ახალი ამბები

არასამთავრობოები ‘არაფორმალურ მმართველს’, ივანიშვილს ‘მუქარის შემცველი განცხადების’ გამო აკრიტიკებენ

2 თებერვალს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში 46–მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაგმო ექს–პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის საქმიანობას იკვლევს, და მას „მუქარის შემცველი განცხადება“ უწოდა.

ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია „საზოგადოება 2030“, მოამზადებს ანალიზს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე და ასევე ცალკე კვლევა კეთდება „მთავრობაზე დიდი“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების თაობაზე,  რომელთა მიმართაც „ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს“.

მან კონკრეტულად დაასახელა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, საერთაშორისო გამჭივრვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩევლად დაინიშნა ადამიანის უფლებათა საკითხებში.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლის გამო. ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ნაწილის მიმართ, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ემსახურებიან დემოკრატიული ღირებულებების დაცვას, თავისუფლებისა და თანასწორობის იდეის მხარდაჭერას და ევროპული ტიპის სახელმწიფო მართვის სისტემების შექმნას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სხვებთან ერთად ხელს აწერენ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო; ადამიანის უფლებათა ცენტრი; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი; კონსტიტუციის 42–ე მუხლი;  სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

განცხადებაში ასევე საუბარია პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2014 წლის მაისში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც ის არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა, რომლებიც კამპანიაში „ეს შენ გეხება“ არიან გაერთიანებული და განაცხადა, რომ ეს ჯგუფი „ძირგამომთხრელ“ და „ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელ“  საქმიანობას ეწევა, რათა „შეარყიონ ქვეყნის იმიჯი“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისი „მუქარის შემცველი“ განცხადებით, ივანიშვილმა „ფაქტობრივად, წინასწარ გამოაცხადა სამოქალაქო ორგანიზაციის ლიდერებზე მაკომპრომატირებელი მასალის გამოქვეყნება“.

„მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის არა ერთი მოქალაქის, არამედ სახელმწიფოს არაფორმალური მმართველის პოზიცია“, – ნათქვამია განცხადებაში, „მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი რიტორიკა ხელისუფლების დეკლარირებული ღირებულებებიდან გადახვევაა. ეს განცხადებები საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ მიზანმიმართულად წარმოებული კამპანიის შთაბეჭდილებას ტოვებს. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ვნებს დემოკრატიულ ღირებულებებსა და იდეებს, რომლებსაც სამოქალაქო საზოგადოების წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან, არამედ აღნიშული ღირებულებების მოწინააღმდეგე ჯგუფებსაც აძლიერებს. აღნიშნული ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია და სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას უშლის ხელს“.

„ხელისუფლების წევრებსა და სხვა პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლისა და მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან“, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.

ამ განცხადების კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ მისთვის „აბსოლუტურად გაუგებარი და აუხსნელია“, თუ რატომ არის ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ „კრიტიკა ან გამოთქმული აზრი გაკვირვების საგანი“.

„ჩვენ საქართველოში უზრუნველვყავით სრული გამჭირვალობა და სრული დემოკრატია“,  – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, „ყველა ადამიანის, ყველა ორგანიზაციის სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული ჩვენს ქვეყანაში“.

„მიუხედევად იმისა მე ხშირად მომწონს თუ არ მომწონს თქვენი ნათქვამი – „რუსთავი2“-ის იქნება თუ სხვა ტელევიზიის, ხუმრობით ვამბობს ამას, მაგრამ იქნება ეს რომელიმე არასამთავრობო თუ სხვა, ამის მიუხედევად ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სიტყვის თავისუფლება იყოს  გარანტირებულად დაცული საქართველოში“, – განაცხადა პრემიერმა.

ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, აშშ–ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა 29 იანვარს: „ვიცი, რომ ბატონი ივანიშვილი ყოველთვის ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და ეს საინტერესო დისკუსიას იწვევს. რა თქმა უნდა, დემოკრატიაში განუზომელია დიალოგისა და იდეების თავისუფალი გაცვლის როლი, აგრეთვე ძლიერი მედიასექტორისა და არასამთავრობო სექტორის როლიც. ვფიქრობ, ნათელია, რომ ბატონი ივანიშვილის ხმა ამ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიტყვი იმას, რომ ჩვენ, ამერიკის საელჩოში, გვქონდა და კვლავაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობასა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button