ახალი ამბები

პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებაზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საუბრობს

საქართველოს მთავრმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ინტერნეტ სივრცეში ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გამავრცელებლის იდენტიფიცირებისა და იმ ქვეყნის დასადგენად, საიდანაც ეს ვიდეოები იქნა ატვირთული, აშშ-ს „კომპეტენტურ ორგანოებს“ დახმარების თხოვნით მიმართა.

ეს თხოვნა, პროკურატურის ინფორმაციით, მოიცავს youtube-ის, facebook-ის და google-ის სერვერებიდან IP მისამართების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვას და ასევე იმის დადგენას, „თუ კონკრეტულად ვინ შექმნა  facebook-ის გვერდი პოლიტიკოსის სახელით, საიდანაც  ჟურნალისტებთან და სხვა პირებთან დაიგზავნა ვებგვერდის ლინკი, სადაც განთავსებული იყო ვიდეომასალა“.

„ასევე საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში  მიმართა უცხო ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს სამართლებრივი დახმარების თხოვნით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელშიც აშშ-ის გარდა სხვა რომელ ქვეყნებზეა საუბარი, არ არის დაკონკრეტებული.

პირადი ცხოვრების ინტიმური კადრები, რომელშიც სავარაუდოდ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიგურირებდა, ინტერნეტ სივრცეში 11 მარტს გავრცელდა. სამ დღეში კი მორიგი ანალოგიური ვიდეო დაიდო, რომელშიც დაუდგენელი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური კადრები იყო ასახული და მას ასევე თან ახლდა მუქარა სამი პოლიტიკოსის, მათ შორის ერთი ოპოზიციონერის და ჟურნალისტის მიმართ, რომ 31 მარტამდე უარი ეთქვათ საკუთარ პროფესიულ საქმიანობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებიც გამოქვეყნდებოდა.

ამ ვიდეოების ბლოკირება და საიტიდან მოხსნა, როგორც პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, საგამოძიებო ორგანოების თხოვნით მოხდა, თუმცა იმავდროულად youtube-ის ცენტრალურ ოფისს ეთხოვა ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაციის ფიქსაცია, რათა „ვებგვერდის მიერ გარკვეული დროის შემდეგ ავტომატურ რეჟიმში არ წაშლილიყო IP მისამართების შესახებ ინფორმაცია“.

ამ ვიდეოების გამავრცელებელთა და მუქარის ავტორთა დადგენაზე სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.

ამ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, პროკურატურის შუალედური ინფორმაციის თანახმად,  უკვე განხორციელდა რიგი საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, თბილისში 6 საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკაზე დანიშნულ იქნა კომპლექსური ექსპერტიზები, გამოკითხულ იქნა 10 პიროვნება, მათ შორის ის ჟურნალისტები, ვისაც პირადი facebook-ის გვერდზე დაეგზავნათ გავრცელებული კადრების შესახებ ინფორმაცია, მოწმეების მონაწილეობით დათვალიერდა აღნიშნულის ამსახველი ელექტრონული მიმოწერა და 5 სხვადასხვა ობიექტიდან გამოთხოვილ იქნა გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელთა შესწავლაც „უწყვეტად მიმდინარეობს“. 

იმავდროულად, მთავარმა პროკურატურამ ვერ დაადასტურა ამ საქმის კავშირი პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო კადრების შენახვა-გავრცელების ცალკე საქმესთან, რომლის ფარგლებშიც თავდაპირველად ორი პირის დაკავების თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია 15 მარტს და რომელიც, პროკურატურის განმარტებით, უკავშირდება გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორისთვის, ელისო კილაძისთვის  ერთ-ერთი პოლიტიკოსის  პირადი საიდუმლოს ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერის გავრცელების შეთავაზებას. ეს ფაქტი თავად კილაძემ გაასაჯაროვა. 

ამ საქმეზე, პროკურატურის ინფორმაციით, სულ ხუთი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა, საიდანაც ოთხი ამ ეტაპზე დაკავებულია, ხოლო მეხუთე ქალბატონს მხოლოდ ბრალი აქვს წაყენებული, ვინაიდან გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მსგავსი/Related

Back to top button