ახალი ამბები

მაჟორიტარულ ოლქებზე ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით 73 მაჟორიტარული ოლქის გათანაბრებას ისახავს მიზნად.

კანონპროექტზე, რომელიც დეპუტატებმა 10 დეკემბერს განიხილეს, კენჭისყრა 11 დეკემბერს გაიმართა და მას  82-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი 8-ის წინააღმდეგ.

ცვლილებების თანახმად, თბილისში 10-ის ნაცვლად 18 მაჟორიტარი აირჩევა, 13 ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და 42 ოლქის ფორმირება ამჟამად მუნიციპალურ საზღვრებში მოქცეული ოლქების გაყოფის, გაერთიანების ან შერევის გზით მოხდება.

ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, რომელმაც ინიციატივა განსახილველად ხუთშაბათს წარადგინა, განაცხადა, რომ მართალია ეს არაპოპულარული ნაბიჯი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ ცვლილებების შემოთავაზება იმის გამო გახდა საჭირო, რომ კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოვიდეს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მაჟორიტარული ოლქების მუნიციპალიტეტებზე მიბმის არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო, ვინაიდან ის არღვევს ხმების თანასწორობის პრინციპს და ოლქებს შორის ამომრჩეველთა უთანაბრობის მინიმუმამდე დაყვანისკენ მოუწოდა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის ეუთოს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები თავიანთი ანგარიშებში უკვე წლებია აყენებენ ოლქებს შორის უთანასწორობის პრობლემას. 

„საარჩევნო საკითხებში კარგი პრაქტიკის კოდექსში“, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საარჩევნო ოლქები იმგვარად იქნას  ფორმირებული, რომ საშუალო ნორმიდან დასაშვები გადახრა არ აღემატებოდეს 10%-ს, და "რა თქმა უნდა ეს არ უნდა აღემატებოდეს 15%-ს, გარდა განსაკუთრებული გარემოებებისა (კომპაქტურად დასახლებულ უმცირესობათა დაცვა, მეჩხერად დასახლებული ადმინისტრაციული ერთეული)“.

საქართველოს შემთხვევაში ოლქის საშუალო ზომა დაახლოებით 47 698 ამომრჩეველს შეადგენს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სულ 3 482 021 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოლქების ფორმირების შემოთავაზებული წესის თანახმად, ოლქების უმეტესობა 10–15%–იანი ზღვარის ფარგლებში მოექცევა მაშინ, როცა არსებული საზღვრების პირობებში 73 ოლქიდან, რომლებიც მუნიციპალურ დაყოფას ემთხვევა, ახლა მხოლოდ 12 ოლქი ჯდება 15%-იანი ცდომილების ფარგლებში.

თუმცა, ოლქების ფორმირების შემოთავაზებული ვარიანტით, 14 ოლქის შემთხვევაში საშუალო ნორმიდან დასაშვები გადახრა 15%–იან ზღვარს  სცდება. ამის მაგალითია, მესტიის ერთმანდატიანი ოლქი, რომლის საზღვრებიც უცვლელი რჩება, დაახლოებით, 8 000 ამომრჩევლით, რაც ბევრად ჩამორჩება ამომრჩეველთა საშუალო რაოდენობას.   

ქართული ოცნების დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ კანონპროექტის ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში გაგზავნა იგეგმება.

ქართული ოცნების ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ 2016 წლის არჩევნები კვლავ კონსტიტუციით განსაზღვრული შერეული სისტემით ჩატარდება, სადაც 77 დეპუტატი 150–წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით, ხოლო 73 დეპუტატი მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში ირჩევა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სისტემის შეცვლაზე უარის თქმით, მმართველი კოალიცია თავის თავზე ცდილობს შემოთავაზებული ინიციატივით კანონმდებლობის მორგებას, თუმცა მაჟორიტარული ოლქების „დაჩეხვისა“ და „ჭრა-კერვის“ მიუხედევად, მაინც ვერ უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნების შესრულებას.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის საერთოდ გაუქმდეს ერთმანდატიანი ოლქები და ამისთვის კონსტიტუციაში ცვლილებების მოთხოვნით 200 ათასზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერით შესაბამისი ინიციატივაც არის წარდგენილი პარლამენტში, თუმცა ქართული ოცნება აცხადებს, რომ ის ამ ცვლილების განხორციელებას მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისთვის დაუჭერს მხარს.

ქართული ოცნება აცხადებს, რომ 2016 წლის არჩევნებისთვის სისტემის შეცვლაზე, რასაც 113 დეპუტატის მხარდაჭერით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა სჭირდება,  კოალიციაში კონსენსუსი არ არსებობს და ამისთვის მზაობაც რომ იყოს, რეფორმის განხორციელება ვერ მოესწრება.

ამის სანაცვლოდ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, დედაქალაქში აქამდე არსებული 10-ის ნაცვლად შეიქმნება 18 მაჟორიტარული ოლქი და შესაბამისად, თბილისში რეგისტრირებულ 900 ათასზე მეტ ამომრჩეველს 18 მაჟორიტარული მანდატი ექნება პარლამენტში.

73-დან ოლქიდან 13 მაჟორიტარული ოლქის საზღვრები უცვლელი დარჩება და ისინი კვლავ მუნიციპალურ საზღვრებს დაემთხვევა. ეს ოლქებია: საგარეჯო, გურჯაანი, ახმეტა, მცხეთა, ხაშური; ახალქალაქი, ნინოწმინდა, მესტია, საჩხერე, ჭიათურა, წყალტუბო, სენაკი, ფოთი. 

დანარჩენი 42 ოლქი მუნიციპალიტეტების გაერთიანების ან დაყოფის შედეგად შეიქმნება, რიგ შემთხვევებში კი ერთი ოლქის რამდენიმე ოლქად დანაწევრება მოხდება, მათ შორის მომიჯნავე ოლქების ნაწილის მიერთების გზით.

კანონპროექტის თანახმად, მექანიკური შერწყმა ხდება სიღნაღის და დედოფლისწყაროს ოლქების; წალკისა და დმანისის ოლქების; დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ოლქების; ამბროლაურის და ონის ოლქების; ცაგერის და ლენტეხის ოლქების; აბაშისა და მარტვილის ოლქების; წალენჯიხისა და ჩხოროწყუს ოლქების, შუახევისა და ხულოს ოლქების. ამ გაერთიანებულ ოლქებს თითო მაჟორიტარული მანდატი ექნებათ პარლამენტში.

ცვლილებების შედეგად, ორად გაიყოფა რუსთავის ოლქი და ამ ქალაქს ერთის ნაცვლად 2 მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში.

ქუთაისს, რომელსაც ამჟამად ერთი მანდატი აქვს, ცვლილებების შედეგად სამი მაჟორიტარი ეყოლება, მათ შორის ერთს ქუთაისლები თერჯოლის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევენ.

ბათუმს, ცვლილებების შედეგად,  ასევე სამი მაჟორიტარი ეყოლება, საიდანაც ორს ხელვაჩაურის ამომრჩეველთა ნაწილთან ერთად აირჩევს; ამასთან ხელვაჩაურში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობა თავის მაჟორიტარს ქედის ელექტორატთან ერთად აირჩევს. 

მსგავსი სქემით ხდება ცვლილებას დაქვემდებარებული სხვა ოლქების ფორმირებაც.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ მეორე მოსმენისათვის შესაძლოა ოლქების საზღვრების კიდევ უფრო დაზუსტება და გადახედვა მოხდეს და ასევე დასძინა, რომ ვერ ხედავს „წინააღმდეგობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“.

„დარწმუნებული ვარ, რომ მეორე მოსმენის დროს ბევრი საკითხი კიდევ უფრო დაზუსტდება და სიცხადე შევა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 10 დეკემბერს საპარლამენტო დებატების დასრულების შემდეგ.

დებატების დროს დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება წინა ხელისუფლების შეცდომას იმეორებს, როცა მაჟორიტარულ სისტემას ინარჩუნებს.

„ნათელია, რომ თქვენ არ გაქვთ პოლიტიკური ნება [სისტემის შეცვლის], ისევე როგორც ჩვენ არ აღმოგვაჩნდა, როცა გვეგონა, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით, ჩვენ შევინარჩუნებდით ხელისუფლებას და უფრო ამახინჯებთ სისტემას“, – მიმართა მაჭავარიანმა კოლეგებს უმრავლესობიდან.

ქართული ოცნების დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა თავის გამოსვლაში მაჟორიტარული სისტემის დადებით მხარეებზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ  ამ ცვლილებების სასარგებლო ერთ-ერთი არგუმენტი ისიცაა, რომ გამიჯნავს ადგილობრივ თვითმმართველობას ცენტრალური ხელისუფლებისგან, რადგან პრობლემების გადაწყვეტის კუთხით მოსახლეობას ძირითადი ორიენტირი ექნება ადგილობრივ მმართველებზე და არა მაჟორიტარ დეპუტატებზე, რომელთა არჩევის არეალი უმეტეს შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საზღვრებს აღარ დაემთხვევა.

„ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები გახდნენ თანასწორი გადაწყვეტილების მიღებისას… ანუ ხმების წონა იყოს თანასწორი“, – განაცხადა დეპუტატმა ჟორჟოლიანმა. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებების არსი რეალურად იმაში მდგომარეობს, რომ ქართულ ოცნებას „ჭარბი ნდობის გაფლანგვის“ გამო „ეშინია“ იმის, რომ სხვა სისტემით არჩევნებში წარმატებას ვერ მოიპოვებს.

მმართველი კოალიცია აცხადებს, რომ ის ასევე გეგმავს ცალკე ცვლილებების ინიცირებას, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის არჩევისთვის 30%-იან ბარიერს 50%-მდე გაზრდის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button