ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შესარჩევად კონსულტაციებს იწყებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს 7 თვით ადრე, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს 2016 წლის თებერვალში უფლებამოსილების ვადა ამოეწურება, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.

კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ასარჩევად და ასევე, ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილის დავალებით ის წარუძღვება გიორგი ქადაგიძის უფლებამონაცვლის შერჩევის „ძალიან ღია პროცესს“, რომლის ფარგლებში კონსულტაციები გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საბანკო სექტორთან, ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან და თავად ეროვნულ ბანკთან.

ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი კანდიდატის წარდგენის წინ ფართო კონსულტაციებს მიმართავს. ამგვარი პროცესი უძღოდა წინ მის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის წარდგენას.

პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ოთხშაბათს პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში დაგეგმილი "უარგუმენტო" ცვლილებები, რომელიც ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევას ითვალისწინებს.

ეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატების, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურისა და მისი მოადგილის ნოდარ ებანოიძის ავტორობით 21 ივნისს დარეგისტრირდა პარლამენტში და მას ღიად დაუჭირა მხარი ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს ასოციაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობოს ორგანიზაციები ნაწილის კრიტიკის სამიზნეც გახდა. ცვლილებებზე, რომლის საჭიროებაც თამაზ მეჭიაურმა ეროვნული ბანკის „დეპოლიტიზირების“ საჭიროებით ახსნა, საკომიტეტო განხილვების დაწყება 25 ივნისს იგეგმება პარლამენტში.

„სამწუხაროდ, დღემდე, კანონპროექტის არც ავტორებს და არც მათ მხარდამჭერებს, თუნდაც მცირე პროფესიული არგუმენტიც კი არ წარმოუდგენიათ ამ ცვლილების განხორციელების აუცილებლობასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ბატონი ქადაგიძე არის მიუღებელი და საჭიროა მისი ნეიტრალიზაცია“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

„კატეგორიულად დაუშვებლად მიგვაჩნია კონკრეტულ პიროვნებათა გამო ინსტიტუტების მსგავსი ნგრევა“, – განაგრძო მან, „გარდა ამისა, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სწორედ ახლა დავიწყეთ ბატონი ქადაგიძის ადგილმონაცვლის შერჩევის ძალიან ღია პროცესი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 7 თვე დარჩა და შესაბამისად, კიდევ უფრო დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე; და ბოლოს, მსურს განვაცხადო, რომ აღნიშნული ცვლილების ძალაში შესვლა, ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას; გამომდინარე აქედან, ცვლილებებით გამოწვეულ შედეგებზე, შესაბამისი პასუხისმგებლობა მის ყველა მხარდამჭერს ეკისრება“.

პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტისთვის ვეტოს დადება მოუწევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button