ახალი ამბები

საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი უკრაინის მთავრობაში დაინიშნა

ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც ორი წლის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო, იმავე თანამდებობაზე იმუშავებს უკრაინის მთავრობაში, რომლის ახალი შემადგენლობაც უკრაინის რადამ 2 დეკემბერს დაამტკიცა.

მინისტრების დამტკიცებამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2 დეკემბერს კვიტაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა; 2008–2010 წლებში კვიტაშვილი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი იყო; 2013 წლის ივნისამდე კი ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად მსახურობდა.

პოროშენკომ მთავრობაში უცხოელი მოქალაქეების მოწვევაზე კომენტირებისას 2 დეკემბერს განაცხად, რომ რთული გამოწვევები, რომლებიც უკრაინის წინაშე დგას, მათ შორის კარდინალური რეფორმების საჭიროება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს საჭიროებს. 

კიდევ ორი უცხოელი, რომელთაც ასევე მიენიჭათ უკრაინის მოქალაქეობა ახალ მთავრობაში პოსტების დასაკავებლად, არიან აშშ–ის მოქალაქე ნატალია იარესკო, რომელიც ფინანსთა მინისტრი გახდა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საინვესტიციო საქმიანობაში დიდი გამოცდილების მქონე ლიტვის მოქალაქე აივარას აბრამოვიჩიუსი, რომელმაც ეკონომიკის მინისტრის პოსტი ჩაიბარა.

„მე უკრაინაში რეფორმებზე უკანასკნელი სამი თვის მანძილზე ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ უფრო დიდი ხანი გრძელდება“, – განაცხადა კვიტაშვილმა 2 დეკემბერს უკრაინის მოქალაქეობის მინიჭებისას.

„უკრაინის მთავრობაში მუშაობის შემოთავაზება მე უკრაინის და უკრაინელების მიმართ დიდი პატივისცემის გრძნობით მივიღე. ვამაყობ, რომ გავხდი ამ დიდი მომავლის მქონე დიდი ქვეყნის მოქალაქე“, – განაცხადა მან.   

საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი ყოფილი წარმომადგენელი, რომელმაც შესაძლოა ასევე დაიკავოს თანამდებობა უკრაინის მთავრობაში, არის ეკა ზღულაძე, 2006–2012 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.  უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზღულაძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პოლიტიკურმა ბლოკმა დაასახელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 

ახალი მთავრობის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის უკრაინის მთავრობაში შესაძლო დანიშვნის თაობაზე – ორივე მათგანს საქართველოში ბრალი აქვთ წაყენებული და იძებნებიან.

1 დეკემბერს კიევიდან საუბრისას, სააკაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ მართალია მას უკრაინის მთავრობაში ვიცე–პრემიერის პოსტი შესთავაზეს, თუმცა უარის თქმა მოუხდა; სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ შემოთავაზებაზე დათანხმების შემთხვევაში, მას უკრაინის მოქალაქეობის მიღება მოუწევდა, რასაც ავტომატურად მოყვებოდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა, რაც, როგორც მან აღნიშნა, არ სურს.

ოფიციალურმა პირებმა თბილისში გააფრთხილეს, რომ საქართველოს ხელისუფლების იმ ყოფილი წარმომადგენლების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებზეც საქართველოში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უარყოფით შედეგებს მოუტანს ორმხრივ ურთიერთობებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროს გვაქვს დავალება, რომ გავააქტიუროთ ყველა მიმართულებით უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა და მზადდება პრემიერ–მინისტრის ვიზიტი უკრაინაში… თუ ეს ინფორმაცია [ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნებზე] დადასტურდა, რა თქმა უნდა, ეს შექმნის გარკვეულ ნეგატიურ ფონს იმ პოზიტივთან მიმართებაში, რაზეც მე ახლა გესაუბრეთ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლად დანიშნულმა პრესსპიკერმა დავით კერესელიძემ 1 დეკემბერს.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე–პრემიერმა, კახა კალაძემ განაცხადა 2 დეკემბერს, რომ სააკაშვილის ან ადეიშვილის დანიშვნა უკრაინის მთავრობაში „მტკივნეული იქნება ჩვენთვის, რადგან უკრაინა ჩვენ მიგვაჩნია ჩვენს მეგობარ ქვეყნად და მე ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხული და წარმოუდგენელი იქნება იმ ადამიანების ხილვა უკრაინის ხელისუფლებაში, ვინც დღეს იძებნება“.   

სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა 2 დეკემბერს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინამ საქართველოს ხელისუფლების ის ყოფილი წარმომადგენლები დანიშნოს თანამდებობებზე, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„ვისზეც არ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ბუნებრივია, უკრაინას გააჩნია თავისი ხედვები. თუმცა, გამიკვირდება იმ პოლიტიკოსების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში, რომლებმაც საქართველოში პრაქტიკულად ჩააგდეს რეფორმები და კოლაფსის წინაშე დააყენეს სახელმწიფო და მოსახლეობას მოუწია მათი სასწრაფოდ გადარჩევა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button