ახალი ამბები

დებატები PACE-ში საქართველოს შესახებ

ცხარე დებატების შემდეგ 1 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც ქართული დელეგაციის წევრებმა ქართული ოცნებიდან ხმა არ მისცეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

რეზოლუციის თავდაპირველი პროექტი საქართველოს საკითხებზე PACE-ს თანამომხსენებლებმა მოამზადეს რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებულ ვალდებულებებს.

თუმცა თავდაპირველი პროექტი გადაიხედა მას შემდეგ, რაც PACE-ს მონიტორინგის კომიტეტმა ერთი დღით ადრე, ხოლო შემდეგ უკვე ასამბლეამ 1 ოქტომბერს ის ცვლილებები დაამტკიცა, რომელთა უმეტესობაც ქართული დელეგაციის ნაციონალური მოძრაობის წევრების თანაავტორობით იყო შეთავაზებული.

ამ ცვლილებების შედეგად რეზოლუცია უფრო კრიტიკული გახდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ვიდრე ეს თავდაპირველ პროექტში იყო. 

საქართველოს საკითხზე ორი თანამომხსენებელი, მაიკლ იენსენი დანიიდან და ბორის სილევიჩი ლატვიიდან, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ზოგიერთ ამ ცვლილებას აცხადებდნენ რა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მათ „დაბალანსებულ“ ანგარიშს „პოლიტიკურად მიკერძოებულ“ ანგარიშად აქცევდა.

„თუ ცვლილებები დამტკიცდება, ეს ანგარიშს ფაქტიურად გადაახვევინებს იმ გზიდან, რის ჩვენებასაც ვაპირებდით ჩვენს ანგარიშში“, – განაცხადა მაიკლ იენსენმა.

„ძალიან დამწუხრებული ვარ ამის გამო, რადგანაც საქართველო ძალიან პოლარიზებულია… ჩვენ შევეცადეთ ისეთი ანგარიში დაგვეწერა, რომელიც დაბალანსებული იქნებოდა, თუმცა იმ საკითხებს შეეხებოდა, რომელთაც ჯერ კიდევ აქვთ ადგილი საქართველოში. თუმცა ცვლილებების მიღების შემთხვევაში… ეს პოლარიზაციას და პარტიულ დაპირისპირებას, რომელიც საქართველოში არსებობს, ჩვენ ანგარიშშიც შემოიტანს ამ ასამბლეაში“, – განაცხადა იენსენმა და დასძინა, რომ „ეს სირცხვილია“, რადგანაც PACE-მ არ უნდა დაიკავოს ვინმეს მხარე საქართველოს შიდა პოლიტიკაში, და სანაცვლოდ უნდა ეცადოს, რომ „ზუსტად ისე დახატოს სურათი, როგორც არის“.

სხდომაზე პროექტის წარდგენისას იენსენმა განაცხადა, რომ მიუხედავად პრობლემებისა, „საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ პროგრესს“ საქართველოში,  ხოლო მეორე თანამომხსენებელმა, ბორის სილევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველო „სწორ გზაზე დგას, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი“.

მისი თქმით, ზოგიერთი ის ვალდებულება, რომელიც საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო, ჯერ კიდევ შეუსრულებელია. მან რელიგიური და  სექსუალური უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის შემთხვევები დაასახელა და განაცხადა, რომ მართალია ხელისუფლება გმობს ასეთ ფაქტებს, მაგრამ არ მიმართავს საკმარის ზომებს გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯისთვის. მისი თქმით, მაჰმადიანი მესხების რეპატრიაცია კვლავ პრობლემას წარმოადგენს, ხოლო უმცირესობათა ენის ქარტიის რატიფიკაცია ჯერ არ მომხდარა.

‘პროგრესი დაიჩრდილა’

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ბოლო წლებში საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში „შესამჩნევ პროგრესს“ ჰქონდა ადგილი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ცვლილება დაემატა, მიღებულ ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ ეს პროგრესი „დაჩრდილა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის თითქმის მთლიანი ხელმძღვანელობის და ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებამ და მათმა სამართლებრივმა დევნამ, რაც კითხვებს ბადებს საბოლოო ჯამში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე“.

ქართული დელეგაციის წევრები ქართული ოცნებიდან კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ რეზოლუციისთვის იმ პუნქტის დამატებას, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრისთვის ბაჩო ახალაიასთვის ხანგრძლივი წინასწარი პატიმრობის სხვა არასაპატიმრო ზომით ჩანაცვლებისკენ მოუწოდებდა. რეზოლუციაში ასამბლეა „შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი თავდაცვის მინისტის ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობის გამო და სთხოვს ხელისუფლებას, რომ ყველა სამართლებრივი საშუალება გამოიყენოს, რათა მისი წინასწარი პატიმრობა რაიმე სხვა არასაპატიმრო გამაფრთხილებელი ზომით შეცვალოს“.   

კენჭისყრამდე გამართულ დებატებზე ძირითადად ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების და ამჟამინდელი ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნის საკითხი დომინირებდა.

პიეტერ ომციგტმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა ევროპის სახალხო პარტიიდან განაცხადა: „შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თითქმის მთელ ყოფილ მთავრობას შეუძლია მალე მთავრობის სხდომა გამართოს ციხეში, სადმე თბილისში“.

თაინი კოქსმა, დეპუტატმა ნიდერლანდებიდან, რომელიც PACE-ში გაერთიანებულ ევროპელ მემარცხენეთა ჯგუფის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ „ამდენი ყოფილი პოლიტიკოსი ახლა ციხეშია, ძალიან ცუდი სიგნალია“.

როჯერ გეილმა, კონსერვატორმა დეპუტატმა ბრიტანეთიდან, რომელიც ევროპის დემოკრატთა ჯგუფის წევრია PACE-ში, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება კოშმარად იქცა“ და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „ძალაუფლებას პასუხისმგებლობის გარეშე იყენებს“; მან საქართველოს მთავრობის წევრებს „მარიონეტი მინისტრები“ უწოდა და განაცხადა, რომ ის ცვლილებები, რომლებიც მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო, იმისთვის გახდა საჭირო, რომ „ანგარიშისთვის რეალური სახე მიეცათ“.

გამოეხმაურა რა თანამომხსენებლების პოზიციას, შვეიცარიელმა დეპუტატმა ლუკ რეკორდონმა სოციალისტების ჯგუფიდან განაცხადა, რომ ბევრი შემოთავაზებული ცვლილება „რადიკალურად“ ცვლის თანამომხსენებლების მიერ მომზადებულ ანგარიშს და დასძინა, რომ PACE-ს ზოგიერთი წევრი, თანამომხსენებლებისგან განსხვავებით, ჩქარობს დასკვნების გამოტანას ადგილზე არსებული ფაქტების შესაბამისი გადამოწმების გარეშე.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა დებატების დროს, რომ მოწოდება, რომ ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობა არასაპატიმრო ზომით შეეცვალოს, „დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად იქნება განხილული“. „საქართველოში პოლიტიკურ დევნას არ აქვს ადგილი. ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა“, – დასძინა მან.   

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა, რომელიც ბევრი ცვლილების თანაავტორი იყო, განაცხადა დებატების დროს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები მონიტორინგის კომიტეტმა დიდი უმრავლესობით მოიწონა და მათზე უარის თქმა „უკიდურესად არასწორი და უპატივცემულობა იქნება“ კომიტეტის წევრების მიმართ.  
 
„ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, მთავრობა პოლიტიკური ანგარიშსწორების დღის წესრიგითაა შეპყრობილი. ამ მომენტისთვის ეს დღის წესრიგი ძალიან შორს წავიდა; ქართული დემოკრატია უკან მიდის“, – განაცხადა კანდელაკმა და PACE-ს მოუწოდა, რომ რეზოლუცია შემოთავაზებული ცვლილებებით მიეღო, რადგანაც ეს „საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის შენელებაში დაეხმარება“.

„ივანიშვილი [უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ] იანუკოვიჩის გზას იმეორებს. გაიხსენეთ რას ამბობდა იანუკოიჩი, როდესაც ის საკუთარ ოპონენტებს დევნიდა – რომ ეს ‘კანონის უზენაესობაა. მერ ვერ ჩავერევი’.  უკრაინის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეს არგუმენტები არ უნდა მივიღოთ, რადგანაც მათ დამღუპველი შედეგები აქვთ და ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო დაინგრეს“, – დასძინა მან.

 ‘საქართველოს პოლიტიკური პოლარიზაცია PACE-შიც გავრცელდა‘

თავის დასკვნით სიტყვაში PACE-ს თანამომხსენებელმა საქართველოს საკითხებზე, ბორის სილევიჩმა განაცხადა, რომ ის არ ეთანხმება ზოგიერთი გამომსვლელის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ ყოფილი მთავრობის ზოგიერთ წევრს იმის გამო დევნიან, რომ ისინი ახლა ოპოზიციაში არიან. მისი თქმით, არსებობს საქმეები, სადაც „დამაჯერებელი ბრალდებები“ არსებობს და ეს შესაბამისად უნდა იქნას გამოძიებული.

მან განაცხადა, რომ  PACE-მ არ უნდა მოუწოდოს საქართველოს, რომ არ გაასამართლოს პირი მხოლოდ იმიტომ, რომ ის ოდესღაც მინისტრი იყო.

„ჩვენი ამოცანაა თვალი ვადევნოთ, რომ ყველა გამოძიება, ყველა სასამართლო პროცესი ჩვენივე პრინციპების სრული დაცვით წარიმართოს… და ჩვენ დავწერეთ ამის შესახებ ჩვენი რეზოლუციის პროექტში. როდესაც  დარღვევებს ვხედავთ, ვსაუბრობთ კიდეც ამის შესახებ და ვაკრიტიკებთ ჩვენს ქართველ კოლეგებს, მაგრამ იმის თქმა, რომ ‘არა, არ გაასამართლოთ ყოფილი მთავრობა, ზოგადად’ – ეს პოლიტიზირებულია“, – განაცხადა სილევიჩმა, „პოლარიზაცია მართლაც მტკივნეულია … ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საქართველოს დასახმარებლად, რომ თავი დააღწიოს ამ პოლარიზაციას. თუ დღეს რაიმე ზედაპირული, ფაქტების შეუსაბამო ცვლილებები იქნება მიღებული, ეს არ დაეხმარება საქართველოს; ეს ზოგ პოლიტიკოსს დაეხმარება და პოლარიზაციას გააღრმავებს; სწორედ ამიტომ, ჩვენ, თანამომხსენებლები, ვერ დავეთანხმებით ამას“.

მეორე თანამომხსენებელმა მაიკლ იენსენმა განაცხადა: „ჩვენ პოლარიზაცია გვაქვს საქართველოში და ეს პოლარიზაცია ამ ასამბლეაშიც გავრცელდა“. 

„ვფიქრობ, თანამომხსენებლების სამუშაო ამ ანგარიშში დაბალანსებულია, მაგრამ ჩვენ გულწრფელნი ვართ ჩვენს შეფასებებშიც და ჩვენს წინადადებებში, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი-სამი ცვლილება… ჩავარდეს, რადგანაც თუ მას ხმას მისცემთ, ანგარიში სრულიად სხვა გზით წავა და გახდება პარტიულად მიკერძოებული“, – განაცხადა იენსენმა. 

სილევიჩმა შესწორებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ხოლო იენსენმა თავი შეიკავა; რეზოლუცია 103 ხმით იქნა მიღებული, 27 კი წინააღმდეგი წავიდა.

რეზოლუცია „შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციის წევრების და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების აქტივების დაყადაღების ფართოდ გავრცელებული გამოყენების გამო იმ სისხლის სამართლებრივ საქმეებზე, რომლებიც არ მოიცავს ბრალდებებს უკანონო აქტივების თაობაზე“. ეს ზომა ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეში იქნა გამოყენებული. თანამომხსენებლები წინააღმდეგნი იყვნენ ყადაღასთან მიმართებაში ისეთი ფორმულირების გამოყენებაზე, როგორიცაა „ფართოდ გავრცელებული“, ვინაიდან ეს ფაქტიურად სიმართლეს არ შეესაბამება.

კენჭისყრაზე მხოლოდ ერთი სადავო ცვლილება ჩავარდა, რომელშიც საუბარი იყო ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მონაწილეობაზე მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ვიდრე ცალკეულ ცვლილებებს მიიღებდნენ, სხდომაზე დადგა ანგარიშის და რეზოლუციის პროექტის მონიტორინგის კომიტეტში დაბრუნების საკითხი, თუმცა ამ წინადადებას ასამბლეის დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

უმცირესობების უფლებები

რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს „უმცირესობების, განსაკუთრებით კი სექსუალური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ქართულ საზოგადოებაში შეუწყნარებლობის ზრდის გამო“.

„ასამბლეა შეშფოთებულია უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილის დანაშაულების ეფექტური გამოძიების და სამართლებრივი დევნის ნაკლებობის გამო. ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს, რომ ასეთი საქციელი არ იქნება შეწყნარებული და ძალადობრივი ან დისკრიმინაციული ქმედების ყველა ჩამდენი პასუხს აგებს“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„არ შეიძლება, ასეთი ფაქტები დაუსჯელი დარჩეს, მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდინა. ყველა დაინტერესებულმა მხარემ, განსაკუთრებით პოლიტიკური პარტიების და ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, რომლებიც საზოგადოებაში მაღალი მორალური ნდობით სარგებლობენ, თავი უნდა შეიკავონ განხეთქილების ენისა და მოქმედებებისგან, რომელმაც შესაძლოა, გამოიწვიოს უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობა ან მათი მდგომარეობის გაუარესება“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რამდენიმე დეპუტატი თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებიდან გამოვიდნენ წინადადებით, რომ ტექსტს დაემატოს მოწოდება იმის თაობაზე, რომ დაკმაყოფილდეს „ქვეყნის მუსლიმი თემის მოთხოვნები ახალი მეჩეთების აშენების თაობაზე“. ეს წინადადება ასამბლეამ არ მიიღო.

ღარიბაშვილი ნაციონალურ მოძრაობას: ‘შეწყვიტეთ საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ პარტიზანული ბრძოლა’

საპარლამენტო ასამბლეა ჯერ კიდევ დებატებს მართავდა რეზოლუციის პროექტზე, როდესაც თბილისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო ტექსტს არ დაემატებოდა ცვლილებები, რომელსაც დელეგაციის ქართული ოცნების წევრები ეწინააღმდეგებოდნენ. მან განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც მისი პარტნიორი ევროპის სახალხო პარტია (EPP) უჭერს მხარს, „ძალიან აქტიურობს იქ“ PACE-ში.

„მოხდა გარკვეული ცვლილებები [თავდაპირველ პროექტში], მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ჩვენი დელეგაცია გასცემს პასუხს ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს. რაც მთავარია, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საქართველოში არსებული რეალობა; ხალხის ნება არის გამოხატული; ქვეყანაში არის სხვა რეალობა და ამ რეალობის სწორედ  წარმოჩინებას, მე დარწმუნებული ვარ, შეძლებენ. იმედი მაქვს, რომ იქნება ეს EPP-ს წარმომადგენელი თუ სხვა – არ გაიზიარებენ ნაციონალური მოძრაობის მიერ წამოყენებულ ჭორებს და უსაფუძვლო ბრალდებებს“,  – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 1 ოქტომბერს.

მეორე დღეს, უკვე მიღებული ტექსტის კომენტირებისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეზოლუციის გამო აჟიოტაჟის ატეხვა საჭირო არ არის. მისი თქმით, რეზოლუცია ნაციონალური მოძრაობის მიმართ ევროპის სახალხო პარტიის „სოლიდარობის“ გამო იქნა მიღებული.

„მათ გამოხატეს სოლიდარობა იმ საკითხების მიმართ, რომელიც დააყენა ნაციონალურმა მოძრაობამ. აქ რეალურად აჟიოტაჟის ატეხის მიზეზი არ არსებობს.   თქვენ თუ ნახეთ რეზოლუციის ტექსტი, იქ მხოლოდ პოზიტივზეა საუბარი… ის ჩანაწერი, რომელიც გაკეთდა ახალაიას და სააკაშვილის თაობაზე – ეს მე არ მიმაჩნია საგანგაშოდ. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ნაციონალური მოძრაობისა, რომ ებრძოლოს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ მოსახლეობას … ეს არის პოლიტიკური პარტიების გამოხატულება, ისინი [ნაციონალური მოძრაობა] ისე ხატავენ, თითქოს ეს არის ევროპის საბჭოს მოწოდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„დღეს ეს ადამიანები [ნაციონალური მოძრაობა] ეუბნებიან მოსახლეობას, რომ რაღაც სასწაულ რეზოლუციას მიაღწიეს – არაფრისთვის არ მიუღწევიათ. ეს ადამიანები ებრძვიან სახელმწიფოს… მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის სიმართლე… ისინი [ნაციონალური მოძრაობა] დღითიდღე საკუთარი თავის მარგინალიზებას ახდენენ… ძალიან რთული იქნება მათი რეინტეგრირება საზოგადოებაში; ასე რომ, მე მინდა მოვუწოდო კიდევ ერთხელ, რომ შეწყვიტონ საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ეს პარტიზანული ბრძოლა; ეს არის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ დამაზიანებელი საქმიანობა; ამით ჩვენ არაფერს არ გვაკლებენ, მაგრამ ისინი აზიანებენ ჩვენ სახელმწიფოს“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს 2 ოქტომბერს.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის ამგვარი რეაქცია მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ღარიბაშვილის რიტორიკა ძალიან გავს „კლასიკური ავტორიტარული რეჟიმების წარმომადგენლების ტონს, პუტინის და სხვების, რომლებიც ევროპულ კრიტიკას სახელმწიფოს ღალატს ადარებენ და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და საერთოდ, ჰგონიათ, რომ თვითონ წარმოადგენენ ქვეყანას, უბრალოდ ერევათ ერთმანეთში ხელისუფლება და ქვეყანა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button