ახალი ამბები

გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 3 ივნისს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 75–მა ქვეყანამ დაუჭირა 16–ის წინააღმდეგ; 78–მა კი თავი შეიკავა.

ეს უკვე მერვე შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციაა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს 2008 წლის შემდეგ.

გასულ წელს ანალოგიურ რეზოლუციას მხარი 69 ქვეყანამ დაუჭირა 13–ის წინააღმდეგ; 79–მა კი თავი შეიკავა.

თურქეთმა, რომელიც წინა წლებში ყოველთვის თავს იკავებდა, წელს პირველად დაუჭირა მხარი რეზოლუციას.

საქართველო აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას ყოველ მომდევნო წელს.

რუსეთმა, რომელიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ ინიცირებულ ამ რეზოლუციებს, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ყოველწლიურად ამ საკითხის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაყენება საქართველოს „პოლიტიზირებული“ ინიციატივაა და „პროპაგანდისტულ მიზნებს“ ემსახურება. რუსეთის წარმომადგენელმა განუცხადა ასამბლეას  3 ივნისს, რომ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების გარეშე გაეროში რეზოლუციის განხილვა „კონტრპროდუქტიული“ და „აზრს მოკლებულია“, რაც ასევე აფერხებს დევნილთა საკითხის განხილვას ჟენევის დისკუსიებზე.

ჟენევის მოლაპარაკებებზე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები უარს აცხადებენ დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე და ამის მიზეზად თბილისის მიერ საკითხის „პოლიტიზირებას“ ასახელებენ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ამ თემის  ყოველწლიურად დაყენებით.

რუსეთის წარმომადგენელმა ასევე განუცხადა ასამბლეას, რომ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მთავარი საკითხი უსაფრთხოებაა, მაგრამ „საქართველოს დაჟინებული უარი, რომ ხელი მოაწეროს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებებს“ სოხუმთან და ცხინვალთან „არ უწყობს ხელს დევნილთა უსაფრთხო დაბრუნებისთვის პირობების შექმნას“. თბილისს, რომელმაც ცალმხრივად უკვე დადო ძალის არგამოყენების პირობა, სურს, რომ რუსეთმაც ანალოგიური ვალდებულება აიღოს, თუმცა მოსკოვი უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

საქართველოს ელჩმა გაეროში, კახა იმნაძემ განუცხადა ასამბლეას კენჭისყრამდე, რომ რეზოლუცია „არ არის მიმართული რომელიმე მხარის წინააღმდეგ“.

„ის ასევე არ ისახავს მიზნად იმ პირთა დადანაშაულებას, ვინც იძულებით გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. მისი მთავარი ფოკუსირება ადამიანის უფლებებზე არის მიზანმიმართული არჩევანი, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური სპეკულაცია იმ დროს, როდესაც საფრთხე გადაადგილებულ პირთა ფუნდამენტურ უფლებებს ექმნება“, – განაცხადა იმნაძემ.

„რეზოლუციის ტექსტი უცვლელი რჩება, რადგანაც მისი დებულებები კვლავაც შეუსრულებელია“, – განაცხადა ქართველმა დიპლომატმა, „ამ რეზოლუციის ყოველ წელს ინიცირებით, ჩვენ პოლიტიკას გვერდზე ვდებთ და მხოლოდ პრობლემის ჰუმანიტარულ მხარეზე ვაკეთებთ აქცენტს“.

თურქეთის გარდა, სხვა ქვეყნები, რომლებიც წინა წლებში თავს იკავებდნენ და არ აძლევდნენ ხმას რეზოლუციას და რომლებმაც წელს მხარი დაუჭირეს მას, არიან: პანამა, გვატემალა, სენტ–კიტსი და ნევისი; ტრინიდადი და ტობაგო, გაიანა და ტონგა.

რუსეთთან ერთად, სხვა ქვეყნები, რომლებიც ჩვეულებრივ რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევენ ხმას, არიან: სომხეთი, ბელარუსი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ლაოსი, მიანმარი, ნაურუ, ნიკარაგუა, სუდანი, სირია, ვენესუელა და ვიეტნამი. ბურუნდი, რომელმაც შარშან მხარი დაუჭირა, წელს წინააღმდეგ მისცა ხმა; მალდივის რესპუბლიკამ და ზიმბაბვემ, რომელთაც შარშან საერთოდ არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, წელს წინააღმდეგ მისცეს ხმა.

ჰონდურასმა და ვანუატუმ, რომელთაც შარშან მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, წელს თავი შეიკავეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი მიესალმა კენჭისყრის შედეგებს და განაცხადა, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდის ამოცანა „წელს წარმატებით შესრულდა“.

„ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის წარმომადგენლები ტრადიციულად შეეცადნენ ამ საკითხის პოლიტიზირებას“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. 

მსგავსი/Related

Back to top button