ახალი ამბები

პარლამენტმა მოსმენების საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 30 ნოემბერს 82 ხმით 13 ხმის წინააღმდეგ, ანუ საჭიროზე ექვსი ხმით მეტით, გადალახა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტო მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა 28 ნოემბერს დაამტკიცა და რომელიც შსს-ის საკომუნიკაციო საშუალებებთან პირდაპირი მიერთების ბერკეტს უტოვებს.

პრეზიდენტის მთავარი არგუმენტი საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით ის იყო, რომ  არ არსებობდა „სწორი ბალანსი დაცულობასა და ადამიანის უფლებებს შორის“.

სანაცვლოდ მარგველაშვილმა პარლამენტს ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზა, რომელიც პრეზიდენტის  საპარლამენტო მდივნის თქმით, „გამორიცხავს“ სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ უკანონო მოსმენების განხორციელებას სასამართლოს თანხმობის, მათ შორის ელექტრონულად გაცემული ნებართვის გარეშე.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტი მიერ შემოთავაზებული  ვარიანტი ჩავარდა.

პრეზიდენტის ვარიანტი სხვადასხვა მიზეზით გააკრიტიკეს როგორც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების მომხრე დეპუტატებმა, ისე მოწინააღმდეგეებმა.

მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა 28 ნოემბერს მიიღო; ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს დეპუტატებმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც მმართველი კოალიციის შემადგენლობაში შედის, ასევე ოპოზიციურმა თავისუფალმა დემოკრატებმა  და ნაციონალურმა მოძრაობამ.   

ისინი, ვინც მხარს არ უჭერდა მთავრობის მიერ მოწონებულ კანონპროექტს, იმის გამო აკრიტიკებდნენ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, რომ მასში საკმარისად მკაფიოდ არ იყო დარეგულირებული შსს–სთვის სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე განთავსებული ე.წ. „შავი ყუთების“ კონტროლის უფლების ჩამორთმევის საკითხი.

მაგრამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა კვირას გამართული განხილვების დროს, რომ პრეზიდენტის ვარიანტი შეიცავდა მკაფიო პრინციპს, რომლის თანახმადაც ვერანაირი მოსმენა ვერ განხორციელდებოდა სასამართლოს ნებართვის გარეშე, რომელიც მათ შორის ელექტრონული გზითაც იქნებოდა გაცემული; თუმცა შემდეგ დეპუტატებს უნდა განესაზღვრათ ზუსტი სქემა 2015 წლის 1 მარტამდე, თუ როგორ მოეწყოთ ეს სისტემა ამ პრინციპზე დაყრდნობით,

ერთადერთი ჯგუფი, რომელმაც ხმა მისცა პრეზიდენტის კანონპროექტს, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ იყო. მართალია მათაც შენიშვნები ჰქონდათ, თუმცა თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის ვარიანტი შესაძლებლობას აძლევდა პარლამენტს, რომ მიბრუნებოდა მთავარი საკითხის განხილვას, რომელიც საკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე შსს–ს პირდაპირ წვდომას ეხება, რადგანაც მასში 2015 წლის 1 მარტი იყო განსაზღვრული პარლამენტის მიერ ზუსტი სქემის შემუშავების ბოლო ვადად.     

დეპუტატები რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტის ვარიანტის წინააღმდეგ  რამდენიმე მიზეზის გამო გამოვიდნენ – ისინი ეწინააღმდეგებოდნენ იმას, რომ სასამართლო ყოფილიყო მოსმენებზე ელექტრონული გზით ნებართვის გამცემი და ისინი ასევე აკრიტიკებდნენ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს იმის გამოც, რომ მასში ნათლად არ იყო განსაზღვრული ის დებულება, რომელიც შსს–ს სატელეკომუნიკაციო ოპერატორების სერვერებზე პირდაპირი წვდომის უფლებას ჩამოართმევდა. თუმცა, რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებმა მხარი არც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას დაუჭირეს, რადგანაც მათი თქმით, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პაკეტი მათთვის მიუღებელი რჩებოდა.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობამ ასევე არ დაუჭირა მხარი არც პრეზიდენტის ვარიანტს და არც ვეტოს დაძლევას.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განხილვის დროს თავისი გამოსვლა, ძირითადად, პრეზიდენტ მარგველაშვილის კრიტიკას დაუთმო იმის გამო, რომ მან ვეტო დაადო მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პაკეტს. „ვეტო თოხი არ არის და როცა მოგეხალისება ადამიანს, ისე არ უნდა ურტყა“, – განაცხადა საგანელიძემ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვეტო დაძლია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმებოდა მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პაკეტს, მაინც მოაწერა მას ხელი. იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ მოაწერდა, ახალი წესების ძალაში შესვლა, რაც 1 დეკემბრამდე უნდა მომხდარიყო, გაჭიანურდებოდა და გარკვეული სამართლებრივი ვაკუუმიც შეიქმნებოდა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უკვე მეორედ გამოიყენა ვეტოს უფლება. 

პირველად მან ეს 31 ოქტომბერს გააკეთა, რადგან არ დაეთანხმა პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ფარული მოსმენების შესახებ ახალი რეგულაციების მისაღებად 1 ნოემბრამდე განსაზღვრული ვადა ვერ დაიცვა და გადაწყვეტილების მიღება ოთხი თვით გადაავადა. პრეზიდენტმა ეს ვადა ერთ თვემდე შეამჭიდროვა და რეგულაციების მიღება კანონმდებლებს 1 დეკემბრამდე მოთხოვა. მაშინ დეპუტატებს პრეზიდენტის ამ შეთავაზების გაზიარება მოუწიათ და შესაბამისად, ვეტოს დაძლევა აღარ უცდიათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button