ახალი ამბები

პარლამენტში ჯერ ვერ შეათანხმეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე დადგენილების ერთობლივი პროექტი

პარლამენტის მცდელობა, რომ 5 მარტს მიეღო ერთსულოვანი დადგენილება უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით უშედეგოდ დამთავრდა, ვინაიდან ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ვერ შეთანხმდნენ ერთიან ტექსტზე, თუმცა განაცხადეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება, რათა პარლამენტის 6 მარტის სხდომაზე კვლავ მიუბრუნდნენ დადგენილების მიღების საკითხს.

უმრავლესობისა და უმცირესობის დეპუტატები მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მუშაობდნენ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაზე, თუმცა დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ შეთანხმება ვერ შედგა და კონსულტაციები უნდა გაგრძელებულიყო. მან მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა; თუმცა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ შეუთანხმებლობის ძირითადი თემა რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი იყო.

დადგენილების პროექტში, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ ცალმხრივად წარადგინა, ასახულია მოწოდება საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ იმოქმედოს რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად მისი საერთაშორისო იზოლაციის მიზნით. თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ეტაპზე უარი თქვა საკუთარი ინიციატივის განხილვის მოთხოვნაზე და ერთობლივი ტექსტის შემუშავებას დათანხმდა.

„ჩვენ დილას, სხდომის დაწყებისას ვთქვით, რომ ვიმუშავებდით და შევეცდებოდით, რომ შეჯერებული ტექსტით გამოსულიყო პარლამენტის წინაშე პოლიტიკური ჯგუფები“, – განაცხადა 5 მარტის საღამოს სხდომაზე დავით უსუფაშვილმა მას შემდეგ, რაც დადგენილების ერთიანი პროექტის მოლოდინის გამო პარლამენტმა დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ გამოაცხადა შესვენება.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო საკმაოდ ინტენსიური ნაყოფიერი მუშაობა, მე ვიტყოდი, საინტერესო მუშაობა. ყველას მინდა დიდი მადლობა მოვახსენო, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით მინდა გითხრათ, რომ ყველა საკითხი შეთანხმებული არ არის.  ამასობაში ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ პარლამენტი იყოს ერთიანი ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე“, – განაცხადა მან.

„როგორც, გითხარით, შეთანხმება არ არის მიღწეული, თუმცა საკმაოდ მცირე დისტანციაა თითქოს დარჩენილი, მაგრამ ეს უსაზღვროდ, ცხადია, ვერ გაგრძელდება. მაგრამ იმ ძალიან დიდი ინტერესიდან გამომდინარე და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მე მგონი, ჯობია კიდევ ვცადოთ შეჯერება, ოღონდ არა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. დღესვე შეიძლება გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა და მე გთავაზობთ, ხვალ 4 საათზე ჩავატაროთ პარლამენტის სხდომა, რომელზეც ამ საკითხს განვიხილავთ და სხვა საკითხსაც  და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ გარკვეულ კომპრომისამდე მისვლას, ჩემი აზრით, და თუ ვერ შევძლებთ, მაშინ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი გამოსვლის შემდეგ დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან მიხეილ მაჭავარიანმა ხანმოკლე შესვენება ითხოვა, რათა დარბაზშივე „მოვითათბიროთ თქვენ წინადადებასთან დაკავშირებით“ და იქვე ხაზი გაუსვა, რომ მათი მხრიდან „არავითარ პროცედურულ ომს“ ადგილი არ ჰქონდა.

შესვენების შემდეგ უმცირესობის პოზიცია დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა გაახმოვანა: „ძალიან სამწუხაროა ის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება არა მარტო უკრაინის უსაფრთხოებას, არამედ საქართველოს უსაფრთხოებას, უმრავლესობის მხრიდან არ იყო კონსტრუქციული პოზიცია, ჩვენი აზრით. მე მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი განსხვავება, რომელიც ეხებოდა ჩვენს შორის  პოზიციებს, ეხებოდა სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ანუ სახელმწიფო, რომელმაც განახორციელა ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ძალიან ვითხოვდით რომ ყოფილიყო…“

ამ მომენტში პარლამენტის თავმჯდომარემ მისთვის მიკროფონის გამორთვა ითხოვა იმ მოტივით, რომ რეგლამენტი არ ითვალისწინებს კენჭისყრის წინ სიტყვის მიცემას იმ საკითხზე, რომელიც კენჭსაყრელ საკითხს არ ეხება.  

„უკრაინაზე და საქართველოზე, რომ ვზრუნავთ ამიტომ გთავაზობთ გავაგრძელოთ კონსულტაცია. თორემ შეგვიძლია დღესვე მივიღოთ გადაწყვეტილება ცალმხრივი და როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, იცით“, – მიმართა უსუფაშვილმა კოლეგებს ოპოზიციიდან, „მან [მინაშვილმა] დაიწყო საუბარი იმ თემაზე, რომელიც არ იხილება ახლა. კენჭისყრა არ ტარდება ამ თემაზე. გაღელვებთ უკრაინა და საქართველო, ამიტომ მოვიქცეთ ისე, როგორც ჭირდება ამ საქმეს“.

ამის შემდეგ მან სიტყვა მისცა დეპუტატს ნაციონალური მოძრაობიდან გოკა გაბაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მინაშვილი იმის თქმას ცდილობდა, რომ ნაციონალური მოძრაობა თანახმა იყო კონსულტაციების გაგრძელებაზე. გამოსვლა მასაც შეაწყვეტინა დავით უსუფაშვილმა, თუმცა მალევე მისცა სიტყვის გაგრძელების საშუალება.

„მე მგონი, ძალიან ნერვიული ფონი იქმნება აქ, სრულიად ხელოვნურად. არაფერი სანერვიულო არ არის“, – განაგრძო გაბაშვილმა, „ვწუხვართ, რომ დღეს ვერ შევთანხმდით. იმედი გვაქვს, რომ ხვალ 4 საათამდე შევთანხმდებით. და იმედი მაქვს, რომ დათანხმდებით იმ ტექსტს, რომელიც, ჩვენი აზრით, არ არის  პრობლემა, რომ იყოს შეთანხმებული უმცირესობას და უმრავლესობას შორის,  იმიტომ რომ ეხება საქართველოს საკითხსაც, ეხება იმას, რომ რუსეთმა უნდა მიიღოს სანქციები და ეხება იმას, რომ უკრაინასთან ერთად ჩვენ მოვითხოვოთ საქართველოს დეოკუპაციაც“.

ამის შემდეგ ოპოზიციიდან გამომსვლელებს დავით უსუფაშვილმა უპასუხა: „განვმარტავ საზოგადოებისათვის – ვინაიდან კოლეგებმა დაიჟინეს,  ვინაიდან თქმა არის მნიშვნელობა და არა საქმე [ამ მომენტში მას დარბაზიდან ოპოზიციონერებმა სიტყვა შეაწყვეტინეს]…  მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქმის ძალიან მაღალი ინტერესიდან, მნიშვნელობიდან, დატვირთვიდან გამომდინარე საქართველოსთვის, უკრაინისთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მე არ გამოვიყენებ იმ ხერხს, რაც გამოყენებული იქნა… მე არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს რა არის შეუთანხმებლობის თემა და ამოცანა. მე ამასვე გირჩევთ, რომ თუ საქმის ინტერესით ვმუშაობთ, გავაგრძელოთ ამ თემაზე კონსულტაცია. და თუ თქვენ დღეს უკვე გინდათ ამ თემის გახსნა, მაშინ გახსენით, კი ბატონო; მაშინ უნდა გავხსნათ და ეს იქნება ყველაზე ცუდი“.

„ამიტომ ‘გავაგრძელოთო’ და რა ტერმინზეა შეუთანხმებლობა როდესაც თქვენ ამას პირდაპირ ეთერში ბრძანებთ, მე ეჭვი მეპარება, რომ თქვენ საქმის ინტერესიდან ბრძანებთ ამას. ამიტომ გავჩერდეთ ახლა აქ. მე ამას გთავაზობთ. და თუ გააგრძელებთ ამას, კი ბატონო, ჩვენც გავაგრძელებთ; და ჩვენ პასუხიმგებელი ვართ საქმეზე“, – მიმართა მან ოპონენტებს.

„საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც მოლაპარაკებები გრძელდება, პირდაპირ ეთერში არაა საუბარი იმაზე, რა სიტყვაა შეუთანხმებელი. ამდენი უნდა გვესმოდეს, მე მგონი. თუ არ გვესმის, ესეც თქვენი პრობლემაა“, – განუცხადა მან ოპონენტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button