ახალი ამბები

ჟენევის მოლაპარაკებების 27–ე რაუნდი

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაწყებული ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს 26 მარტს დისკუსიების 27–ე რაუნდის შემდეგ, რომ ვითარება ადგილზე შედარებით მშვიდი და სტაბილურია.

თუმცა, ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებმა, რომლებიც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები არიან, ასევე აღნიშნეს „შეშფოთებით ღობეების და სხვა დაბრკოლებების აღმართვის განახლება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ, ასევე საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევები“.

ჟენევის დისკუსიებში საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის და ასევე სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლები არიან ჩართულები, რომელთაც ფორმალურად „მონაწილეები“ ჰქვიათ. დისკუსიები ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება, რომელთაგანაც ერთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავს.

საქართველოს მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა მოლაპარაკებების შემდეგ, რომ რუსეთის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა უკრაინაში კიდევ ერთხელ აჩვენა იმის საჭიროება, რომ რუსეთმაც გადადგას თბილისის მსგავსი ნაბიჯი, რომელმაც 2010 წელს ცალმხრივად დადო ძალის გამოუყენებლობის პირობა.

„დღეს, როდესაც რუსეთი სულ უფრო დაჟინებით ცდილობს ხელი შეუშალოს მეზობელ ქვეყნებს თავიანთი თავისუფალი საგარეო პოლიტიკური არჩევანის რეალიზებაში მათი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევის გზით, ძალის გამოუყენებლობის … ვალდებულება რუსეთის მხრიდან წარმოადგენს მინიმალურ მექანიზმს შემდგომი აგრესიის აღსაკვეთად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

რუსეთი ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღებაზე უარს აცხადებს იმ მოტივით, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს. მონაწილეები ჟენევის მოლაპარაკებებზე უკვე დიდი ხანია განიხილავენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების საკითხს. თუმცა თბილისი სკეპტიკურად არის განწყობილი ამგვარი განცხადების მიმართ და დაჟინებით ითხოვს, რომ ტექსტში მითითებული იყოს იმის საჭიროება, რომ მოსკოვმაც უნდა დადოს ძალის გამოუყენებლობის პირობა.

ზალკალიანმა განაცხადა, რომ ქართველი მონაწილეები „ძალ–ღონეს არ იშურებენ“ იმისათვის, რომ ტექსტი შეადგინონ, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ამ განცხადებამ არ უნდა ჩაანაცვლოს“ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ პირობის დადების საჭიროება.

თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების შედგენის თაობაზე სხდომა  ხელახლა იქნა მოწვეული, რომლის დროსაც „გარკვეული პროგრესი იქნა დაფიქსირებული“.

რუსეთის მთავარმა მომლაპარაკებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ შესაძლებელი გახდა „მცირე პროგრესის“ მიღწევა ტექსტის შედგენასთან დაკავშირებით, იტყობინება „იტარ–ტასსი“.

მან განაცხადა, რომ მთავარ საკითხებზე უთანხმოებები კვლავ რჩება, მათ შორის იმაზე, რომ ტექსტში ხაზი გაესვას "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არსებობას“ – ამას თბილისი ეწინააღმდეგება. კარასინმა განაცხადა, რომ ამგვარი მითითების გარეშე გაუგებარი იქნება, თუ ვინ უერთდება ერთობლივ განცხადებას.

კარასინმა განაცხადა, რომ თბილისში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ,  ჟენევის მოლაპარაკებებზე ატმოსფერო უფრო „პრაგმატული“ გახდა.

„საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები გადავიდნენ ცარიელი რიტორიკიდან და შეურაცხყოფების გაცვლიდან… პრაქტიკული საკითხების განხილვაზე“, – განაცხადა კარასინმა.    

საქართველოს მთავარმა მოლაპარაკებელმა განაცხადა, რომ ქართველმა მონაწილეებმა დააყენეს რუსეთის „პროვოკაციული ქმედებების“, მათ შორის „სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების“ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლების გასწვრივ  საფრენი აპარატების გადაფრენების საკითხები. ზალკალიანმა ამ საკითხებს შორის ასევე აღნიშნა რუსული სამხედროების მიერ სეპარატისტულ რეგიონებში ჩატარებული სამხედრო წვრთნები.

21 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ოჩამჩირის რაიონის ნაგვალოუს პოლიგონზე საარტილერიო წვრთნების დაწყების თაობაზე 400 სამხედროს მონაწილეობით და „გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარების, თვითმავალი ჰაუბიცა "აკაციის", ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის "შტურმ–S"–ის, პორტატული ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო დანადგარი „იგლას“ და ნაღმტყორცნი „სანის“ გამოყენებით. 26 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინებოდა დამატებით სხვა სამკვირიანი წვრთნების დაწყების თაობაზე  იმავე პოლიგონზე, რომელიც ასევე მოიცავს სნაიპერების წვრთნებს.

ჩვეულებრივ, ევროკავშირს ჟენევის დისკუსიებზე წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მისი სპეციალური წარმომადგენელი, მაგრამ ვინაიდან ეს პოსტი ისევ ვაკანტურია, ამჯერად ევროკავშირს შეხვედრაზე წარმოადგენდა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის მმართველი დირექტორი ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ლუის ფელიპე ფერნანდეს დე ლა პენია.

მან განაცხადა, რომ უკრაინა "ყველას ახსოვდა", თუმცა მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად დღის წესრიგზე გაამახვილეს ყურადღება.

გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის მიღწეული პროგრესი შეხვედრების განახლებაზე გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. 

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნედინგერმა განაცხადა, რომ მართალია ზოგადი ვითარება მშვიდი და სტაბილური რჩება, მაგრამ „არის სიტუაციები, როდესაც ერთი ან მეორე მხარის ქცევა შესაძლოა პროვოკაციად იყოს აღქმული მეორე მხარის მიერ“.

ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი 17–18 ივნისს გაიმართება.   

მსგავსი/Related

Back to top button