ახალი ამბები

პროკურატურამ გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხა

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურამ 4 აპრილს მოწმის სახით დაკითხა.

პროკურატურის განცხადებით, ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე იქნა დაბარებული.

„საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში,  ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს“, – განაცხადა პროკურატურამ 4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ საქმეს საიდუმლო გრიფი აქვს მინიჭებული.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრჯერ განაცხადეს მანამდე, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები წინა ხელისუფლების დროს უცხოელ ლობისტებზე გაწეულ ხარჯებს იძიებდნენ; იმ დროს კონტრაქტებს ლობისტური საქმიანობების შესახებ ძირითადად ეროვნული უშიშროების საბჭო კურირებდა. ამჟამად, ამ საქმეს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაცია კურირებს. შარშან მთავრობამ გავლენიანი ლობისტური კომპანია Patton Boggs–ი დაიქირავა და 110 000 აშშ დოლარის ყოველთვიური ანაზღაურებაც დაუნიშნა.

პროკურატურაში მისულმა ბოკერიამ განუცხადა ჟურნალისტებს: "იმ ფონზე, როცა ჩემი თანაგუნდელების, მეგობრების ძალიან დიდი ნაწილი ან ციხეშია, ან ბრალი აქვს უკვე წაყენებული, ან დაკითხვაზე დაატარებენ დღე და ღამე, ცოტა უხერხულიც იყო  ასე რომ დაგვიანდა ჩემი დაბარება დაკითხვაზე".

დაახლოებით ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ ბოკერიამ პროკურატურა დატოვა და უთხრა ჟურნალისტებს, რომ ის იმ საკითხთან დაკავშირებით დაკითხეს, რომელზეც „დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი ივანიშვილი“ უკვე ამდენი ხანია ლაპარაკობს; ის წინა ხელისუფლების პირობებში ლობისტურ კომპანიებზე გაწეულ ხარჯებს გულისხმობდა. მან ასევე სინანული გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გამომძიებლებს ასეთ საკითხებზე აკარგვინებს „დროს, რესურსებს და ენერგიას“.

მანამდე 4 აპრილს ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის კამპანიის გაგრძელებაა, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების ყურადღების გადატანას ბოლოს დროს მომხდარი ორი გახმაურებული ფაქტიდან – ესენია:  მოწმე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალება და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატზე ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმა.

 

მსგავსი/Related

Back to top button