ახალი ამბები

პარლამენტმა საკონსტიტუციო კომისიას ცვლილებების პროექტის მომზადების ვადა მეორედ გაუგრძელა

პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას კონსტიტუციის გადასინჯვის შესახებ კანონპროექტის წარდგენის ვადა 15 სექტემბრამდე, უკვე მეორედ გაუხანგრძლივა.

თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ 2013 წლის დეკემბერში შექმნილ სახელმწიფო კომისიას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის მომზადებაზე მუშაობა 1 სექტემბრისთვის დაესრულებინა. თუმცა ეს ვადა პირველად ივლისში 2015 წლის 1 მარტამდე გახანგრძლივდა და ამჯერად, უკვე ამ თარიღის 15 სექტემბრამდე გადაწევას 19 თებერვალს გამართულ კენჭისყრაზე 101 დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

„მუშაობა სამუშაო ჯგუფებში ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა ბევრი მიზეზის გამო მეტი დროა საჭირო კონსენსუსის მისაღწევად ამ თემებზე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა 19 თებერვალს ბიუროს სხდომაზე. 

კონსტიტუციაში ცვლილებების მიღებას სულ ცოტა 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, რაც პარლამენტის ამჟამინდელ კონფიგურაციაში მიუღწეველი ამოცანაა ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების მხარდაჭერის გარეშე.

დავით უსუფაშვილმა საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს განაცხადა, რომ „განსაკუთრებული ძალისხმევა“ სჭირდება იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიის „პროდუქტს“ ჰქონდეს „მაღალი ალბათობა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის გათვალისწინება მოხდება“.

„15 სექტემბერი – ეს არის ბოლო ვადა ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში, თუ ჩვენს პარლამენტს აქვს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანოს საჭირო ცვლილებები მისი გაუმჯობესების მიმართულებით, ვინაიდან ცვლილებებს სჭირდება ორ სხვადასხვა სესიაზე დამტკიცება და ეს შესაძლებელია შემდგომ საშემოდგომო სესიაზე და 2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში.

თუმცა მან ასევე არ გამორიცხა, რომ „პირველი რიგის ძალიან მნიშვნელოვანმა საკითხებმა“, რომელიც „პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას“ და „სხვა რამდენიმე მიმართულებას“ უკავშირდება და არ ითხოვს კონსტიტუციის ფუნდამენტურ გადასინჯვას,  კანონპროექტის სახე ამ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მიიღოს.

„საკონსტიტუციო კომისიას შევთავაზებდი გვეფიქრა ასეთ მოდელზე, რომ უახლოეს ორ თვეში შეგვემუშავებინა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მოსაზრებები და წარმოგვედგინა პარლამენტისთვის, ხოლო ძირითადი ცვლილებები არაუგვიანეს 15 სექტემბრისა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მან კონკრეტულ თემებზე საუბარს, მათ შორის იმის დაკონკრეტებას, თუ რომელ საკითხებზე არსებობს შეთანხმების ალბათობა, ამ ეტაპზე თავი აარიდა, თუმცა თქვა, რომ მარტის შუა რიცხვებში გეგმავს კომისიის სხდომის მოწვევას, რათა პოზიციების საბოლოო დაფიქსირება მოხდეს.  მან ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამის შემდეგ, შუალედური ანგარიში წარუდგინოს პარლამენტს კომისიაში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ხათუნა გოგორიშვილის შეკითხვაზე, მოიცავს თუ არა „პირველი რიგის“ საკითხები საარჩევნო სისტემას, უსუფაშვილმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე „მეც აუცილებლად წარმოგიდგენთ ჩემს პოზიციას – შევეცდები ეს იყოს შეჯერებული და არა ჩემი პირადი“.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საარჩევნო სისტემის შეცვლისკენ მოუწოდებენ, კერძოდ კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების კუთხით, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გარეშე ვერ განხორციელდება, ვინაიდან კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ  პარლამენტი შედგება „პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან“.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლას. ამ საკითხზე თავისი პოზიცია ქართული ოცნების მმართველ კოალიციას ჯერ არ დაუფიქსირებია.

დავით უსუფაშვილმა, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, თავის გამოსვლაში ასევე უსაყვედურა ნაციონალური მოძრაობის უმცირესობის წარმომადგენლებს იმის გამო, რომ ფაქტიურად არ მონაწილეობენ კომისიის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში და შესაბამისად, „არც მათი მოსაზრებებია წარმოჩენილი“. მან უმცირესობას პროცესში „სრულფასოვნად“ ჩართვისკენ მოუწოდა და ასევე ამ კუთხით პრეტენზიები გამოთქვა უმრავლესობის ცალკეული წევრების მიმართაც.

იმავდროულად, უსუფაშვილმა ასევე არ გამორიცხა კომისიის შემადგენლობის განახლება, რათა პარტიებმა შეცვალონ ის წევრები, რომლებიც კომისიის მუშაობას იგნორირებას უკეთებენ. კომისიაში ასევე შესაცვლელი იქნება უზენაესი სასამართლოს ამჟამინდელი თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 23 თებერვალს ეწურება.

საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის შექმნის გადაწყვეტილება პარლამენტმა 2013 წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღო, ხოლო 27 დეკემბერს მისი დებულება და შემადგენლობა დაამტკიცა. 

კომისიის სტრუქტურაში ხუთი სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლებიც შემდეგ მიმართულებებზე მუშაობენ: ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა პარლამენტს, მთავრობას და პრეზიდენტს შორის; ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა; სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები – უშიშროების საბჭო, ეროვნული ბანკი, სახალხო დამცველი, აუდიტის სამსახური; სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა, ადგილობრივი მმართველობა, თვითმმართველობა; კონსტიტუციის ზოგადი დებულებები და მისი გადასინჯვის წესები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button