ახალი ამბები

უგულავას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში სდებენ ბრალს

თბილისის უფლებამოსილება შეჩერებული მერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე იქნა დაკავებული, განაცხადა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უგულავას დაკავებიდან დაახლოებით ექვს საათში.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უგულავას დაკავება უკავშირდება მის ჩართულობას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის სქემაში. კეზერაშვილი ძებნაშია სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს მის ექსტრადიციაზე თებერვალში უარი უთხრა.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამ სქემის ფარგლებში მხოლოდ 760 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა განხორციელდა და ეს თანხა უგულავამ ნაციონალური მოძრაობის დასაფინანსებლად გამოიყენა.

უგულავას ქვისლი, გიორგი ღონიაშვილი, რომელიც პროკურატურის თქმით, ამ სქემაში შუამავლის როლს ასრულებდა, ივნისის დასაწყისში დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

უგულავა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის მეორე ტურიც უნდა გაიმართოს თბილისსა და სხვა ოლქებში, 3 ივლისს გამთენიისას თბილისის აეროპორტში  კიევში გაფრენის წინ დააკავეს.

აეროპორტში მისვლის შემდეგ, ვიდრე მას სამართალდამცავები ხელბორკილებს დაადებდნენ, უგულავამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის მიემგზავრებოდა კიევში და 3 ივლისსვე აპირებდა თბილისში უკან დაბრუნებას, ვინაიდან მას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 4 ივლისს დილით დაკითხვაზე იბარებდა.

მისი დაკავება დაახლოებით 12 საათში მოხდა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ  არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევის თაობაზე, რათა მას ქვეყანა არ დაეტოვებინა.

ეს შუამდგომლობა პროკურატურამ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით დააყენა, რომელიც უგულავას 30 ივნისს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა დასაბუთებულად აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, მათ შორის პასპორტის ჩამორთმევის მართებულობა და მიზანშეწონილობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ  არ არსებობდა უგულავას მხრიდან „მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე,  პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე“. 

უგულავამ უკვე რამდენჯერმე დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა უკან მას შემდეგ, რაც მას 2013 წლის თებერვალში პირველად წაუყენეს ბრალი. მას რამდენიმე საქმეზე აქვს წაყენებული ბრალდებები, რაზეც სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

მას შემდეგ რაც უგულავას ხელბორკილები დაადეს, მან ჟურნალისტებს განუცხადა აეროპორტში:, „დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასდროს დავუხრი“.

ნაციონალურმა მოძრაობამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ უგულავას დაკავება მიმართულია „საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებისკენ და მთავრობის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორების გაღრმავების ნიშანია“. პარტიამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ უგულავას, როგორც "კამპანიის მენეჯერის მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია". 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ასევე სჯერა, რომ გიგი უგულავას დაკავება მოხდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებით, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თანამდებობის პირი არაა, კვლავ რჩება მთავარ გადაწყვეტილების მიმღებად საქართველოს მთავრობაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

2013 წლის თებერვალში, როცა თბილისის მერის პოსტზე იყო, უგულავას  დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ ორ დამოუკიდებელ საქმეზე  წაუყენეს ბრალდებები, რომელსაც სასამართლო იხილავს.

ამის შემდეგ, დეკემბერში უგულავას პროკურატურამ ბრალი დასდო დედაქალაქის განვითარების ფონდიდან 48.18 მლნ ლარის ოდენობით სახელმწიფო სახსრების გამოყენებაში ნაციონალური მოძრაობის სხვადასხვა ხარჯების დასაფარად 2011–2012 წლებში. ამ ბრალდების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას მერის უფლებამოსილება შეუჩერა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილების საფუძველი არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შემდეგ უგულავამ  სასამართლოს თანამდებობაზე აღდგენის თხოვნით მიმართა, თუმცა თავისი შუამდგომლობა უკან გაიტანა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button