მთავარი / ახალი ამბები / უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა



უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე ხელს ართმევს თავის წინამორბედს, კოტე კუბლაშვილს პრეზიდენტ მარგველაშვილის თანდასწრებით უზენაესი სასამართლოს შენობის წინ 23 მარტს. ფოტო: უზენაესი სასამართლოს პრესსამსახური

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 23 მარტს მოსამართლეებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე წარუდგინა, რომელიც პარლამენტმა ათი წლის ვადით გასულ კვირას დაამტკიცა და მან ამ პოსტზე კოტე კუბლაშვილი შეცვალა.

„მე მჯერა, რომ დღეს ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მტკიცე ნაბიჯს იმისათვის, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო დაფუძნდეს, რომელიც არ არის ვალდებული გაითვალისწინოს პოლიტიკოსების ინტერესები“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს შენობაში 23 მარტს გამართულ ღონისძიებაზე. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომელმაც გვენეტაძე ერთთვიანი შერჩევის პროცესის შემდეგ წარადგინა, განაცხადა, რომ დამტკიცებამდე, მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, გვენეტაძემ მოსმენების და მედიის, დეპუტატების და საზოგადოების მიერ შესწავლის საფუძვლიანი პროცესი გაიარა. თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მთელი ეს პროცესი აბსოლუტურად გამჭირვალე იყო და საზოგადოების თვალწინ მიმდინარეობდა.

მან ასევე ხაზი გაუსვა „ინსტიტუციურ მემკვიდრეობას“ და მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს წინა თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს ღონისძიებაზე დასწრებისთვის.

„შეიძლება გვქონდეს სხვადასხვა შეხედულება, მაგრამ მთავარი ჩვენი სამშობლოა და ასე ვაძლიერებთ მის ინსტიტუტებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა, „ინსტიტუტების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ჩვენგანისათვის, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კოტეს მობრძანებისათვის“.

„დღეს თაობები იცვლება – ერთი თავმჯდომარე მიდის, მეორე მოდის, მაგრამ ინსტიტუტი რჩება. და ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – დასძინა მან.

თავის გამოსვლაში უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული ბოლო 10 წლის მანძილზე, მაგრამ ხარვეზები კვლავ რჩება. მან თავის შემცვლელს სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორება უსურვა.

კუბლაშვილის მმართველობის პირობებში, 2005 წლის დეკემბერში გვენეტაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს პირველი ქალი თავმჯდომარეა, უზანაესი სასამართლოს წევრობა ვადამდე შეუწყდა პროცესუალური გადაცდომების მოტივით მას შემდეგ, რაც მან კოლეგა ე.წ. „მეამბოხე მოსამართლეებთან“ ერთად მაშინდელი ხელისუფლება საჯაროდ დაადანაშაულა ზეწოლაში. გათავისუფლებამდე ნინო გვენეტაძე ექვსი წლის განმავლობაში ატარებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტიას; მანამდე, 1998-1999 წლებში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა; ის არის სამართლის დოქტორი და პროფესორი, გააჩნია მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება.

„ქვეყანას აქვს რეალური შანსი, რომ მიიღოს მართლაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება და ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ“, – მიმართა გვენეტაძემ მოსამართლეებს, რომლებიც 23 მარტის ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

„ყოველი თქვენთაგანი თავს უნდა გრძნობდეს დამოუკიდებლად, რათა ხელისუფალთა განცხადებებმა, ან არასწორად ფორმულირებულმა საზოგადოებრივმა აზრმა გავლენა არ მოახდინოს თქვენს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე“, – დასძინა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ  „ქართული სასამართლო და მართლმსაჯულება ისტორიული პერიოდის წინაშე დგას, მას აქვს გამოწვევები და დიდი შესაძლებლობები“.

„დღეს ჩვენ გვყავს პოლიტიკური ელიტა, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, რომლებიც ნათლად, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა მან. 

„სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა“, – დასძინა მარგველაშვილმა.

This post is also available in: ინგლისური რუსული

About wpadmin