
სადამკვირვებლო ორგანიზაციები კენჭისყრის პროცესის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ
სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც უმსხვილესი ქართული სადამკვირვებლო ჯგუფია, მისი დამკვირვებლების მიერ ადგილობრივ არჩევნებზე დღის 3 საათისთვის დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მისმა დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საარჩევნო უბნებზე აგიტაციის 4 ფაქტი, რომლის დროსაც კომისიის თავმჯდომარეებმა ამ დარღვევაზე სათანადო რეაგირება არ მოახდინეს; ასევე არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის 6 შემთხვევა; ამომრჩეველთა სიებში წინასწარ დაფიქსირებული ხელმოწერების 3 შემთხვევა; მარკირების გარეშე ხმის მიცემის 10 შემთხვევა; არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნის 8 შემთხვევა; დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 5 ფაქტი, რომლის დროსაც დამკვირვებლებს შეეზღუდათ ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება.
"სამართლიანმა არჩევნებმა", რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 1300 დამკვირვებელი ჰყავს, განაცხადა, რომ საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 31 საჩივარი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელსაც 500–მდე დამკვირვებელი ჰყავს, ასევე იტყობინება ანალოგიური დარღვევების შესახებ; თუმცა ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ „მნიშველოვანი დარღვევა დაფიქსირდა კასპის N25 უბანზე“, სადაც ამომრჩეველზე არ გაიცემოდა გამგებლის ასარჩევი ბიულეტენები, რაზეც "საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათილად ცნოს ყუთში აღმოჩენილი 27 ბიულეტენი".
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ, რომელიც ასევე აკვირდება ადგილობრივ არჩევნებს 450 მონიტორის მეშვეობით, განაცხადა, რომ ხარაგაულის რაიონის ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე სოფლის რწმუნებული ამომრჩევლებს სოციალური დახმარების დაკარგვით ემუქრებოდა, თუ ისინი ხმას არ მისცემდნენ ქართულ ოცნებას. ორგანიზაციის თქმით, მან სულ 20 სერიოზული და 15 ნაკლებად სერიოზული დარღვევა დააფიქსირა.
ყველაზე სერიოზული ინციდენტების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ეხებოდა კენჭისყრის პროცესის შეფერხებას ორ საარჩევნო უბანში. ერთ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს მარტვილის რაიონის სოფელ დოშაყეს მე–16 უბნიდან. ინციდენტი ღამის 2 საათზე მოხდა საარჩევნო უბნის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადეს, რომ გატაცებული ბიულეტენები საარჩევნო უბანთან ახლოს დალუქულ მდგომარეობაში იპოვეს, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცესი დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიწყო. მეორე ინციდენტს ზუგდიდის ოლქის ანაკლიის უბანზე ჰქონდა ადგილი. ამ უბანზე ხმის მიცემის პროცესი მას შემდეგ ჩაიშალა, რაც რამდენიმე ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომლებიც 2012 წლის იანვრიდან გაუჩინარებული ნათესავის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ, საარჩევნო ყუთი დაამტვრია და ბიულეტენები დახია. მათი თქმით, არაფერი კეთდება მათი დაკარგული ნათესავის საქმის გასახსნელად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)