ახალი ამბები

თბილისში აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა 2 აპრილს თბილისში მეორე სამმხრივი შეხვედრა გამართეს.

სამმხრივი ფორმატის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის ქალაქ ნახიჭევანში 2014 წლის აგვისტოში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ყოველ ექვს თვეში გამართავენ მსგავს შეხვედრებს. მომდევნო შეხვედრა თურქეთში შემოდგომაზე გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა, რომ შეხვედრა “ძალიან ნაყოფიერი“ იყო, რომლის დროსაც თავდაცვის მინისტრებმა ერთმანეთს რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. 

„ჩვენ  ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ, მშვიდობის განმტკიცებისკენ. ჩვენი თანამშრომლობა არავის წინაააღმდეგ მიმართული არ არის, არც ერთი მხარის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ რეგიონში სტაბილურობისკენ, მშვიდობისკენ და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის განვითარებისკენ“, – განაცხადა ჯანელიძემ, რომელსაც გვერდით აზერბაიჯანელი და თურქი კოლეგები ედგნენ.

„მე მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნები თანმიმდევრულად, დინამიურად განვითარდნენ“, –  განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ „ეს ნაყოფიერი თანამშრომლობა“ მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ჯანელიძემ თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებს საჩხერის საწვრთნელ ბაზაზე ქართველი, აზერბაიჯანელი და თურქი სამხედროებისთვის ერთობლივი საწვრთნელი კურსების ჩატარება შესთავაზა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იშმეთ ილმაზმა განაცხადა, რომ სამივე ქვეყანა თანხმდება იმაზე, რომ ეს სამმხრივი ფორმატი ძალიან კარგი მექანიზმია სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის.

მისი თქმით, სამ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მომზადებაზე  მუშაობა გაგრძელდება. ამ მემორანდუმის ხელმოწერა თურქეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას დაეხმარება, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა განაცხადა, რომ სამ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის შევსება თავდაცვის სფეროში ამ სამმხრივი ფორმატით ძალიან მნიშვნელოვანია. მან განაცხადა, რომ სამი ქვეყანა თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს, სხვა მიმართულებებთან ერთად, ერთობლივი წვრთნების საშუალებითაც.

2012 წლიდან სამმხრივ ფორმატში შეხვედრებს ასევე მართავენ ამ სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებიც, ხოლო 2014 წლის მაისში თბილისში აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.  

2 აპრილს თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრები ასევე მიიღო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.       

მსგავსი/Related

Back to top button