ახალი ამბები

სააკაშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარი სასამართლო მოსმენა – ეს ის ეტაპია, როდესაც სასამართლო სხდომის თავმჯდომარე, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იღებს გადაწყვეტილებას – 22 სექტემბრისთვის დაიგეგმა.

პროკურატურამ სააკაშვილს „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში“ წაუყენა  ბრალი. საქმე ეხება მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“.

„აგვისტოს ომის [ექვსი] წლისთავის წინ უფრო სასურველ საჩუქარს პუტინი ვერ წარმოიდგენდა, ვიდრე ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ორგანოებმა გასცეს ჩემი დაპატიმრების ბრძანება“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში აშშ–დან, რომელიც 1 აგვისტოს გავრცელდა, სანამ სასამართლო თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა შაბათს შუაღამის შემდეგ.

„ეს იქნება ერთ–ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში“, – განაცხადა მან.

„ნამდვილად არ ვაპირებ გამოვცხადდე „გაზპრომის“ აქციონერის მიერ კონტროლირებადი პროკურატურის გამოძახებაზე. ვიქნები ყოველთვის ძალიან შორს, როდესაც ისინი დამიბარებენ და ძალიან ახლოს, როდესაც ქართველი ხალხი მომიხმობს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთი თვის წინ გადმოიყვანეს თეთრიწყაროს სასამართლოდან, ასევე დააკმაყოფილა შუამდგომლობა დაუწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე ზურაბ ადეიშვილისთვის, რომელიც 2007 წელს გენერალური პროკურორი იყო, და დავით კეზერაშვილისთვის, რომელიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო; ორივე მათგანი იმავე საქმეზეა ბრალდებული. 

კეზერაშვილს საქართველოში სხვა საქმეებთან დაკავშირებითაც აქვს ბრალი წარდგენილი, თუმცა საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს მის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ადეიშვილი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით უნგრეთში მიიღო თავშესაფარი, ასევე იძებნება საქართველოს მიერ მთელი რიგი სისხლის სამართლებრივი ბრალდებების გამო.

ამავე საქმეზე ასევე წარდგენილი აქვთ ბრალი ვანო მერაბიშვილს, რომელიც 2007 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და გიგი უგულავას, რომელიც იმ დროს თბილისის მერი იყო. მერაბიშვილს, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სასამართლომ პატიმრობა ორ ცალკე საქმეზე მიუსაჯა, რომელთაგანაც ერთი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება 2011 წლის მაისის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე. უგულავა ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ფულის გათეთრების საქმეზე. მასთან დაკავშირებით რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთაგანაც ერთი ტელეკომპანია „იმედს“ უკავშირდება.

ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მოსმენის დროს, რომელიც პარასკევს საღამოს ნახევრად ცარიელ დარბაზში დაიწყო, ერთ–ერთმა პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მუდმივად უარს აცხადებდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე და პროკურატურას სხვა გზა არ რჩებოდა გარდა იმისა, რომ მისთვის დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოეთხოვა. სააკაშვილი პირველად პროკურატურაში დაკითხვაზე მარტში დაიბარეს და მას სკაიპის მეშვეობითაც შესთავაზეს კითხვებზე პასუხის გაცემა; შემდეგ იგი კვლავ დაიბარეს დაკითხვაზე, 28 ივლისს ბრალის წაყენებამდე დაახლოებით ორი დღით ადრე.

პროკურორმა განაცხადა, რომ სააკაშვილს გააჩნია როგორც ფინანსური საშუალებები, ისე გავლენა, რომ ზეწოლა მოახდინოს მოწმეებზე. მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი და სხვა ბრალდებულები იმავე საქმეზე „შეთანხმებულად“ მოქმედებდნენ იმ დანაშაულის ჩადენაში, რომელშიც მათ ბრალი ედებათ და არსებობს იმის რისკი, რომ ისინი კვლავაც განაგრძობენ კოორდინაციას ერთმანეთში, რათა გავლენა მოახდინონ ან შეეკრან მოწმეებს გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

სააკაშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ, რომელიც ადეიშვილის ადვოკატიცაა, განაცხადა, რომ მისი კლიენტების წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს, როგორც მან განაცხადა, ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გაცხადებულ მიზანს ნაციონალური მოძრაობის გადანდგურების თაობაზე. მან ასევე მოიყვანა საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებები, რომელთაც შეშფოთება გამოხატეს სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის გამო.

ადვოკატებმა ასევე განაცხადეს, რომ საქმე ძირითადად აგებულია ნინო ბურჯანაძის მიერ მოწმის სახით მიცემულ ჩვენებაზე. თუმცა ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ საქმეში ბურჯანაძის გარდა რამდენიმე პირდაპირი მოწმე არსებობს და მათ შორისაა ზაზა გოგავა, რომელიც 2007 წელს გენშტაბის უფროსი იყო. სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალეულობას შორისაა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისის ცენტრში საჯარისო შენაერთების განთავსება იმ დროს, როდესაც სპეცრაზმი საპროტესტო აქციას შლიდა.

თავის ვიდეომიმართვაში 1 აგვისტოს სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მისი სამართლებრივი დევნის უკან დგანან, უკრაინის ექს–პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებენ. მან ასევე განაცხადა, რომ სურს ჩამოყალიბდეს იურისტების ჯგუფი, რომელიც „დაადოკუმენტირებს არა მხოლოდ ბრძანების გამცემებს, არამედ ყველა მოსამართლის და პროკურორის ქმედებას“.

„ჩვენ ეს არ უნდა დაგვჭირდეს შურისძიებისთვის. მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ უკრაინაში გარკვეული ქმედებები სამართლებრივი განხორციელდა მათ მიმართ, ვინც [უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური] ლუცენკო და [ყოფილი პრემიერ–მინისტრი იულია] ტიმოშენკო და სხვები უკანონოდ დააპატიმრეს. საქართველოს მომავალში ეს მასალები გამოადგება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button