ახალი ამბები

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი პრიორიტეტებზე საუბრობს



საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს ყოველწლიურ ამბასადორიალზე სიტყვით მიმართავს, 2 სექტემბერი, 2015 წელი. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების „სრულფასოვანი განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, განაცხადა საგარეო საქმეთა ახლად დანიშნულმა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 2 სექტემბერს. 

თბილისში ქართველი დიპლომატების ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოსვლისას, კვირიკაშვილმა, რომელიც 1 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე ეკონომიკის მინისტრი იყო, საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის „შეუქცევადობას“ გაუსვა ხაზი და ასევე აღნიშნა, რომ მთავარი აქცენტი ასევე ეკონომიკურ დიპლომატიაზე გაკეთდება.

„საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ცხადია, უცვლელი რჩება,  ვინაიდან ისინი არის განსაზღვრული, არა რომელიმე მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის თავისუფალი ნებით“, – განაცხადა მან ამბასადორიალზე თავის გამოსვლაში.

„მოხარული ვარ, რომ ვაგრძელებ ამ დიდ ტრადიციას, რასაც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება და საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ადგილის განმტკიცება ჰქვია“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, რომელმაც სამინისტროს ცვლილების მიუხედავად, მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტი შეინარჩუნა. 

პრიორიტეტებს შორის მან დაასახელა „პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გაზრდის“ საჭიროება, რათა „ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს“.

„გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში მუდმივად იყოს საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მცოცავი ანექსიისა და სამხედრო მილიტარიზაციის პროცესი; გავაგრძელებთ ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას; გავააქტიურებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პროცესს შორეულ ქვეყნებთან, რათა მსოფლიოს ყველა კუთხეში მივიტანოთ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ“, – განაცხადა მან.

„გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის შეუქცევადი კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ“, – აღნიშნა მინისტრმა თავის გამოსვლაში.

„ამ მიმართულებით, მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„უახლოესი პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ევროპასთან“, – განაცხადა მან.

„ძალისხმევას არ დავიშურებთ, ნატო-სთან შემდგომი დაახლოებისთვის“, – განაგრძო საგარეო უწყების ახალმა ხელმძღვანელმა, „უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტი“ მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან. ახლა მნიშვნელოვანია, მომავალ ვარშავის სამიტზე სათანადოდ აისახოს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი“.

"გავაგრძელებთ წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კვლავაც აქტიური იქნება ჩვენი მონაწილეობა ნატო-სა თუ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი პარტნიორების ბრძოლაში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადა მან.

„მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. ამერიკული საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამისათვის აქტიურად ვითანამშრომლობთ აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ასევე  საექსპერტო საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ვაშინგტონთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სავაჭრო დიალოგს, რაზეც უკვე გაწეულია მნიშვნელოვანი ძალისხმევა“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით,  „პრობლემების“ მიუხედავად, საქართველო კვლავ აგრძელებს „პრაგმატულ პოლიტიკას“ რუსეთთან.

„უსაფრთხოებისა და პოლიტიკის თემებზე მოლაპარაკებები, ბუნებრივია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაგრძელდება, ხოლო ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებზე სპეციალური წარმომადგენლები იმუშავებენ“, – განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა ორმხრივი დიალოგის ფორმატი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის. 

„ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან. გაგრძელდება სტრატეგიული თანამშრომლობა აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ასევე ტრადიციულად ახლო მეგობრული ურთიერთობები ჩვენს მეგობარ სომხეთთან“, – განაცხადა მან.

„არ გაგიკვირდებათ ალბათ, თუ გეტყვით, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ დღის წესრიგის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვაზე“, – აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

„ამჟამად მნიშვნელოვანი ამოცანაა „დიდი აბრეშუმის გზის“ პროექტის წარმატებით ამოქმედება. მოგეხსენებათ, ოქტომბერში ვმასპინძლობთ მაღალი დონის დიალოგს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში. პრიორიტეტული მიმართულება იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და რეგიონულ ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობის გაზრდა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება „თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს“ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს.

„აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულფასოვანი განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერება და საქართველოს ინტეგრირება, როგორც რეგიონულ, ასევე მთლიანად ჩვენს ახლო და შორეულ სამეზობლოსთან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელებში. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება, რომლის განვითარებაზეც ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯება“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა.   

სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში, კვირიკაშვილმა ასევე გაუსვა ხაზი ირანზე საერთაშორისო სანქციების მოხსნის პერსპექტივას და აღნიშნა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო პროცესია.

ამბასადორიალზე გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ საქართველო „ურყევად, მტკიცედ“ მიყვება დასავლურ კურსს, „ჩვენ ასევე ვცდილობთ განვავითაროთ სხვა ურთიერთობები“.

„გუშინ ბატონმა გიორგიმ ახსენა, რომ ევრაზიის კონტინენტზე განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, ყველა იმ პოტენციალს, რომელიც არსებობს ამ კონტინენტზე. ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ დიახ, ეს არის სწორი მიმართულება, სწორი გზავნილი, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ამოცანა რაც არის  – ევროინტეგრაცია, ჩვენი მისწრაფება ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები ჩინეთთან, აზიის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ასევე გეტყვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ის პრაგმატული დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ წლების განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებით – ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, ხელი შევუწყვეთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის გაზრდას“, –  განაგრძო მან, „ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა მთავრობამ შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ ის პრაგმატული, გონივრული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს და პრაგმატულ პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button