ახალი ამბები

მოგების გადასახადის რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები მიღებულია

პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 85 ხმით დაამტკიცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, მოგების გადასახადის ახალის სისტემის შემოღებას ითვალისწინებს.

მოგების რეინვესტირების ან მისი საერთოდ არ განაწილების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან და კანონპროექტის მიხედვით, ეს სიახლე ძალაში 2017 წლიდან შევა.

მოგების დაბეგვრის ახალი სისტემა, კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლიდან ასევე გავრცელდება საფინანსო სექტორზე – კომერციულ ბანკებზე, საკრედიტო კავშირებზე, სადაზღვევო ორგანიზაციებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებზე.

მოგების 15%-იან გადასახადს ისევ გადაიხდიან ის კომპანიები, რომლებიც მოგებას გაანაწილებენ ან დივიდენდის სახით გაცემენ. მოგების დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი კი იქნება კალენდარული თვე, ამჟამად არსებული კალენდარული წლის ნაცვლად.

მთავრობის წინასწარი გათვლებით, მოგების გადასახადის რეფორმის გატარების შედეგად, რაც ესტონურ მოდელს ეფუძნება, 2017 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში, დაახლოებით, 600 მილიონი ლარის, ხოლო 2018 წელს, დაახლოებით, 300-დან 400 მილიონ ლარამდე დანაკლისი იქნება, თუმცა შემდგომ წლებში მთავრობა მისაღები ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ამ დანაკარგების სრულ კომპენსირებას ელის.

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემოღების იდეა პირველად ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2015 წლის მარტში გაახმოვანა, როცა ის ეკონომიკის მინისტრი იყო. მართალია მთავრობამ ამ იდეის შესაძლო შედეგების შეფასება დაიწყო, მაგრამ მაშინ ამ ინიციატივამ მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. ფინანსთა მინისტრის მოადგილე საკმაოდ სკეპტიკური ჩანდა 2015 წლის ოქტომბერში ამ საკითხის კომენტირებისას. კვირიკაშვილმა ეს საკითხი ხელმეორედ იანვარში, პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებიდან ორ კვირაში წამოწია, რასაც შემდგომ, კანონპროექტის მომზადება მოყვა. თავდაპირველად, კანონპროექტი მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედებას 2016 წლის პირველი ივლისიდან ითვალისწინებდა, თუმცა ამოქმედების ვადად საბოლოოდ 2017 წელი განისაზღვრა მას შემდეგ, რაც გადავადების თხოვნით მთავრობას ბიზნეს ასოციაციებმა მიმართეს.

საგადასახადო კოდექსში შეტანილი სხვა ცვლილებები ეხება ძირითადი საშუალებების იმპორტის დროს კომპანიების დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლებას; ასევე საგადასახადო დავის პერიოდში ყადაღა მხოლოდ სასამართლოს თანხმობით იმოქმედებს; საგადასახადო კონტროლს კი მხოლოდ საგადასახადო ორგანო განახორციელებს და საგამოძიებო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებს ამ კუთხით მოქმედება აეკრძალებათ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს 2011 წლამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და 2013 წლამდე დარიცხული საგადასახადო სანქციების, ე.წ. უიმედო დავალიანების ჩამოწერას

მსგავსი/Related

Back to top button