ახალი ამბები

კაზრეთში გაფიცული საწარმოდან დაბინძურებული წყალი მდინარეში ჩაიღვარა



გაფიცულები 25 თებერვალს კაზრეთში მთავარი საწარმოს შესასვლელთან შეიკრიბდნენ. ოქროს და სპილენძის მომპოვებელი კომპანია RMG აცხადებს, საწარმოს შესასვლელი ბლოკირებულია და კომპანიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც არ უერთდებიან აქციას, არ ეძლევათ საშუალება შეასრულონ მათზე დაკისრებული უფლება-მოვალეობები. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ოქროს და სპილენძის მომპოვებელმა კომპანიამ RMG-მა, სადაც თანამშრომელთა ფართომასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს და რომლის ერთ–ერთ ოქროს საბადოზე გაურკვეველი ვითარებაა, 27 თებერვალს განაცხადა, რომ დაბინძურებული წყლის გარკვეული რაოდენობა მდინარე კაზრეთულაში ჩაიღვარა.

კომპანიამ დაბინძურებული წყლის ჩაღვრა თანამშრომლების გაფიცვას დააბრალა, რამაც, კომპანიის თქმით, მისი საქმიანობის პარალიზება გამოიწვია. 

„იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს საქმიანობის პარალიზება პირდაპირ კავშირშია გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებასთან, მოხდა სამწუხარო ინციდენტი. კერძოდ, რეზერვუარის გადავსებამ გამოიწვია გარკვეული რაოდენობის დაბინძურებული წყლის ავარიულად ჩაშვება მდინარე კაზრეთულაში“, – ნათქვამია RMG-ის განცხადებაში.

განცხადება არ აკონკრეტებს ინციდენტის მასშტაბებს; გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მან ადგილზე სიტუაციის შესასწავლად სპეციალური ჯგუფი გააგზავნა. კაზრეთულა მდინარე მაშავერას შენაერთია – ორივე მათგანის დაბინძურება ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი საქმიანობის გამო უკვე დიდი ხანია გარემოს დამცველების შეშფოთების წყაროს წარმოადგენს.



კომპანიის მიერ გათავისუფლებული 184 თანმშრომლიდან რამდენიმე შიმშილობს და სამსახურში აღდგენას ითხოვს. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ინციდენტამდე ერთი დღით ადრე კომპანია RMG–მ მთავრობას წერილი გაუგზავნა და წინასწარ გააფრთხილა მჟავური წყლების მდინარეში შესაძლო ჩაღვრის შესახებ გაფიცვის მიმდინარე აქციის გამო, რომელშიც, პროფკავშირების განცხადებით, დაახლოებით 300 თანამშრომელი მონაწილოეობს.

RMG–ის თანამშრომლების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე  დაბა კაზრეთში 14 თებერვალს დაიწყო.

გაფიცვები იქ 2013 წლის ნოემბრიდან დროდადრო იმართებოდა, თუმცა ბოლო და ყველაზე ფართომასშტაბიანი გაფიცვა იანვრის ბოლოს კომპანიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის საფუძველზეც 180–ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს.

გაფიცულთა ძირითად მოთხოვნებს შორისაა ხელფასების მომატება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა. 26 თებერვალს გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მას მხოლოდ დაახლოებით 40 თანამშრომლის აღდგენა შეუძლია – ეს შემოთავაზება არ მოდის შესაბამისობაში გაფიცულების მოთხოვნებთან.



ახალგაზრდები კაზრეთში გაფიცულებს ართობენ, 25 თებერვალი. ფოტო:  იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

კომპანიამ განაცხადა, რომ ის სამთო–მომპოვებელი სამუშაოების მნიშვნელოვნად შემცირების გამო  იძულებული გახდა თანამშრომლები დაეთხოვა, რადგანაც მას არ აძლევენ უფლებას, მოიპოვოს ოქრო ერთ–ერთი საბადოდან, რომელზეც მართალია ვრცელდება კომპანიის ლიცენზია, მაგრამ სადავო საკითხს წარმოადგენს სავარაუდო არქეოლოგიური ღირებულების გამო.

ეს არის საყდრისი, რომელიც, როგორც ზოგიერთი არქეოლოგი თვლის, მსოფლიოს უძველესი ოქროს საბადოა  – ამ ვარაუდს კომპანია და ზოგიერთი მკვლევარი არ ეთანხმება. 

ამ ადგილს სპეციალური სტატუსი მიენიჭა და ის 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით გახდა დაცული, თუმცა შარშან კულტურის სამინისტრომ მოუხსნა მას ეს სტატუსი იმ მოტივით, რომ საყდრისი ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების ჩამონათვალში პროცედურული დარღვევებით შევიდა.  ამ ნაბიჯს ძეგლების დამცველთა ძლიერი პროტესტი მოჰყვა.

მართალია საყდრისს კულტურული მემკვირეობის ძეგლის სტატუსი მოხსნილი აქვს, მაგრამ RMG-ს ჯერჯერობით არ აქვს საბოლოო ნებართვა ხელისუფლებისგან ღია კარიერული წესით მოპოვებისთვის, რომლის დაწყების შემთხვევაშიც, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დამცველები აცხადებენ, შეუძლებელი გახდება ამ ადგილის არქეოლოგიური შესწავლა.

RMG–მ ბოლო თვეების მანძილზე ბევრჯერ დაადანაშაულა კულტურის სამინისტრო პროცესის გაჭიანურებაში და კომპანიის გაურკვეველ ვითარებაში ჩაყენებაში.  RMG–ი განსაკუთრებით აკრიტიკებდა კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მარინე მიზანდარს, რომელიც ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა ადგილზე შემდგომი არქეოლოგიური კვლევის განხორციელებას. მიზანდარი პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა 10 თებერვალს კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის მოტივით. მიზანდარმა განაცხადა, რომ ის ძირითადად საყდრისთან დაკავშირებული დავის გამო გაათავისუფლეს. ორი კვირის თავზე ასევე გამოიცვალა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი.



კაზრეთის საწარმოს თანამშრომელი, 2014 წლის 21 იანვარი. საწარმო, დაახლოებით, 40 წლის წინ აშენდა. გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და 184 დათხოვნილი თანამშრომლის აღდგენას ითხოვენ. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

RMG–მ გააფრთხილა საქართველოს ხელისუფლება, რომ საყდრისში საქმიანობის დაწყების თაობაზე ნებართვის გაცემის შემდგომი გაჭიანურება აიძულებს კომპანიას, რომ ქვეყანა დატოვოს. საყდრისის გარეშე კომპანიისთვის ფინანსურად არამომგებიანი ხდება ქვეყანაში საქმიანობის გაგრძელება, აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელობა. 

RMG–ი ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპილენძის და ოქროს მომპოვებელ და დამამუშავებელ კომპლექსს ამუშავებს მისი ორი შვილობილი კომპანიის RMG Gold–ის და RMG Copper–ს მეშვეობით. კომპანიის თანახმად, მას დაახლოებით 3 000 თანამშრომელი ჰყავს. 2012 წელს კომპანიის ხელმძღვანელობა შეიცვალა და რუსი ინვესტორების ერთი ჯგუფიდან მეორეს ხელში გადავიდა 120 მილიონ აშშ დოლარად.    

RMG–ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ კომპანია მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებში აღდგენას, რაც გაიზრდება მისი საქმიანობის მასშტაბები; ეს კი, მათი თქმით, საყდრისთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა 27 თებერვალს, რომ საყდრისის საკითხზე ინტენსიური განხილვა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება უმოკლეს დროში იქნება მიღებული.



გაფიცულები კაზრეთში, 25 თებერვალი. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

გაფიცვა კაზრეთში, რომლის მცირერიცხოვანი მოსახლეობაც ძირითადად ადგილობრივ გადამამუშავებელ საწარმოში მუშაობიდან მიღებულ შემოსავალზეა დამოკიდებული, ყოველდღიურ საპროტესტო აქციებში გადაიზარდა, რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ მუშების ნაწილი და მათი გათავისუფლებული კოლეგები, არამედ დაბის სხვა მაცხოვრებლებიც – ეს პროცესი ადგილობრივ საჯარო სკოლაზეც გავრცელდა, სადაც სწავლა 27 თებერვალს შეწყდა.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც 27 თებერვალს კაზრეთში ჩავიდა და გაფიცულებს შეხვდა, განაცხადა, რომ სიტუაცია „საგანგაშოა“ და მოუწოდა მთავრობას, რომ ჩაერიოს და შეეცადოს მხარეებს შორის დავის მოგვარებას.

„საქსტატის“ ინფორმაციით, დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტმა საქართველოდან 2013 წელს წინა წელთან შედარებით 16.6%–ით იკლო და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 2.5% შეადგინა.

სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა და 161.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა 2013 წელს, რაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 5.6%–ია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button