ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტროს უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო შეუტიეს



თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც უწყებამ 21 დეკემბერს მას შემდეგ წაშალა, რაც საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა.

მას შემდეგ, რაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვის შესახებ გაკეთებული განცხადება დაგმეს, პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც მოუწია რეაგირება, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი განცხადება „შეცდომა“ იყო, თუმცა იქვე დასძინა, რომ საკითხის "დრამატიზების" საჭიროება არ არსებობს.

საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკრაინის მხარეს იბრძოდა ქვეყნის აღმოსავლეთით, ლუგანსკის რეგიონში 19 დეკემბერს ღამით მოკლეს. მისი ცხედარი საქართველოში კვირას გადმოასვენეს მას შემდეგ, რაც 20 დეკემბერს კიევის ცენტრში პანაშვიდი გადაუხადეს.

20 დეკემბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში თავდაცვის სამინისტრომ თანაგრძნობა გამოთქვა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ „სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს“, რადგანაც ისინი აქეზებენ ქართველებს, რომ იბრძოლონ უკრაინაში. თავდაცვის სამინისტრომ ასევე მოუწოდა „ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში“.

ამ განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდეს არა მარტო ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, არამედ კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთმა წევრმაც.

კვირას თავდაცვის სამინისტროს წინ მომიტინგეთა ჯგუფი შეიკრიბა, რომლებიც თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის გადადგომისკენ მოუწოდებდნენ; ზოგიერთ მომიტინგეს ხელში ქართული და უკრანული დროშები, ზოგს კი ბანერები ეკავათ წარწერით: „არა პუტინთან კოლაბორაციონიზმს“.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსენდება არც ერთი თავდაცვის მინისტრი, რომელიც ხელს მოაწერდა ასეთ უსინდისო განცხადებას“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა 20 დეკემბერს.

ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა: „მე მრცხვენია, რომ საქართველოს ასეთი თავდაცვის მინისტრი ჰყავს. უფრო სწორედ, ჩვენ დღეს დადასტურებულად გავიგეთ, რომ არ გვყავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს გამოხატავს“.

„ეს არის უნებური შეურაცხყოფა დაღუპული ქართველი ოფიცრისა, მეომრისა და ასევე იმ ადამიანებისა, იმ სამხედროებისა, რომლებიც უკრაინაში უკრაინისა და საქართველოს საერთო მოწინააღმდეგის, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან“, – განაცხადა კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან, დავით ბერძენიშვილმა, „პოლიტიკური ასპექტები თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში არ უნდა ყოფილიყო“.

თბილისის საკრებულოს წევრმა დავით ზურაბიშვილმა, რომელიც ასევე რესპუბლიკური პარტიიდანაა, დაგმო განცხადება, როგორც „სრულიად სამარცხვინო, ამორალური და ქართული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება“. 

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოაქვეყნა თავდაცვის სამინისტრომ ასეთი პოლიტიკური განცხადება.

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა: „მრავალსაუკუნოვანი მეომრული და საგმირო წარსულის ქვეყანამ, ისევე, როგორც ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ, მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული, თავისი თითოეული მეომარი ღირსეულად უნდა იგლოვოს. აღარასდროს უნდა დავუშვათ გმირობის, ვაჟკაცობის და თავდადების დაკნინების მცდელობა“.

თავდაცვის სამინისტროს განცხადების კომენტირებისას, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 21 დეკემბერს: „მეც არ მომეწონა ეს განცხადება და მე მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება არ უნდა გაეკეთებინა თავდაცვის სამინისტროს. მე თვითონ ვესაუბრე მინისტრის და თვითონ ძალიან შეწუხებულია“. 

მაგრამ მან იქვე დასძინა: „მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ამ ვითარებაში დრამატიზებას ნუ მოვახდენთ. შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეულნი. შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა. მე მიმაჩნია, რომ მინისტრი ამას გააკეთებს“.

პრემიერ–მინისტრმა ასევე თანაგრძნობა გამოხატა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და განაცხადა: „მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე“.

პრემიერ–მინისტრის განცხადებიდან რამდენიმე საათში თავდაცვის სამინისტრომ ვებ-გვერდიდან განცხადება მოხსნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button