skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკელებმა საპარლამენტო მანდატების ახალი წესით გადანაწილებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები წარადგინეს

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ფორმალურად მმართველი კოალიციის საპარლამენტო უმრავლესობის წევრად რჩება, თუმცა ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს, 16 მაისს წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში მანდატების პროპორციული წესით მიღებული ხმების შესაბამისად განაწილებას ითვალისწინებს.

შემოთავაზებულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა მისი მიღების შანსი არსებობს იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკელებთან ერთად მას უმრავლესობის გარეთ მყოფი თითქმის ყველა დეპუტატი დაუჭერს მხარს. ასეთი კი 80 დეპუტატია. ცვლილებების მიღებას სულ ცოტა 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელს აქტიურად ლობირებენ არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და ასევე ამ მოდელის სასარგებლოდ იხრება პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.
 
ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, რომლის ავტორიც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის რესპუბლიკელი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეა, მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში პარტია, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული წესით, ჯამურად პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობაში იმდენ მანდატს მიიღებს, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ.

ამ მოდელის შემოთავაზება იმ ფონზე მოხდა, როცა პარლამენტში კენჭისყრას ელოდება კონსტიტუციაში ცვლილებების ორი პროექტი, რომლებიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა, თუმცა მათი მიღების ალბათობა არცთუ მაღალია, ვინაიდან  მმართველი პარტია მხარს არ უჭერს 2016 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ოპოზიციის შეთავაზებას, ხოლო მმართველი კოალიციის ინიციატივას, ამ რეფორმის ანუ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის ამოქმედების თაობაზე საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის თანხმობა სჭირდება.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.

რესპუბლიკელების მიერ ინიცირებული ცვლილებები, საკონსტიტუციო ცვლილებების გვერდის ავლით და არსებული შერეული სისტემის პირობებში ითვალისწინებს მანდატების ახალი წესით განაწილებას. 

ამჟამად მოქმედი ნორმებით, პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა პარტიული სიით მიღებული ადგილებისა და მოგებული მაჟორიტარული მანდატების ჯამის ტოლია, რაც შესაძლოა პროპორციულ არჩევნებში მიღებული შედეგისგან განსხვავდებოდეს. 

წინა პარლამენტში სხვაობა ადგილების გადანაწილებას და პროპორციული სისტემით მიღებულ ხმებს შორის აშკარა იყო, როდესაც მმართველ ნაციონალურ მოძრაობას მანდატების 79%–ზე მეტი ჰქონდა მაშინ, როცა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში  პროპორციულად ხმების 59%–ზე ოდნავ მეტი მიიღო. ეს იმიტომ მოხდა, რომ მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ, ოთხის გარდა,  ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო ქვეყნის მასშტაბით.

თუმცა, ამგვარად არ მოხდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მიერ მოგებული ადგილები, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემით, ძირითადად, შეესაბამებოდა იმ ხმებს, რომლებიც მათ პარტიული სიით მიიღეს.

შეუსაბამობა აშკარა იყო 2014 წლის თბილისის საკრებულოს არჩევნების დროს, სადაც ასევე შერეული სისტემა მოქმედებს – მართალია ქართულმა ოცნებამ ხმების 46% მიიღო, მაგრამ მან თბილისის საკრებულოში ადგილების 74% მოიპოვა, რადგანაც, ერთის გარდა, ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო თბილისში. ამ მოცემულობით, ე.წ. გერმანული მოდელის პირობებში, ქართულ ოცნებას საკრებულოში უმრავლესობის შესაქმნელად დეპუტატთა საკმარისი რაოდენობა ვერ ეყოლებოდა. 

შემოთავაზებული კანონპროექტი ამგვარ დისპროპორციას პრაქტიკულად გამორიცხავს, რადგან პარტია იმდენ მანდატს მიიღებს პარლამენტში, რამდენი ამომრჩევლის პროცენტული მხარდაჭერაც მოიპოვა მან პროპორციული წესით.  თუმცა მანდატების განაწილებისას უპირატესობა მაჟორიტარებს მიენიჭებათ და დარჩენილი ადგილები პარტიული სიიდან შეივსება. მაგალითად, თუ პარტიას სულ 20 მანდატი ერგება და ხუთ მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, დეპუტატი ამ ხუთ მაჟორიტართან ერთად პარტიული სიის პირველი 15 კანდიდატი გახდება. იმ შემთხვევაში, თუ პარტია მაჟორიტარული წესით უფრო მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე მას  მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად ეკუთვნის, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება.

„ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღუბლგადალახულ სუბიექტებს შორის“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებულ ცვლილებებში მანდატების განაწილების არცთუ მარტივ ფორმულებს განმარტავს.

ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, პარტიებს, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, წარმომადგენლობა იმ შემთხვევაში ეყოლებათ პარლამენტში, თუ მათი კანდიდატები მაჟორიტარულ არჩევნებში გაიმარჯვებენ. ამ შემთხვევაში, ამ პარტიების მიერ მოპოვებული მაჟორიტარული მანდატები გამოაკლდება 150-ს ანუ მანდატების სრულ რაოდენობას და დარჩენილი ადგილები პროპორციულად გადანაწილდება ბარიერ გადალახულ  სუბიექტებს შორის.  

ამასთან, წარმოდგენილი პროექტით, დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომლებსაც ამჟამინდელი კანონმდებლობა მაჟორიტარულ არჩევნებში კენჭისყრის უფლებას აძლევს, აეკრძალებათ არჩევნებში მონაწილეობა, რათა „არ დაირღვეს  წარმოდგენილი საარჩევნო სისტემის მთავარი პრინციპი – მიღებული მანდატების რაოდენობა პროპორციულია მიღებული ხმებისა“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ამ ცვლილებების მიზანია 2016 წლის არჩევნები შემოთავაზებული სისტემით ჩატარდეს, რათა მომავალ პარლამენტში „პარტიათა სამართლიანი წარმომადგენლობა“ იყოს უზრუნველყოფილი „ამომრჩევლის ნების არჩევნების შედეგებში ადეკვატურად ასახვის“ შედეგად. 

ამ დროისთვის მმართველ კოალიციას უკვე მიღებული აქვს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც მაჟორიტარის ასარჩევად 50%-იანი ბარიერის შემოღებას და ერთმანდატიანი ოლქების ახალ საზღვრებში ფორმირებას ითვალისწინებს.

მსგავსი/Related

Back to top button