skip to content
ახალი ამბები

ევროკომისია ‘მომდევნო კვირებში’ ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირის წევრებს საქართველოსთვის ვიზების გაუქმებაზე

ევროკომისია „მომდევნო კვირებში“ საქართველოსთვის ვიზების გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებას წარადგენს, განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანმა 9 თებერვალს ბრიუსელში საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 

ვიზების ლიბერალიზაციაზე ოფიციალური წინადადების წარდგენის შემდეგ, ის ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ, რათა ბიომეტრიულ პასპორტების მქონე  საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღონ. 

„ჩვენი მხრივ, ჩვენ [ევროკომისია] სწრაფად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ჰანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ–მინისტრ კვირიკაშვილთან და მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპოლუსთან შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ასევე მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან–კლოდ იუნკერი.
 
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროული დასრულება არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი; საქართველომ წარმატებით შეასრულა ყველა ტექნიკური მოთხოვნა და ჩვენ მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებას“. 

ევროკომისიამ დეკემბერში განაცხადა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ამოცანა შეასრულა და ის „2016 წლის დასაწყისში“ შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება მისცენ. 
  
მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა განაცხადა: „საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო სამი წლის მანძილზე ამ მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად განხორციელებულმა  ნამდვილად რთულმა სამუშაომ… დადებითი შედეგები გამოიღო. ახლა კომისია საკანონმდებლო წინადადებას ამზადებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და ევროპარლამენტისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების დრო დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როდის მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო და ევროპარლამენტი“. 

როდესაც მას კონკრეტულ ვადებზე და ასევე იმის შესახებ ჰკითხეს, დასრულდება თუ არა პროცესი ზაფხულისთვის, ავრამოპოლუსმა უპასუხა: „შესაძლოა ადრეც, შესაძლოა ზაფხულის ფარგლებში“. 

ევროკომისარმა ჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს პროგრესში „არსებული კარგი ტემპის“ შენარჩუნების შემდგომი ნაბიჯებიც იქნა განხილული. 

მისი თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებზე –„მოსამართლეთა და პროკურორების დამოუკიდებლობაზე“. 

ჰანმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ძალისხმევას მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონებთან დაახლოების კუთხით და კომისია კმაყოფილია „ამ სამუშაოს შედეგებით“. 

„მჯერა, რომ საქართველო კარგად განაგრძობს საქმიანობას“, – განაცხადა ევროკომისარმა ჰანმა. 

პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მათ ასევე იმსჯელეს არჩევნების წელს უმაღლესი სტანდარტების დაწესების მნიშვნელობაზეც.
 
9 თებერვალს საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს შეხვდა. 10 თებერვალს იგი შეხვდება  ევროკომისარს კლიმატისა და ენერგორესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტეს; ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, კომისარს ენერგოგაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს; და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ჰერბერტ ზალბერს, რომელიც იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button