ახალი ამბები

სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანია შემოსავლების სამსახურთან დავის ფონზე საქმიანობას აჩერებს

„თი-ვი ემ-არ საქართველომ”, ერთადერთმა კომპანიამ ქვეყანაში, რომელიც სატელევიზიო რეიტინგებს ზომავს, განაცხადა 20 მარტს, რომ ის დროებით აჩერებს საქმიანობას შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული „გაუსაძლისი“ შემოწმების და იმ მოულოდნელი ტექნიკური პრობლემების გამო, რომლებიც კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზებით წარმოიქმნა.

კომპანიას „თი-ვი ემ-არ საქართველო,” რომელიც ნილსენის სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია, უკვე ერთი თვეა, რაც შემოსავლების სამსახურთან დავა აქვს, რადგანაც საგადასახადო უწყება კომპანიისგან კვლევაში მონაწილე იმ ოჯახების მისამართების გამჟღავნებას ითხოვს, სადაც კომპანიის ის მოწყობილობებია დამონტაჟებული, რომლთაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება.   

კომპანია „თი-ვი ემ-არ საქართველო” აცხადებს, რომ ე.წ. „ფიფლმეტრების“ (მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც დგინდება, თუ რომელ არხზე რას უყურებენ  და როდის) ადგილმდებარეობის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა რეიტინგების გაყალბების რისკს ქმნის.

შემოსავლების სამსახურმა კომპანიას მონაცემების მიწოდება 25 თებერვალს სთხოვა. შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ის მონაცემებს კომპანიაში მიმდინარე ინვენტარიზაციის ფარგლებში ითხოვს. ის ამტკიცებს, რომ უფლებამოსილია ამ პროცესში მოითხოვოს კომპანიის კუთვნილი ძირითადი საშუალებების, მათ შორის ადგილზე დამონტაჟებული „ფიფლმეტრების“ აღწერა.

კომპანია შიშობს, რომ კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართების მესამე მხარისთვის გამჟღავნება შეარყევს კომპანიის სანდოობას, მათ შორის მის მიერ წარმოებული რეიტინგების მიმართ.

ამ შიშებს იზიარებს კომპანიის ბევრი კლიენტი, მათ შორის 11 სატელევიზიო არხი და 18 სარეკლამო სააგენტო, ასევე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

„თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის ხელისუფლებას, კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართებზე ექნება წვდომა, ჩნდება საშიშროება, რომ ისინი შეეცდებიან კვლევის შედეგებით მანიპულირებას, რაც შეიძლება კვლევაში მონაწილე ოჯახების თვითცენზურაშიც გამოიხატოს, რის შედეგადაც ისინი კრიტიკულად განწყობილი არხების ყურებისგან თავს შეიკავებენ. აუდიტორიის კვლევების გარეშე კი, შეუძლებელია სატელევიზიო რეიტინგების ობიექტურად გაზომვა და, შესაბამისად, სარეკლამო სააგენტოებისთვის და უშუალოდ რეკლამის განმთავსებლებისთვის სანდო რეიტინგების მიწოდება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სატელევიზიო ბიზნესის ფინანსურ კოლაფსს“, – ნათქვამია ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებაში ხუთმა ტელეკომპანიამ (რუსთავი 2, მაესტრო, ტაბულა, კომედი არხი და ტვ 11) და 12–ზე მეტმა სარეკლამო სააგენტომ გააფრთხილა, რომ ამ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება ზიანს მოუტანს არა მხოლოდ სარეიტინგო კომპანიას, არამედ მის კლიენტებსაც, შეარყევს რა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარს.   ტელეკომპანია „იმედმა“ დამოუკიდებლად გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ვერ ჩაერევა კერძო კომპანიას და სახელმწიფოს შორის დავაში, თუმცა გააფრთხილა, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვა შეარყევს რეიტინგების სანდოობას და საბოლოო ჯამში, კი სატელევიზიო რეკლამის ბაზარს ქვეყანაში.

ყველა მისამართის შესახებ ინფორმაციის ხელისუფლებისთვის გაცემის შემთხვევაში, როგორც კომპანია აცხადებს, მას მოუწევს ახალი ოჯახების შერჩევა კვლევისთვის, რასაც მოყვება არა მხოლოდ დამატებითი ფინანსური ხარჯები, არამედ რამდენიმე თვით საქმიანობის შეწყვეტაც. კომპანიამ შესთავაზა შემოსავლების სამსახურს, რომ შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე არჩეული ოჯახების 5–10%–ის მისამართებს გადასცემს მას, თუმცა ხელისუფლება ამ შემოთავაზებაზე ჯერ არ დათანხმებულა.

კომპანიის კვლევაში 330 ოჯახი მონაწილეობს, სადაც „ფიფლმეტრებია“ დამონტაჟებული; 190 ოჯახი თბილისშია და 140 კიდევ ექვს ქალაქში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, ზუგდიდში და ფოთში.

20 მარტის განცხადებაში „თი-ვი ემ-არ საქართველომ” განაცხადა, რომ მას ორი მიზეზის გამო უწევს დროებით საქმიანობის შეჩერება.

„პირველი – ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის გვიან ღამით დაკითხვებმა ჩვენს ოფისში, 5 და 7 პირის/გამომძიებლის მუდმივმა ყოფნამ ჩვენს ოფისში, ყველა ოთახში, დოკუმენტაციის მუდმივმა თვალიერებამ, უბრალოდ გაუსაძლისი პირობები შექმნა“, – აცხადებს კომპანია.

კომპანიის მიერ დასახელებული მეორე მიზეზი ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდება, რომლებიც, კომპანიის თქმით, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იქნა გამოწვეული.

„გუშინ, ჩვენმა ცხრა მოდემმა ათიდან შეწყვიტა ფუნქციონირება, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი მიზეზების გამო. დღეს ტესტები უჩვენებს, ჩვენი მოდემი ფუნქციონირებს გამართულად, და ტექნიკური პრობლემა ჩვენს ოფისს მიღმაა. წინასწარ, პრობლემის სრულად გააზრებისა და შესწავლის გარეშე არ გვსურს ეს პრობლემა ვინმეს დავაბრალოთ, ამიტომაც, როგორც კი გაირკვევა პრობლემის ნამდვილი შინაარსი, ამის შესახებ სრულად შეგატყობინებთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„საქმიანობას გავაგრძელებთ იმ დღიდან, როცა დასრულდება შემოსავლების სამსახურის მიერ ჩვენი კომპანიის შემოწმება იმ ფორმებით, როგორითაც ის ხორციელდება დღეს, და როცა გვექნება ფიზიკური შესაძლებლობა ჩვენს პარტნიორ ოჯახებთან განვაახლოთ ნორმალური ყოველდღიური ურთიერთობა“, – აცხადებს კომპანია.

შემოსავლების სამსახურის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, რომ კომპანიის ოფისში მიმდინარე შემოწმება ვერ გახდებოდა მისი საქმიანობის შეჩერების მიზეზი, რადგანაც აუდიტორები ამოწმებენ დოკუმენტაციას და კომპანიის თანამშრომლებს პრობლემებს არ უქმნიან.

მისი თქმით, იგი გამორიცხავს, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კომპანიის სამუშაო პროცესს აფერხებენ.

20 მარტს  „თი-ვი ემ-არ საქართველოს” დირექტორი ნინო გოგოლაძე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა წარმოქმნილი დავიდან კომპრომისული გამოსავლის მოძებნის მიზნით. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ხვალ ეცნობებათ თუ როგორი იქნება შეხვედრის შედეგი.

დავამ პოლიტიკური ელფერიც შეიძინა; ისმის ბრალდებები, რომ შემოსავლების სამსახური ოჯახების მისამართების მოპოვებას იმისთვის ცდილობს, რომ შემდგომ ხელისუფლებამ სატელევიზიო რეიტინგებით მანიპულირება მოახდინოს. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია GDS, გასართობი არხი, რომელსაც ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ბერა მართავს,  ცდილობდა მონაცემების მოპოვებას, რათა ტელეკომპანიების რეიტინგების დისკრედიტაცია და გავლენა მოეხდინა სარეკლამო ბაზარზე.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელიც ყველაზე მწვავედ აკრიტიკებს შემოსავლების სამსახურის მცდელობას, განაცხადა, რომ სარეიტინგო  კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ხელისუფლების „ბინძური თამაშია“, რომლის საბოლოო მიზანსაც მედიის განადგურება წარმოადგენს.

გვარამიამ, რომელიც 2009 წლის ბოლომდე მთავრობის წევრი იყო, განაცხადა, რომ ხელისუფლების ეს ქმედება „დიქტატურისკენ გადადმული ნაბიჯია“. მისი თქმით, ხელისუფლება ასამარებს მედიას. გვარამია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“, რომელიც რეიტინგების თანახმად, ყველაზე ყურებადი არხია, ყველაზე მეტს წააგებს რეიტინგების დამახინჯების შემთხვევაში.

18 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში სარეიტინგო კომპანიამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს არ გამოიყენონ კომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენები „პოლიტიკური განცხადებებისთვის“.

მსგავსი/Related

Back to top button