ახალი ამბები

ღარიბაშვილი აგვისტოს ომის შესახებ

რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „გაუაზრებელი პოლიტიკის“ გამო ვერ მოხერხდა, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ომის მეექვსე წლისთავზე ძმათა სასაფლაოს გვირგვინით შემკობის შემდეგ.

„ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, იყო ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ტრაგედია და ამ ომის შედეგებს დღესაც ვიმკით; სამწუხაროდ, ის იარა ჯერ კიდევ არ არის მოშუშებული“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს.

„მე ქედს ვიხრი ამ ომში დაღუპული თითოეული ჯარისკაცის, თითოეული გმირი ვაჟკაცის წინაშე. ჩვენ, სახელმწიფო ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ოჯახებს ბოლომდე მხარში დავუდგეთ – ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და ჩვენი მოვალეობა“, – განაცხადა მან.

„მე არ მსურს უბრალოდ დღეს ომის გამომწვევ შედეგებზე ვისაუბრო, ვისაუბრო იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის ხელისუფლების გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგად ამ ომის თავიდან აცილება ვერ შევძელით და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, დაკარგული კოდორი, დაკარგული ათეულობით სოფელი შიდა ქართლში და ათასობით და ათიათასობით იძულებით გადაადგილებული დევნილი, რომლებიც ჩაასახლეს და რომლებიც დღესაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. ეს არის ის მძიმე შედეგი, რაც ჩვენ მივიღეთ და დღესაც ჩვენი ქვეყანა ფეხზე ვერ დადგა სწორედ ამ ომის შემდეგ. მძიმე დარტყმა განიცადა ჩვენმა ეკონომიკამ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. ეს იყო მძიმე ფსიქოლოგიური ტრამვა ჩვენი ჯარისთვის. დანარჩენზე აღარ მინდა ვისაუბრო, ის, რაც ვიხილეთ ჩვენ იმ დღეებში, ეს იყო კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
 
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში პრემიერ–მინისტრი აცხადებს: „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა შეიარაღებულმა აგრესიამ შეიწირა ასეულობით ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე, დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უამრავი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა“. 

„ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ომის შედეგები და, აუნაზღაურებელი დანაკლისისა და მოუშუშებელი ტკივილის მიუხედავად, მომავლისკენ ვიყურებით. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობას არაფერი დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში. მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ მტკიცედ ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას, რომელიც შეუქცევადია. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც დიდი ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი უნდა გახდეს, და ამავე დროს, თანამიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. სწორედ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციამდე და გამთლიანებამდე“, – ნათქვამია პრემიერ–მინისტრის განცხადებაში. „დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი ქართული სახელმწიფო გახდება მიმზიდველი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისათვის. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ძმობის დაბრუნებას, თანხმობის მიღწევას და მშვიდობიან თანაცხოვრებას“.

აგვისტოს ომის მეექვსე წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ განუხორციელებელ ვალდებულებებზე, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას და იმეორებს თბილისის მზადყოფნას, განაგრძოს ჟენევის მოლაპარაკებებში „კონსტრუქციულად მონაწილეობა“.

აგვისტოს ომის გამოძიება

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მომხდარი სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება კვლავ გრძელდება.

„გამოძიება პროცესშია, ჯერ კიდევ არ დასრულებულა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება“, რომის სტატუტით, რომ „გამოძიებული იქნას ამ ომის ყველა დეტალი, ყველა ნიუანსი.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე მინიშნებით, ღარიბაშვილმა განაცხადა: „ეს არის პირდაპირ მოთხოვნა ჰააგიდან, რომ ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰააგა  გამოიძიებს თავად ამ ომის ყველა დეტალს და ყველა ნიუანს“. 

2013 წლის მაისში პროკურატურამ განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად სპეციალური საგამოძიებო რვაწევრიანი ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ომთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიება წინა ხელისუფლებამ დაიწყო. ეს საქმე ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი მოკვლევის სტადიაშია.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა და მას შეუძლია გაასამართლოს ცალკეული პირები გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო რომის სტატუტის წევრია.

თუმცა, სასამართლო არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქმეს შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლება იძიებს და თუ სამართალწარმოება უბრალო ფორმალობას არ წარმოადგენს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა სიტუაციის „წინასწარი მოკვლევის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება. „წინასწარი მოკვლევა“ არის ეტაპი, რომლის დროსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აფასებს უნდა დაიწყოს თუ არა მან საკუთარი გამოძიება; ამავე ეტაპზე ის ასევე აფასებს მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა თუ არა ჩადენილიყო ის დანაშაულები, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ექცევა და აწარმოებს თუ არა შესაბამისი ხელისუფლება რეალურ გამოძიებას.

პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ“, რომ სამხრეთ ოსური შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან ადგილი ქონდა შემდეგ დანაშაულებებს: წამებას, ქონების განადგურებას, ძარცვას, მოსახლეობის დეპორტაციას ან იძულებით გადაადგილებას ჰქონდა ადგილი.

2013 წლის ნოემბრის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კონფლიქტის მხარეების სხვა შესაძლო ქმედებების შემდგომმა შეფასებამ, მათ შორის იმ ბრალდებაზე რომ მოხდა განზრახ შეტევა რუს სამშვიდობოებზე, რაიმე კონკრეტული შედეგი ჯერ ვერ გამოიღო. იქვე აღნიშნულია რომ ეს წინასწარი შეფასება შესაძლოა გადაიხედოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ფაქტები და მტკიცებულებები გაჩნდება.

ამავე ანგარიშის თანახმად, პროკურორის ოფისი „ყურადღებით დააკვირდება საქართველოს ხელისუფლების განახლებულ ვალდებულებას, რომ გამოიძიოს მხარეთა მიერ 2008 წლის ომის დროს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები“ და დასძენს, რომ ის რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებასაც დააკვირდება.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button