასების გარეშე მიღების გამო სინანულს გამოთქვამენ

საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა „სინანული გამოთქვეს“ საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო,  ვენეციის კომისიაში განსახილველად მისი გადაგზავნის გარეშე.

მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ ინიცირებული სადავო ცვლილებები, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი იზრდება, პარლამენტმა ბოლო ორი მოსმენით 13–14 მაისს მიიღო.

მართალია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელიც კანონპროექტის თანაავტორია, სავარაუდოდ უთხრა PACE-ს თანამომხსენებლებს, როდესაც ისინი თვის დასაწყისში თბილისს სტუმრობდნენ, რომ კანონპროექტი მიღებამდე გაეგზავნებოდა ვენეციის კომისიას, თუმცა მმართველმა პარტიამ ცვლილებები პროექტის გადაგზავნის გარეშე მიიღო.

„გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება ამ ცვლილებებზე და მათი რეკომენდაციების დაუყონებლივ შესრულება დაეხმარებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფას და დაუპირისპირდებოდა ამ ცვლილებების და თავად სასამართლოს შესაძლო პოლიტიზირების მცდელობებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ“, – განაცხადა ორმა თანამომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა და კერსტინ ლანდგრენმა 19 მაისს. 

„ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ვენეციის კომისიის მოსაზრება შემდგომი დაყოვნების გარეშე მოითხოვოს.  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა თავად მოითხოვოს ასეთი მოსაზრება 2016 წლის 23 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე“, – განაცხადეს თანამომხსენებლებმა.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ მიღებული კანონპროექტის გაგზავნას ვენეციის კომისიისთვის. იმავდროულად, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიანიშნა, რომ მას ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შედეგად მოუწევს გადაწყვიტოს დაადებს თუ არა ვეტოს მიღებულ კანონპროექტს.

მსგავსი/Related

Back to top button