ახალი ამბები

ივანიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს

ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არც საჭირო და არც სასურველია, მაგრამ „არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“.

ტელეკომპანია „იმედთან“ ერთსაათიან ინტერვიუში, რომელიც 28 იანვარს გავიდა ეთერში, ივანიშვილმა ასევე ისაუბრა უკრაინის, რუსეთთან ურთიერთობების, დაგეგმილი სატელევიზიო გადაცემის შესახებ, რომელშიც ის „აქტიურად“ იქნება ჩართული, ასევე გაახმოვანა გეგმები სატელევიზიო სერიალის თაობაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის 200–ზე მეტ ეპიზოდს ასახავს და ისაუბრა მისი ორგანიზაციის განზრახვაზე, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის საქმიანობა შეისწავლოს.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლებელია, ივანიშვილმა უპასუხა: „მე არ ვისურვებდი“.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება „უნდა მიეჩვიოს, რომ კანონის ჩარჩოებში ვიცხოვროთ“. მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის ოქტომბერში უწევს.

„ჩემი სურვილი არ იქნებოდა და ამის აუცილებლობასაც მე ვერ ვხედავ, მაგრამ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ და თუ პროცესები ისე განვითარდება, რომ ამის აუცილებლობა დადგება, არავითარი კატასტროფა ამაში არაა.  თუმცაღა, არ იქნებოდა კარგი და ჯობდა, რომ ეს ყველაფერი კონსტიტუციურად განვითარებულიყო და დიდი ალბათობით, ასეც იქნება“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან განაცხადა, რომ მთავრობა „ძალიან ეფექტურია“ და დასძინა, რომ ის ვერ ხედავს „რაიმე იმის მსგავსს, რომ [პრემიერ–მინისტრ ირაკლი] ღარიბაშვილს რაიმე ემუქრებოდეს“.

უკრაინის შესახებ საუბრისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს და დასძინა, რომ მართალია საქართველო მხარდაჭერას უნდა უცხადებდეს უკრაინას, მაგრამ მან ამ პროცესში „სწორი ადგილი უნდა დაიკავოს“. 

მან ნაციონალური მოძრაობა და ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ საკუთარი პოლიტიკური სარგებლისთვის ქართველებს უკრაინაში ბრძოლისკენ მოუწოდებენ.

 „საკუთარ შვილებს მოუწოდონ პირველ რიგში ამ მომწოდებლებმა, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ქართველები უნდა წავიდნენ და უკრაინაში დაიხოცონ, და ვისაც ამის სურვილი და განცდა აქვს მოქალაქეებს და მათ რიცხვში ჟურნალისტებსაც, საკუთარი შვილებით დაიწყონ და მაგალითი აჩვენონ,“ – განაცხადა მან.    

„ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და უნდა მოვახერხოთ ჩვენი ადგილი კარგად გავიგოთ და ყველაზე რთულ სიტუაციებშიც ჩვენ ვნახოთ ჩვენი ადგილი“, – განაცხადა ივანიშვილმა, „რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვუთანაგრძნობთ უკრაინის ხელისუფლებას“.

„ეს სახიფათოა ჩვენთვის, დღეს იქ რაც ხდება, ასევე სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის და მთელი ევროპისთვის, ამ ნიშნით და ამ კუთხით სახიფათოა ასევე საქართველოსთვისაც, მაგრამ არა უფრო მეტი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ზოგადად რაც რუსეთსა და უკრაინას შორის ხდება კატასტროფაა“, – განაგრძო მამ, „ის, რასაც რუსეთი აკეთებს, პრობლემას უქმნის არა მარტო რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოს. ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა როლი ამ პროცესებში“.

მისი თქმით, „ძალიან ცუდია“, რომ ქართველები, რომლებიც ცდილობდნენ „ჩვენ მეგობრებს“ დახმარებოდნენ,  დაიღუპნენ უკრაინაში, მაგრამ მოწოდებები, რომ წავიდნენ უკრაინაში და იბრძოლონ ან უკრაინის ან რუსეთის მხარეს, “ჩემი აზრით არის არასწორი“. 

დეკემბრიდან მოყოლებული ორი ქართველი დაიღუპა უკრაინაში, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ. ერთი ქართველი კი, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხარეზე ბრძოლის დროს მოკლეს იანვრის დასაწყისში.
ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არ არსებობს იმის საჭიროება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ საკუთარ „კონსტრუქციულ“ პოლიტიკას გადახედოს.

მისი თქმით, სეპარატისტულ აფხაზეთთან რუსეთის ხელშეკრულება „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ და ასევე ცხინვალთან დაგეგმილი ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ, წარმოადგენს ამ ორი სეპარატისტული რეგიონის „ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს“. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულებები ადგილზე არსებულ რეალობას არ ცვლის და რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაციის შედეგს წარმოადგენს, რაშიც, მისი თქმით, სააკაშვილმა „ძალიან ცუდი და მძიმე როლი ითამაშა“.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ამ ხელშეკრულებების საკითხი საერთაშორისო დონეზე აქტიურად გაიტანა; მან იქვე დასძინა, რომ ხელისუფლებას მეტი არაფრის გაკეთება არ შეეძლო ამ ხელშეკრულებებთან შეწინააღმდეგების კუთხით.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ მოთმინება, ჩვენ უნდა ველოდოთ ჩვენს დროს  და დრო არ უნდა დავხარჯოთ; ამ დროს ჩვენ უნდა ვაშენოთ ეკონომიკა, დემოკრატიული ინსტიტუტები, დავაფუძნოთ ევროპული ფასეულობები და გარწმუნებთ, რომ ჩვენ მივიღებთ შედეგს… ზოგჯერ შეურაცხყოფილად გვექცევიან, მაგრამ უნდა გადავიტანოთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ქვეყანამ მუდმივად უნდა განაგრძოს სვლა ევროპისკენ და ევროპული ღირებულებებისკენ.

ივანიშვილმა უარყო ბრალდებები, რომ ის ქვეყანას კულისებიდან მართავს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ ვერავინ აუკრძალავს მას მთავრობისთვის რჩევების მიცემას, საჯაროდ ან პრივატულად. მან ასევე განაცხადა: „მე არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია იმისა, რომ ვინმე ვმართო, ვინმეს ვაიძულო, რომ ჩემი რჩევები გაითვალისწინოს, ან ვინმეს თავს მოვახვიო ჩემი რჩევები“.

მისი თქმით, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა და მისი „პროპაგანდა“, „სიცრუის მანქანა“ – ტელეკომპანია „რუსთავი 2“, „ნიჰილიზმს თესავს“ და ცდილობს, რომ მთავრობა წარმოაჩინონ, როგორც „სუსტი“.

მისი თქმით, ნაციონალურ მოძრაობას ქვეყნის „დესტაბილიზაცია“ სურს, მაგრამ მათ ამის არავითარი საშუალება არ აქვთ.

„ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი საზოგადოების წევრები შეიძლება იყვნენ ისეთნი, როგორიც არიან დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრები; მათ აქვთ უფლება იცრუონ, მაგრამ ჩვენ ეს სიცრუე არ უნდა ვჭამოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ექს–პრემიერმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა და „რუსთავი 2“ ცდილობენ აჟიოტაჟი შექმნან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება „არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას“, რადგანაც მას ფასების ზრდა არ მოყოლია.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა; ლარი აჩვენებს, რომ ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს ასახვაც ჰპოვებს საქართველოზეც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი შვილის, ბერას კუთვნილ ტელეკომპანია „GDS“-ზე დაგეგმილი ახალი სატელევიზიო პროგრამა დაეხმარება საზოგადოებას „სწორი ანალიზის“ გაკეთებაში; მისი თქმით, ის „ძალიან აქტიურად“ იქნება ჩართული ამ სატელევიზიო პროექტში.

ახალი სატელევიზიო პროექტის თაობაზე გეგმები გასულ წელს დაანონსდა, თუმცა მისი დაწყება რამდენჯერმე გადაიდო. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი პროგრამა თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში გავა ეთერში.

„დღეს დღის თემებს და წესრიგს კარნახობს „რუსთავი 2“. ამ პატარა პროექტით შევეცდები მე, რომ მედიის სივრცე არ დავაზარალო და ამ დროს ეს აქცენტები გადაადგილდეს და საზოგადოებას მიეწოდოს, ძირითადი აქცენტები გაკეთდეს არა იმაზე, რასაც მოისურვებს ‘სიცრუის მანქანა’, არამედ იმაზე, რაც რეალურად ჭირდება საზოგადოებას მისი განვითარებისთვის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ტელეკომპანია „GDS“ ასევე გეგმავს სატელევიზიო სერიალს ნაციონალური მოძრაობის ცხრა-წლიანი მმართველობის 200-ზე მეტ ეპიზოდზე. მისი თქმით, ეს სერიალი სახელწოდებით „9+1“ შემოდგომიდან გავა ეთერში.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია „საზოგადოება 2030“, ასევე მოამზადებს ანალიზს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდზე და ასევე ცალკე კვლევა კეთდება „მთავრობაზე დიდი“ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების თაობაზე,  რომელთა მიმართაც „ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს“.

მან კონკრეტულად დაასახელა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, საერთაშორისო გამჭივრვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ მარგველაშვილის მრჩევლად დაინიშნა ადამიანის უფლებათა საკითხებში.

„ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე და ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს; თვითონ მათზე გავქვს ძალიან ბევრი კითხვები და ამის უფლება გვაქვს; ტაბუ დაადეს არასამთავრობოებს, ვერ შეეხები“, – განაცხადა ივანიშვილმა დეტალებზე საუბრის გარეშე და დასძინა: „ამას კვლევაში დავდებთ და გაჩვენებთ ამ სამ პიროვნებაზე, რომელიც ყველაზე აქტიურია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button