ახალი ამბები

რესპუბლიკელებს სურთ, რომ ქართული ოცნება ‘ევროპული ტიპის კოალიციად’ იქცეს

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ექვსი პარტიისგან შემდგარი მმართველი კოალიცია ქართული ოცნების წევრია, განაცხადა, რომ მოვიდა დრო, რომ ქართული ოცნება „ევროპული ტიპის კოალიციად“ იქცეს,  გადაწყვეტილების მიღების ჩამოყალიბებული სისტემით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მართალია პარტია აცხადებს, რომ კოალიციის შემადგენლობაში დარჩება, მაგრამ ის საჯაროდ გამოხატავს პოზიციას, როცა კოალიციას არ დაეთანხმება.

რესპუბლიკელებს ცხრა დეპუტატი ჰყავთ პარლამენტში, რომლებიც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან, სადაც ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრები დომინირებენ. პარტიას ამჟამად პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავმჯდომარეობს. ფრაქცია „ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ შემადგენლობაში  შედის ასევე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც რვა წლის მანძილზე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე იყო, სანამ მას 2013 წელს ხათუნა სამნიძე შეცვლიდა.

პარტიამ თავის განცხადებაში, რომელიც „მომდევნო ორი წლის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ ეხება, აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის თავზე კოალიცია ქართულმა ოცნებამ „წარმატებით დაასრულა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპი  – ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი“, გაიმარჯვა 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

მომდევნო ორ წელიწადში, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, განაცხადა რესპუბლიკურმა პარტიამ, კოალიცია ქართულმა ოცნებამ უნდა გადაჭრას ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი ამოცანები, რომლებიც საქართველოს პროგრესისა და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.    

ხუთ ძირითად ამოცანას შორის პარტია ასახელებს „მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცებას“, რისთვისაც, მისი თქმით საჭიროა „კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა; ამ ამოცანის შესაბამისი საარჩევნო სისტემის თაობაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა და პოლიტიკურ და სხვა შეხედულებათა მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის გარემოს დამკვიდრება“.

ქართულმა ოცნებამ უნდა უზრუნველყოს „დემოკრატიული ინსტიტუტების დაჩქარებული ტემპით განვითარება“, რისთვისაც, პარტიის თქმით, საჭიროა „ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის კონსტიტუციური საფუძვლების სრულყოფა“ და ასევე „ხელისუფლების განხორციელების მაქსიმალური ინსტიტუციონალიზაცია და დე–პერსონალიზაცია“.

კონკურენტუნარიანი და სწრაფად მზარდი ეკონომიკური სისტემის ფორმირებას, პარტიის თქმით, დასჭიდება „მთავრობის ეკონომიკური კურსის მეტი სიცხადე და თანმიმდევრულობა“ და „გადაუდებელი სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტის ეტაპობრივი ჩანაცვლება ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის პრიორიტეტებით“.

პარტიამ განაცხადა, რომ ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრებისთვის საჭიროა საკადრო პოლიტიკის დაფუძნება პროფესიონალიზმზე და „პოლიტიკური ან სხვა  ნიშნით დისკრიმინაციის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა“.

ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რესპუბლიკური პარტიის თქმით, საჭიროა ნატოში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაცია და ალიანსის მიერ უელსის სამიტზე შემოთავაზებული პაკეტის „დროული იმპლემენტაცია“, ასევე „საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და თანამდებობის პირებს შორის ამ საკითხებზე  საჯარო ურთიერთბრალდებების პრაქტიკის აღმოფხვრა“.

„ის ფაქტი, რომ ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დანატოვარია, ვეღარ გამოადგება „ქართული ოცნების“ კოალიციას თავის გასამართლებლად“, – ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში, „ახალი ეტაპის პოლიტიკური ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად საჭიროა თავად კოალიციური სისტემის დახვეწა; კოალიციის სიმტკიცეს განაპირობებს მისი მეტი დემოკრატიულობა, მასში შემავალი პარტნიორი პარტიების ინტერესთა თანხვედრაზე დამყარებული რეალური კოლეგიურობა ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას, მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა კოალიციის სადამფუძნებლო პრინციპებთან, აგრეთვე საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლება“. 

რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ამის მისაღწევად და კოალიციის „ეფექტიანობის გასაზრდელად“, ის ორ შესაძლო ვარიანტს სთავაზობს თავის პარტნიორ პარტიებს: „ვაქციოთ არსებული სპეციფიკური (წინა ხელისუფლების მოშორებაზე ორიენტირებული) კოალიცია კლასიკური ევროპული ტიპის ისეთ კოალიციად, რომელსაც საფუძვლად დაედება კოალიციური შეთანხმება პასუხისმგებლობების სრულყოფილად გადანაწილებითა და დეკლარირებული და პრაქტიკული ერთიანობით საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე, ან ისეთ კოალიციად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს კოალიციაში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button