ახალი ამბები

‘საჰაერო თავდაცვის სისტემის’ შესყიდვაზე ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულება გაფორმდა



კომპანია ThalesRaytheonSystems (TRS)-ის ფრანგული ნაწილის აღმასრულებელი დირექტორი ჟერომ ბენდელი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 2015 წლის 15 ივნისი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველომ ხელი მოაწერა შეთანხმებას საფრანგეთთან „წამყვანი“ სისტემის შესყიდვის თაობაზე, რის შედეგადაც ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობა იქნება „გარანტირებული“, და ასევე მზადდება ხელმოსაწერად მეორე შეთანხმება იარაღის შესყიდვის თაობაზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა 15 ივნისს.
 
ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი იმ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ორი თვის წინ ყოფილ თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებსა“ და მთავრობას შორის პოლიტიკური ბრალდებების წყარო გახდა.
 
ოფიციალური პირები ხელშეკრულების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ მისი კონფიდენციალურობის მოტივით.
 
თავდაცვის სამინისტრომ არ გაავრცელა ინფორმაცია არც სისტემების ტიპის და არც კონტრაქტის ღირებულების თაობაზე.
 
მან ის კომპანიაც არ დაასახელა, რომელთან შეთანხმებასაც მოაწერა ხელი თინა ხიდაშელმა პარიზში 15 ივნისს გამართული საავიაციო გამოფენის ფარგლებში.
 
თუმცა თავდაცვის სამინისტრომ ხელმოწერის ცერემონიის ამსახველი მოკლე ვიდეო გაავრცელა, საიდანაც ჩანს, რომ შეთანხმებას ფრანგული კომპანიის Thales და ამერიკული Raytheon-ის ერთობლივმა საწარმომ ThalesRaytheonSystems (TRS)-მა მოაწერა ხელი.
 
TRS აწარმოებს სახმელეთო სათვალთვალო რადარებს, საჰაერო თავდაცვის სამეთაურო და საკონტროლო სისტემებს, ასევე კიბერ შესაძლებლობებს სთავაზობს.
 
TRS–ს სახელით შეთანხმებას ხელი მოაწერა კომპანიის ფრანგული ნაწილის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟერომ ბენდელმა.
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიერ შეთანხმების ხელმოწერის დროს მაგიდაზე ჩანდა პატარა მაკეტი, რომელიც სავარაუდოდ TRS–ს მიერ წარმოებული GM 200 საშუალო მოქმედების რადიუსის რადარია. თუმცა, უცნობია კონტრაქტი სწორედ ამ სისტემის შესყიდვას ითვალისწინებს, თუ არა.
 
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ხიდაშელი TRS–ის მიერ წარმოებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას SkyView-ს ათვალიერებს პარიზის საავიაციო გამოფენაზე.
 
შესაძლებელია, რომ ხელშეკრულება უფრო ფართო თავდაცვითი შესყიდვის შეთანხმების ნაწილი იყოს.
 
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განუცხადა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს დეტალების დაკონკრეტების გარეშე, რომ ის საფრანგეთში „რამდენიმე კვირაში“ კიდევ დაბრუნება მომდევნო შეთანხმების ხელმოსაწერად.
 
„მე ნამდვილად არ შემიძლია ხელშეკრულების დეტალებზე საუბარი. ასეთი ტიპის დოკუმენტები, ასეთი ტიპის შესყიდვების შესახებ ინფორმაცია, უნდა იყოს ყველაზე მაღალი რანგის სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს საუბარი რუსულ ენაზე გავაგრძელოთ და თარგმანშიც აღარ მოუწევთ ფულის დახარჯვა ისე შეიტყობენ პირდაპირ ჩვენგან ინფორმაციას“, – განაცხადა ხიდაშელმა ორშაბათს საღამოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას პარიზიდან.
 
„როდესაც უკვე კონტრაქტი დასრულდება და როდესაც ეს იარაღი საქართველოში ჩამოვა, ჩვენ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ღიად ვთქვათ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვისუნარიანობა არის გარანტირებული“, – განაცხადა მან.
 
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იქნება მაქსიმალურად დაცული. საქართველო ყიდულობს იმ ტიპის და ხარისხის იარაღს, რომელიც გამოიყენება დღეს ნატოს ყველაზე წამყვან ქვეყნებში და ითვლება ერთ–ერთ ყველაზე წამყვან ინფრასტრუქტურად საჰაერო თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ხიდაშელმა.
 
„ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას; მთავრობის გეგმები გაცილებით უფრო დიდია და ძალიან მალე თქვენ ასევე შეიტყობთ მეორე ხელშეკრულების შესახებაც, რომელსაც ასევე საფრანგეთში, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გავაფორმებთ“.
 
მან ასევე განაცხადა, რომ „სულ რამდენიმე კვირაში უკან დავბრუნდებით პარიზში და კიდევ ერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გავაფორმებთ“, თუმცა დეტალებზე საუბრისგანაც მან თავი შეიკავა. 
 
მისი თქმით, „ბევრი მიზეზის გამო“ დასავლელი პარტნიორები „მაინცდამაინც მოწადინებული არ იყვნენ“, რომ ამ ტიპის კონტრაქტები გაეფორმებინათ წინა ხელისუფლებასთან. „მაგრამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეს ფანჯარა გაიხსნა“, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ეს აჩვენებს ნდობას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ.
 
15 ივნისს ხიდაშელი თავის ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა პარიზში.
 
„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან. ვისაუბრეთ ძალიან ფართო თემებზე, მათ შორის თანამშრომლობაზე საფრანგეთთან იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან. 
 
ხიდაშელი მესამე თავდაცვის მინისტრია, რომელსაც ჟან-ივ ლე დრიანი შეხვდა ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. იგი ყოფილ მინისტრს ირაკლი ალასანიას სამჯერ შეხვდა – 2013 წლის ნოემბერში; 2014 წლის აგვისტოში და 2014 წლის ოქტომბერში. იგი ასევე შეხვდა ალასანიას შემცვლელს ამ პოსტზე, მინდია ჯანელიძეს 2015 წლის მარტში.  
 
ხიდაშელმა თავის ორივე წინამორბედს – ალასანიას და ჯანელიძეს – მადლობა გადაუხადა ხელშეკრულებაში შეტანილი წვლილისთვის.
 
მან ასევე განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობები „არის მაქსიმალურად მომგებიანი“ საქართველოსთვის და საფრანგეთის მხარეს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის.
 
აპრილის დასაწყისში ალასანიამ განაცხადა, მთავრობამ უარი თქვა თავდაპირველ შეთანხმებაზე – შესასრულებლად არასავალდებულო ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელიც მან საფრანგეთში ოქტომბრის ბოლოს, მინისტრობიდან გათავისუფლებამდე შეათანხმა და რომელიც ქვეყნისთვის საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შესაძლებლობას ქმნიდა. ეს ბრალდება კატეგორიულად უარყო მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, რომელიც ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანია.
 
„მე ნამდვილად ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ გახდა ეს ხელშეკრულება პოლიტიკური თემა“, – განაცხადა  ხიდაშელმა და დასძინა, რომ საკითხი დასრულებული და კონტრაქტი გაფორმებულია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button