ახალი ამბები

გაეროში პრემიერი საქართველოს ‘მნიშვნელოვან პროგრესზე’ საუბრობს

  • ‘ჩვენ ვართ ახალი დღის დადგომის მოწმე საქართველოში’;
  • ‘ჩვენი საგარეო პოლიტიკა უკეთ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას’;
  • ‘ჩვენ უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ორი წლის წინ’;
  • ‘ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა’;
  • ‘არავინ დგას კანონზე მაღალა’;
  • ‘დევნილთა საკითხი ყველაზე პრობლემური სფეროა’;
  • ‘საქართველოს ძალისხმევას, ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი’;
  • ‘უკრაინაში მიმდინარე პროცესები ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია’;
  • ევროკავშირი და ნატო – ‘საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენია’;
  • აბრეშუმის გზის მაღალი დონის ფორუმის ინიციატივა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს, ნიუ-იორკი, 26 სექტემბერი.

26 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო დღეს „გაცილებით უფრო ძლიერი“ სახელმწიფოა, ვიდრე ოცი წლის წინ და „უფრო ძლიერია“, ვიდრე ორი წლის წინ იყო, რადგან „უზარმაზარ წინსვლას“ მიაღწია და „კანონის უზენაესობა აღადგინა“.
 
თავისი 20–წუთიანი გამოსვლა მან თავისუფლებისკენ, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისკენ საქართველოს „განუხრელ ტრანსფორმაციაზე“ საუბრით დაიწყო; შემდეგ ის საგარეო პოლიტიკის საკითხებს შეეხო, მათ შორის უკრაინას და მისი მთავრობის „პრაგმატულ“, „ორმიმართულებიან“ სტრატეგიას რუსეთთან, ხოლო გამოსვლა  საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე და აბრეშუმის გზის „სრული აღდგენის“ საჭიროებაზე საუბრით დაასრულა.
 
‘ნამდვილი დემოკრატია’
 
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვართ ახალი დღის დადგომის მოწმე საქართველოში“, რადგანაც „ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უფრო ძლიერია, ჩვენი საგარეო პოლიტიკა უკეთ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას, ხოლო მზარდი ეკონომიკა საქართველოს ყველა მოქალაქის სასარგებლოდ მუშაობს“.
 
„მე წილად მხვდა ბედნიერება, ვყოფილიყავი ქართველთა ახალი თაობის წარმომადგენელი, რომელიც გაიზარდა ცივი ომის შემდგომ წლებში“, – განაცხადა 32 წლის პრემიერ–მინისტრმა, „მთელი ჩემი ცხოვრება მონაწილე ვარ მნიშვნელოვანი ცვლილებებისა“.
 
„ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერი სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოცი წლის წინ და უფრო ძლიერი, ვიდრე ორი წლის წინ“, – განაცხადა მან, „ყველა სფეროში, ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, ეკონომიკითა და კანონის უზენაესობით დამთავრებული, სახეზეა უზარმაზარი წინსვლა“.
 
„მიუხედავად ყველა გამოწვევისა, რომლებსაც ჩვენ წავაწყდით, საქართველოს მოსახლეობა იმედის თვალით შეჰყურებს მომავალს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც კოალიცია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, „ჩვენ გავარღვიეთ სახელისუფლებო კორუფციის, დაუსჯელობისა და მხოლოდ ერთეულების საკეთილდღეოდ მომუშავე ეკონომიკის მოჯადოებული წრე“.
 
„ჩვენ დავამკვიდრეთ ნამდვილი დემოკრატია ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სისტემით, რომელიც განუხრელად მიჰყვება კანონის უზენაესობის პრინციპს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა, „სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დემოკრატია ასე ძნელად არის მოპოვებული, უკან დაბრუნება გამორიცხულია“.
 
„ჩვენ აღვადგინეთ კანონის უზენაესობა, რისთვისაც შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო და დავაკანონეთ ბრალდებულთა უფრო ფართო უფლებები. ჩვენ წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა დაუსჯელობას და წამებასა და შეურაცხმყოფელ მოპყრობას ციხეებში“.
 
„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე, არავინ დგას კანონზე მაღლა, ყველა ისარგებლებს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროცესუალური სამართლით“, – განაცხადა მან თავის გამოსვლაში. 
 
„ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის მეშვეობით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
მან ასევე განაცხადა, რომ დღეს პარლამენტი „მართლაც კანონმდებლის ფუნქციას ასრულებს“ და ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც საკანონმდებლო ორგანო "ნოტარიუსის როლს ასრულებდა“.
 
„მიმაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია შეიძლება იყოს მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ჩვენ მაინც ახალგაზრდა დემოკრატია ვართ და კიდევ ბევრი შრომა გველის წინ“.
 
‘ყველაზე მწვავე პრობლემა’
 
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი „ყველაზე პრობლემური სფეროა“.
 
„რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, ქვეყანაში ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირია“, – განაცხადა მან.
 
მან ასევე ახსენა რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რომელსაც საქართველო 2008 წლის შემდეგ ყოველწლიურად წარადგენს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, და განაცხადა, რომ „არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გენერალურმა ასამბლეამ თავის დღის წესრიგში დატოვოს ეს ჰუმანიტარული საკითხი და კვლავაც მტკიცედ და დამაჯერებლად დაუჭიროს მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს“.
 
რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუციას, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ბოლოს 2014 წლის ივნისში მიიღო, ხოლო სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები თბილისის ძალისხმევას, რომ რეზოლუცია გაეროში ყოველწლიურად გაიტანოს, ასახელებენ საბაბად, რათა უარი თქვან დევნილების საკითხის ჟენევის დისკუსიებზე განიხილვაზე.
 
თავის გამოსვლაში ღარიბაშვილმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასაც მიმართა და განაცხადა: „ძვირფასო დებო და ძმებო, ვოცნებობ იმ დღეზე, როცა ყველანი ერთად ვიცხოვრებთ და ჩვენ შორის მშვიდობა და კეთილდღეობა დაისადგურებს.  ჩვენ განუხრელად მივყვებით შერიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენის გზას. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და გამოვნახოთ გზები, რათა თქვენც გახდეთ ამ წარმატების თანაზიარი, მათ შორის იმ სარგებლის, რომელსაც [ევროკავშირთან} ასოცირების ხელშეკრულება მოიტანს“.
 
„ნება მომეცით, ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მან, „ამავე დროს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვიძიოთ ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებთან შერიგების გზები“.
 
‘რუსეთთან ურთიერთობების პრაგმატული სტრატეგია’
 
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს სურს „კარგი ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ არა ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხარჯზე, რომელთა მისაღწევადაც ამდენი ვიბრძოლეთ“.
 
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში  მისი მთავრობა, წინამორბედისგან განსხვავებით, ახლებურ მიდგომას იყენებს.
 
მან ამ მიდგომას რუსეთთან „ორი მიმართულებით ჩართულობის სტრატეგია“ უწოდა, რომელიც ეფუძნება საქართველოს როლს იყოს „პასუხისმგებლობის მქონე, პრაგმატული და კონსტრუქციული მეზობელი“.

ერთი მიმართულებით, მისი თქმით, თბილისმა რუსეთთან დაიწყო „დიალოგი პირობების გარეშე“ სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების განახლებისთვის, რამაც „მნიშვნელოვანი შედეგები“ უკვე მოიტანა, რადგანაც ქართულ პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა.
 
„მეორე მიმართულებით, ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას 2008 წლის აგვისტოს ომის მშვიდობიანი მოგვარებისთვისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისთვის,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
„მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით გამსჭვალული პასუხი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.
 
„ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი. ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობისკენ მიმავალ გზას“, – განაცხადა მან და მოსკოვს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
 
‘ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები’
 
პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს“, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების, პოლიტიკური მხარდაჭერის და რეფორმების განხორციელების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების გზით.
 
დაადასტურა რა მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენი განსაკუთრებული სატკივარია უკრაინაში მიმდინარე პროცესები“.
 
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო ხანს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებები საბოლოოდ წერტილს დაუსვამს სამხედრო მოქმედებებს და დაიწყება შეუქცევადი სამშვიდობო პროცესი“, – განაცხადა მან.
 
ევროკავშირი და ნატო – ‘საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენი’

პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „საქართველოს მთავარი სტრატეგიული მოკავშირეა“.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა ხელისუფლების ყველა დონეზე არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი“, – აღნიშნა მან. 
 
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და ნატოში მისწრაფებები „საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი საყრდენია“.
 
მისი თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველომ მიაღწია „მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც განამტკიცებს ნატოში ჩვენს საბოლოოდ გაწევრიანების გზას“.
                                                                                                                       
აღნიშნა რა რომ საქართველო უმსხვილესი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში და რომ მას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მისიაშიც ჰყავს გაგზავნილი სამხედროები, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი მზად არის მხარში ამოუდგეს მოკავშირეებს „ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის ყველა ფორმასთან ბრძოლაში, ყველგან, მთელ მსოფლიოში“.
 
თავის გამოსვლაში ის არ შეეხო საქართველოს შესაძლო როლს კონკრეტულად „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილ დაჯგუფების წინააღმდეგ კოალიციაში. 25 სექტემბერს მან განუცხადა ჟურნალისტებს ნიუ–იორკში, რომ საქართველო ამერიკის ლიდერობით შექმნილ ამ კოალიციაში „სიმბოლურ“ წვლილს შეიტანს.
 
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ გარდა ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა, საქართველოს გლობალურ უსაფრთხოებაში თავისი წვლილი იმითაც შეაქვს, რომ თავისი „რაციონალური მიდგომებით“ ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის შესუსტებასა და კონფლიქტების პრევენციას.
 
აბრეშუმის გზის ფორუმი
 
ღარიბაშვილმა საქართველოს სატრანზიტო როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგიონის ქვეყნების მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო „ახალი აბრეშუმის გზის სრული პოტენციალის ამოქმედებისათვის“.
 
„პოტენციალი დიდია მთლიანად რეგიონისთვისაც, თუმცა პოტენციალის რეალობად ქცევა მეტ ძალისხმევას მოითხოვს. საქართველო მზად არის გამოიყენოს თავისი, როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყნის, სტრატეგიული მდებარეობა  და თავისი წვლილი შეიტანოს აბრეშუმის გზის სრულ აღდგენაში“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
 
იგი გამოვიდა ინიციატივით მომავალი წლიდან საფუძველი ჩაეყაროს ყოველწლიურ, მაღალი დონის „აბრეშუმის გზის ფორუმს.“
 
„ჩვენი ხედვით, ეს იქნება  ყველა იმ  სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის ყოველწლიური მაღალი დონის შეხვედრები საქართველოში, რომლებიც დაინტერესებული არიან აბრეშუმის გზის მომავლით. ეს ფორუმი მიეძღვნება აბრეშუმის გზის გასწვრივ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ადამიანთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის გაზრდის ახალი იდეების მოძიებას. ეს ფორუმი გადავა დისკუსიიდან საქმეზე“, – განაცხადა მან .
 
„სატრანსპორტო დერეფნების ინტეგრირებისა და ახალი მარშრუტების გახსნის მიზნით, რომლებითაც პროდუქციის მიწოდება ჩინეთიდან დასავლეთ ევროპაში სარეკორდო დროში განხორციელდება, ჩვენ ვაღრმავებთ თანამშრომლობას თურქეთთან, ჩინეთთან, ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ავღანეთთან“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button