ახალი ამბები

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ნახიჭევანში შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა 19 აგვისტოს ნახიჭევანში პირველი სამმხრივი შეხვედრა გამართეს.

სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები სამმხრივ ფორმატში ექვს თვეში ერთხელ რეგულარული შეხვედრების გამართვაზე შეთანხმდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრები სამმხრივ ფორმატში 2012 წლიდან რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს; პირველ სამმხრივ სამიტს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების მონაწილეობით თბილისმა 2014 წლის მაისში უმასპინძლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაკირ ჰასანოვმა თავის ქართველ და თურქ კოლეგებს ირაკლი ალასანიასა და ისმეთ ილმაზს ნახიჭევანის სამხედრო შტაბში უმასპინძლა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამი ქვეყნის მინისტრებმა „შესაფერისად მიიჩნიეს“ ერთობლივი წვრთნებისა და ტრეინინგების მოწყობა, მათ შორის რეგიონული გაზსადენებისა და ნავთობსადენების  დასაცავად, ასევე სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება განათლებისა და სამხედრო-ტექნიკურ სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების თანახმად, მინისტრები ასევე შეთანხმდნენ ტექნიკური ექსპერტების დონეზე სამმხრივი შეხვედრების გამართვაზე, რათა სამი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობა გაიზარდოს. 

მსგავსი/Related

Back to top button